logo_geo
eng_logo
პოლიტიკური ნოველა - ჩიტები ჯოჯოხეთიდან
- +

22 აგვისტო. 2019. 21:04

 

 

(პოლიტიკური ნოველა. დაწერილია რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით)

 

უნგრეთი. ბუდაპეშტი. 2019 წლის ზაფხული.

 

- ალო, ზურაბ, ჩამოვედი, სად უნდა გნახო?

 

- რომელი ხარ?

 

- ნიკა ვარ, გვარამია, შე ჩემა!

 

- ააა... ჰოო... კამერით ჩამოხვედი?

 

- ჰო, აბა, ხომ მითხარი, ინტერვიუს მოგცემო?!

 

- ნიკა, ხომ არავინ აგყვა?

 

- ნუ, ეხლა, რა ვიცი, თუ არ ჩავთვლით ბიძინას, სხვა ვერავინ შევამჩნიე!

 

- ხომ იცი, ბიჭო, ყველაზე მეტად ტელეკამერებისა და თვალთვალისა მეშინია, ცუდად ვხდები... სხვა რაღაცებისაც მეშინია, მაგრამ მაგაზე მერე გეტყვი. მოკლედ, აეროპორტიდან რომ გამოხვალ, ტაქსით მარჯვნივ დაუყვები, მერე მარცხნივ გადმოუხვევ, ნახევარ კილომეტრში ორღობეს დაინახავ, ცოტა ცუდი გზაა, მაგრამ უნდა გაუძლო.

 

- ბიძინას ვუძლებ, შე ჩემა, გზას ვერ გავუძლებ?

 

- ჰოდა, ორღობე რომ ჩამთავრდება, ვაკიანზე გამოხვალ და აქვე ვარ, რა. ჰო, უკან მაინც ხშირად იყურე, არავინ აგეკიდოს.

 

- მე უკვე ყველაფერი მკიდია!

 

- მე კიდე მეშინია, ვერ გაიგე?!

 

- ეტყობა, შენ სიკვდილის შიში ჯერ არ გადაგილახავს... აი, მე შარშანწინ გადავლახე, ივანიშვილს უნდა მოვეკალი, ვერ მომკლა და ეხლა ფეხებზე მკიდია სულიც, ხორციც და ჯოჯოხეთიც!

 

ზურაბმა ტელეფონი გათიშა. უნდა მოემზადოს. ბავშვობიდანვე ვერ იტანდა ტელევიზორსა და რადიოს, გაზეთის დანახვაზეც კი ალერგია ემართებოდა, საღებავის სუნზე ისტერიკაში ვარდებოდა. სად არ ატარეს მშობლებმა, რომელ ცნობილ ექიმს არ მიმართეს, ასე და ასეა ჩვენი საქმე, ბიჭი ხელიდან გვეცლებაო, თუმცა პროფესორებმა ვერაფერი დაუდგინეს. მშობლებს მხოლოდ იმით ამშვიდებდნენ, ნუ გეშინიათ, შეიძლება ცხოვრების რაღაც ეტაპზე ხელიდან წავიდეს, მაგრამ ხელიდან არ გამოგეცლებათო. გადიოდა დრო, ზურაბი დროსთან შესაბამისი ტემპით არა, მაგრამ მაინც იზრდებოდა, ოღონდ ჩაკეტილ სივრცეში - ერთ დღეს დედამ ისიც აღმოაჩინა, რომ ბავშვს ჩიტებისაც ეშინოდა. მაშინ, როცა უბნის ბალღები ბეღურებს შურდულებით დასდევდნენ, ზურაბი "კუშეტკის" ქვეშ იმალებოდა და მთელი არსებით კანკალებდა. ისევ ატარეს ექიმებთან, ისევ ჩაუტარეს ათასნაირი გამოკვლევა, მაგრამ ამაოდ. კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა ისიც კი თქვა, ამ ბიჭს თვალ-ყური ადევნეთ, შემთხვევით ხელისუფლებაში არ მოხვდეს, თორემ ცოდვის კალოს დაატრიალებს - ადამიანები, რომლებსაც უწყინარი ფრინველების, ცხოველების, მოვლენებისა თუ ნივთების ეშინიათ, კაბინეტებში იკეტებიან და ათასნაირ ბინძურ გეგმას ადგენენო. დიახ, დიახ, სწორედაც რომ ასეაო, მიუგო ერთ-ერთმა კოლეგამ, მაგალითად, ადოლფ ჰიტლერს საკუთარი კუილისა ეშინოდაო. ისე, ძალიან საინტერესოა, ამ ბიჭსაც ხომ არ ეშინია საკუთარი კუილისაო? - იკითხა შეჭაღარავებულმა პროფესორმა. ფარულად გამოიკვლიეს, არ უნდოდათ, ოჯახისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ. აღმოჩნდა, რომ ზურაბს სუნისა კი არა, მხოლოდ ხმისა ეშინია. კვლევის შედეგი მაინც დამაიმედებელი ჩანდა, ჰიტლერის შემთხვევაში საქმე პირიქით გახლდათ, მას ხმისა კი არა, სუნისა ეშინოდა.

