ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, კედელი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან მდებარეობს, გრაფიტით მოიხატება. ჭიათურის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, 21 აგვისტოს, ჭიათურაში გრაფიტის ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა და 29 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ სკვერში 3 მხატვრის მიერ წარმოდგენილი 9 ესკიზი გამოიფინა. ნახატები თეატრთან და მაღაროელებთან ასოცირებულ თემატიკაზე გახლდათ შექმნილი. ღონისძიებას, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელი ივანე ხეთაგური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ჭიათურის მერის განცხადებით, ჭიათურისთვის გრაფიტული მხატვრობა სიახლეა და შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორია მოხატვის შედეგად გალამაზდება და გაფერადდება. მისი ინიციატივით, ეტაპობრივად სხვა ადგილებიც გალამაზდება.
„აქ არსებული სიტუაცია მართლაც არ შეეფერებოდა იმ გარემოს,რომელიც უნდა იყოს თეატრის გვერდით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქალაქი გალამაზდეს, განვითარდეს და კეთილმოეწყოს. მიხარია, რომ ეს სიახლე შემოვიტანეთ და ეტაპობრივად გავაგრძელებთ“, - განაცხადა გივი მოდებაძემ.
საუკეთესო ესკიზებს ჭიათურის მოსახლეობა თავად შეარჩევს, მათ შესაძლებლობა ექნებათ, მერიის ფოიეში 3 დღის განმავლობაში (21-23 აგვისტო) გამოფენილი ნამუშევრები დაათვალიერონ და ფავორიტი ესკიზები შეარჩიონ. გრაფიტის ფესტივალი ჭიათურაში მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით იმართება, ფესტივალის დასკვნითი საზეიმო ღონისძიება 29 აგვისტოს გაიმართება, სადაც ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდება. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ, მანამდე კი, მოსახლეობის მიერ შერჩეულ ესკიზებს 3 მხატვარი ჭავჭავაძის ქუჩაზე შერჩეულ ლოკაციაზე 5 დღის (24-29 აგვისტო) განმავლობაში დახატავს.