 

მწვანე მდელო. ორი რბილი სავარძელი. ჰორიზონტზე მოჩანს ტყე. ირგვლივ სამარისებური სიჩუმეა, არცა ფრინველნი გალობენ და არცა მხეც-ნადირნი დანავარდობენ. კადრში მხოლოდ ორნი არიან - ნიკა გვარამია და ზურაბ ადეიშვილი.

 

- ნიკა, დარწმუნებული ხარ, რომ არავინ გვითვალთვალებს? - კიდევ ერთხელ ჩაეკითხა ზურაბი.

 

- არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ მკიდია-მეთქი, უკვე გითხარი, - მიუგო ნიკამ.

 

- კარგი, დავიწყოთ... მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც იუსტიციის ყოფილ მინისტრს, როგორც ყოფილ გენერალურ პროკურორს, ნიკა.

 

- კონკრეტულად რა ცოდვებს გულისხმობ, ზურაბ?

 

- თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, პუტინს ვებრძოდი და  მეშინოდა ჩიტებისა...  გულზვიადიც ვიყავი, მაგრამ ჩემივე კუილისა მეშინოდა, ჩემი უბედურება ამჟამადაც ეგაა.

 

- აუჰ, ეგ არ ვიცოდი, ზურაბ, სწორედ ახლა უნდა გამეკუებინა.

 

- არაუშავს, გააკუე, გულზე მოგეშვება, მე მხოლოდ ჩემი კუილისა მეშინია.

 

- ოჰ, შენ გაიხარე!

 

- ჰოდა, იმას ვამბობდი... ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავის, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი, თვით ჩემს გარემოცვაში ნახევარი რუსებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი ივანიშვილს. როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, სააკაშვილიც ვერ გაამარჯვებინებს მას. თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მერაბიშვილიც ვერ უშველის, ნიკა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშრებსა და მსტოვრებს. სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები ჰარი პოტერს მეძახდნენ, ხოლო აფხაზები - თხუნელას მიწოდებდნენ. დამანელა მერაბიშვილისა და ახალაიების კინკლაობამ, ნიკა. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს დიდი თანამდებობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა. მუდამ რუსებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი თანამებრძოლები და ღორმუცელა პარლამენტარები.

 

მცირე ხანს დადუმდა ზურაბი, თვალები დახუჭა, უცნაურად დაემანჭა სახე. მკვდრისფერი დაედო.

 

- შენ რომ მერაბიშვილის ადგილზე ყოფილიყავი, გადადგებოდი? - მიახალა უცებ ნიკამ და ისევ გადაიდო ფეხი ფეხზე.

 

- კი, ალბათ გადავდგებოდი, ნიკა... სხვათა შორის, ჩემი აღლო და გუმანი მკარნახობს, შენც მალე დაგიჭერენ.

 

- არც გაატრაკო!

 

- მთლად ეგრეც არ არი ცხოვრება აწყობილი, ნიკა, ჩვენ რომ გვინდა... დედაჩემი თავს იკლავდა, ექიმი უნდა გამოხვიდეო, ერთი ხანობა ვფიქრობდი კიდეც ამ პროფესიაზე, მაგრამ სისხლის დანახვაზე გული მერეოდა, თავის ტკივილები მეწყებოდა, ამიტომ ავირჩიე ისეთი პროფესია, რომლის მეშვეობითაც სისხლი კი იღვრება, მაგრამ შენ ვერ ხედავ. აი, ეს უკვე სხვა სიამოვნებაა... თუმცა ვინ გაცადა? მოვიდა ბიძინა პუტინის დავალებით და გაგვაჩერა, შენ კი დასაჭერად დაგდევს.

 

- როგორც კი ბიძინა გადმოკვეთს წითელ ხაზს, ეგრევე ჩავიბარებ მის კაპიტულაციას!

 

- ნიკა...

 

- დიახ, მე ჩავიბარებ მის კაპიტულაციას და დავიჭერ ყველა მოსამართლეს, გამომძიებელს, პროკურორს!

 

- ნიკა...

 

- ყველას ჩავალპობ ციხეში, ვინც ბრმად ასრულებს ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანებებს!

 

- ნიკა...

 

- ნაბიჭვრები, მაგენი!

 

- ნიკა... წეღან ჩიტმა გადაიფრინა თუ მომეჩვენა?

 

- აუუუ... მე ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე ვლაპარაკობ, მამულის გადარჩენაზე ვწუხვარ და ეს კიდე ჩიტებიო!

 

- შენ არ იცი, რა ტრაგედიაა, ჩიტი რომ გადაგიფრენს და თან დაგასკლინტებს.

 

- სკლინტი კი არა, ყელამდე მძღნერში ვართ, ზურაბ, მძღნერში!

 

- რა ვქნა, მე სკლინტისა უფრო მეშინია... კიდე ნემსისა მეშინია, ბიჭო.

 

- გეუბნები, მე ჩავიბარებ ყველას კაპიტულაციას, მე გავხდები ლიდერი ამ ქვეყნის, მე ვიქნები მამა საქართველოსი, ვინც დღეს მეწინააღმდეგება, ყველას ჩავალპობ ციხეში. სექტემბრიდან ქუჩებში გამოვიყვან მილიონობით პატრიოტს, ბიძინა ივანიშვილი, რასაკვირველია, ჩაგვახშობს სისხლში, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ და მას გაასამართლებს საერთაშორისო ტრიბუნალი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. მეტსაც გეტყვი, ზურაბ, ივანიშვილი იმდენად დაუნდობელია, აუცილებლად გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, იყიდის ატომურ ბომბს და ააფეთქებს რუსთაველის გამზირზე, სადაც ამ წუთებშიც დგას ასი ათასობით ახალგაზრდა პატრიოტი!

 

- ნიკა...

 

- არავითარი ნიკა, არავითარი ზურაბი, არავითარი მიშა, როცა მამული განსაცდელშია, ყველანი ქუჩაში!

 

- ნიკა...

 

- ნაბიჭვრები, მაგენი!

 

- ნიკა... იცი, ყველაზე მეტად ახლა რა მინდა?

 

- ვიცი, შენ ეხლა ყველაზე მეტად გინდა მოხარშული სიმინდი!

 

- ვერ გამოიცანი, სახლში მინდა.

 

- დარჩენილიყავი მერე, რას გამორბოდი?!

 

- ჩიტები, ნიკა, ჩიტები... ყვარელში ძალიან ბევრი ჩიტია.

 

- კაცო, შენ ჩიტებს გამოექეცი თუ ბიძინას?

 

- მე საკუთარ თავს გამოვექეცი, ნიკა, სადაც მუდმივად ჩიტები ჭიკჭიკებენ... რაც ბიძინა მოვიდა პოლიტიკაში, უფრო მეტად აჭიკჭიკდნენ.

 

- ჰოდა, ამიტომაც ჩავიბარებ მის კაპიტულაციას!

 

- ეგ შენი საქმეა.

 

ძალზედ საინტერესო ინტერვიუ დასრულდა. კადრს მიღმა კიდევ იყო საუბარი ჩიტებზე, კუილზე, სისხლზე, შეცდომებზე და რაც მთავარია, გვარამიას თანმდევ შაკიკზე. ჰო, კიდევ ბიძინა ივანიშვილსა და კაპიტულაციაზე. ზურაბს ღონე გამოეცალა, არ იყო მიჩვეული ამდენ ლაყბობას. ბოლოს გამოტყდა, მიშა მეპატიჟება უკრაინაში და შეიძლება წავიდეო, იქაურებს უნდა დავეხმარო ქვეყნის მშენებლობაშიო, სხვა რაღა დამრჩენიაო? ნიკამ ფეხიდან ფეხი ჩამოიღო, თმა ნაზად გადაისწორა და ტრაკის ნარნარი რხევით ტაქსისკენ გაეშურა, სადაც წვერგაბურძგნული მძღოლი ელოდებოდა.

 

ინტერვიუ შედგა. თუმცა ეს არ გახლდათ ის ინტერვიუ, რომელიც ქართველ ხალხს სარევოლუციოდ ქუჩებში გამოიყვანდა. კიდევ რაღაც იყო საჭირო, კიდევ რაღაც უნდა მოეფიქრებინა ყელში მძღნერმოწოლილ გვარამიას.

 

ავტორი: გელა ზედელაშვილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner