საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიურ კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.
„თქვენი აღმატებულებავ, პრეზიდენტო ნაუსედა,
თქვენი აღმატებულობავ, პრეზიდენტო ადამკუს,
თქვენი აღმატებულებავ, მოლდოვის პრემიერ-მინისტრო,
პატივცემულო სტუმრები,
ნამდვილად დიდი პატივია, რომ ვიმყოფები აქ, უკვე მეორედ, და მაქვს შესაძლებლობა, პირადად მოგილოცოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო. მე ვიმყოფები ქვეყანაში, რომელიც არის არა მხოლოდ საქართველოს მეგობარი, არამედ ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ უამრავი საერთო რამ გვაკავშირებს. თუ გეოგრაფიულ კონტექსტში განვიხილავთ - ორი ქვეყანა, რომელიც მდებარეობს ევროპის ზღვარზე. თუმცა, თქვენ ევროპაში იმყოფებით, ჩვენ კიდევ კვლავ მის გარეთ ვართ. მაგრამ უამრავი საერთო გვაქვს:
მე-18 საუკუნის ბოლოს, ორივე ქვეყნის ძალისმიერი ინტეგრირება მოხდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, რასაც თან სდევდა რუსიფიკაციის პოლიტიკა და რამაც საბოლოოდ ჩვენი ეროვნული იდენტობის განმტკიცება და ენის დაცვა განაპირობა, აგრეთვე თავისუფლების მიმართ სიყვარული, რაზეც თქვენ ახლახან ისაუბრეთ.
ორივე ქვეყანამ დამოუკიდებლობა კვლავ 1918 წელს მოიპოვა.
ორივე ქვეყანას პირველი დემოკრატიული და ძლიერი ევროპული კონსტიტუციები გააჩნდათ, რომლებიც 1920-1922 წლებში იქნა მიღებული. საქართველოსთვის ეს ნიშნავდა ქალებისთვის ხმის მიცემის უფლებას და უფლებას თავად ყოფილიყვნენ არჩეულნი. ამდენად, ჩვენ ქართულ პირველ ეროვნულ პარლამენტში 5 ქალი წარმომადგენელი გვყავდა. რასაც ბევრი ევროპული ქვეყანა ხანგრძლივი დროის მანძილზე ელოდა. ჩვენს პირველ კონსტიტუციაში უმცირესობათა უფლებების დაცვაც იყო უზრუნველყოფილი, 2 დღეში სწორედ ამ კონსტიტუციის დღე უნდა აღინიშნოს საქართველოში. აღვნიშნავთ პირველი, ძალიან დემოკრატიული კონსტიტუციის დღეს, რასაც კიდევ უფრო დემოკრატიული კონსტიტუციების მიღება მოჰყვა.
ორივე ქვეყანამ ერთა ლიგას გაწევრიანების თაობაზე ერთდროულად მიმართა: 1922 წელს ლიეტუვა გაწევრიანდა, თუმცა სამწუხაროდ რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია ერთა ლიგის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე მოახდინა, ის ხვედრი, რომელიც თქვენც გაიზიარეთ, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ - 1940 წელს.
ასევე მსგავსია ჩვენი გზა თავისუფლებისკენ, რომელიც საბჭოთა რეჟიმის ქვეშ მიმდინარეობდა: რომელიც ენის, ეროვნული თვითმყოფადობის დაცვით დაიწყო და ეროვნული პროტესტის და მოძრაობის გამოხატვით გაგრძელდა - ბალტიის გზა, რასაც თქვენ აღნიშნავთ. ჩვენთან ეს 1989 წლის 9 აპრილს მოხდა, რომელიც სამწუხაროდ სასტიკად იქნა რეპრესირებული. პროტესტის გამოხატვის ამ ფორმებმა ჩვენი ქვეყნები 1991 წელს თავისუფლებასთან და დამოუკიდებლობის მოპოვებასთან მიიყვანა.
თუმცა, ჩვენი პარალელური გზა აქ არ სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ 13 წელზე მცირე ვადაში შეძელით ევროკავშირში გაწევრიანება. საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ამ გზას დაუყოვნებლივ დაადგა. ქვეყანამ ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 28 წლის შემდეგ, ამ გზაზე სვლა კვლავ გრძელდება.
ამისთვის მრავალი მიზეზი არსებობს. უფრო მეტად ეს განპირობებულია იმ გარემოს გამო, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით და არა იმიტომ, რომ საქართველო ძალისხმევას იშურებდა. ამის აღწერა ჩვენ არ გვჭირდება, რადგან ყველასთვის ცნობილია გარემო, რომელიც საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ კონფლიქტით დაიწყო, რაც 2008 წლის ომამდე გაგრძელდა.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს უკან ვართ, ჩვენ ვართ თავდაჯერებული, რომ თქვენი სვლებით განვაგრძობთ გზას და დარწმუნებული ვართ, რომ ევროპა მთლიანი და თავისუფალი იქნება, ხოლო საქართველო მისი ნაწილი გახდება.
რატომ ვართ ჩვენ ოპტიმისტები?
საქართველოს ისტორია ამ თავდაჯერებულობის მყარი საფუძველია. ჩვენთვის ცნობილია უამრავი თავდასხმა. თითქმის ყველა იმპერია საქართველოში შემოდიოდა და გადიოდა, ისინი საქართველოს ტერიტორიების ალტერნატიული ნაწილების დაპყრობას ახდენდნენ. მიუხედავად ამისა, საუკუნეების მანძილზე საქართველო თითქმის ყოველთვის სახელმწიფოდ გადარჩენას ახერხებდა და ამ გზას კვლავ აგრძელებს.
ქართული გამძლეობა არ არის წარსულის ნაწილი და კვლავ აქტუალური რჩება, რადგან მიუხედავად იმ კონფლიქტებისა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დაიწყო, მიუხედავად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა, მიუხედავად რუსეთის სამხედროების მიერ ორი რეგიონის ოკუპაციისა, მათ შორის ერთი, რომელიც დედაქალაქთან ძალიან ახლოს მდებარეობს, მიუხედავად სხვადასხვა ფორმით გამოხატული ზეწოლისა, საფრთხეებისა და მძევლების აყვანისა, სანქციების დაწესების გარკვეული ფორმებისა, რაც თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს საქართველოში და იმ ძალიან მძიმე ყოფისა, რომელშიც ჩვენი მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან, სადაც ქართული ენის შევიწროება მიმდინარეობს და არა მარტო ქართული ენის, არამედ აფხაზური და ოსური ენების. ეს ძალიან რთული ცხოვრება, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზთან განიცდიან, სულ ახლახან კი 17-18 აგვისტოს მოწმე გავხდით ჯგუფური გატაცებებისა, რაც შედარებით ახალი ფორმაა. მიუხედავად ამ ყველაფრისა საქართველომ უცვლელად შეძლო სვლა დემოკრატიისკენ, ეკონომიკური წინსვლისკენ და ევროპული ინტეგრაციისკენ.
ჩვენ უარი ვთქვით ოკუპაციაზე, უარი ვთქვით ზეწოლაზე, რაც საქართველოს მიმართ მიმდინარეობს. ეს არის დღევანდელობა, ეს ძალიან მტკივნეულია, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხებთან მიმართებაში ძალიან აქტიური უნდა იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ამით უნდა შემოვიფარგლოთ.
მესამე მიზეზი ოპტიმიზმისთვის არის ისტორია, ხოლო უახლესი ისტორია ევროპასთან მშვიდობიანი გზით კვლავ გაერთიანების მტკიცებულებაა - გერმანიის მოდელი, რასაც შეუძლია საქართველოს სტიმული მისცეს და მისი თავდაჯერებულობა განამტკიცოს, რომ „ყველაფერი შესაძლებელია“.
ბოლოს კი, ევროპა თავად არის ოპტიმიზმის მაგალითი: ევროპამ გაფართოების უნიკალური მოდელი ომის გარეშე შექმნა. ნებაყოფლობითი გაერთიანების გამორჩეული მაგალითი: არც ერთი ქვეყანა იყო იძულებული ევროპაში გაწევრიანებულიყო. თითოეულ ქვეყანას, რომელიც მასში გაწევრიანდა ამის გაკეთება სურდა. რაც ალბათ ერთი მაგალითია მსოფლიო ისტორიაში. არც ერთი მოსახლეობა ყოფილა იძულებით ამ გაერთიანებაში და ევროპა კვლავაც რჩება ასობით და ათასობით მოქალაქის თავისუფალი მისწრაფებებისა და შთაგონების შედეგის ერთადერთ მაგალითად. დღესაც კი, როდესაც ისინი გადაადგილდებიან, ინდივიდუალურად ცდილობენ ქვეყნის თავისუფლების, მშვიდობისა და წარმატების ნაწილი გახდნენ, რომელსაც ჩვენ, როგორც ერი, ჯერ კიდევ ვერ ვუერთდებით.
ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ გაფართოებასა და არალეგალურ მიგრაციაზე, როგორც ერთი მონეტის ორ მხარეზე. რაც უფრო მცირეა გაფართოების პერსპექტივა საზოგადოების სწრაფვა ინდივიდუალური მიგრაციისკენ, ნებისმიერ ფასად, შეიძლება იქცეს მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად. და კვლავ, ევროპის მიმზიდველობა თავად მასში და მისი მეზობელი ქვეყნების ღირებულებებში მდებარეობს და ეს ის მაჩვენებელია, რაც ევროპელებს თავად ავიწყდებათ - წარმატების მაჩვენებელი.
ამავდროულად, ოპტიმიზმი აზრს კარგავს რეალიზმის გარკვეული ხარისხის გარეშე.
საქართველოს გზა შენელებულია და შეშფოთების მიზეზები ჩნდება როდესაც ბოლო პერიოდში ევროპაში მიმდინარე ცვლილებებს ვადევნებთ თვალს: იქნება ეს სკეპტიციზმისა და პოპულიზმის სხვადასხვა გამოვლინება, გაფართოებისადმი საწინააღმდეგო დამოკიდებულება თუ „ბრექსითი“ - ვგულისხმობ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანას ევროპის დატოვება სურს.
ეს ყოველივე შესაძლოა ჩანდეს, რომ ევროპა თავის ბუნებასა და არსს უარყოფს იმ მახასიათებლებზე უარის თქმით, რომლებიც მისთვის განმსაზღვრელია: დემოკრატია, ტოლერანტობა, პლურალიზმი, და რაც ყველაზე მთავარია - ღიაობა. ჩაკეტილი, გამკაცრებული საზღვრებით დაცული ევროპა, რომელიც მეზობელი სახელმწიფოების მიმართ არ არის სტუმართმოყვარე შესაძლებელია არაევროპული მიმართულებით მიემართებოდეს, რომელსაც შეეძლო იმ ინსტიტუტებისა და პრინციპების განადგურება, რომელზეც ევროპა დაფუძნდა. ზოგიერთი ცდილობს ევროპული წყობის გაუქმებას, როგორც შიგნიდან, ასევე გარე მხრიდან.
ჩვენ გვმართებს ყურადღებით ყოფნა და შეშფოთება ამ ცვლილებებზე. თუმცა, ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპას და ევროპულ წინსვლას არ აქვს ალტერნატივა. ევროპას - მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს რომელიმე ევროპული ქვეყანა ან მისი მოქალაქე - არ შეუძლია შეჩერდეს ან კონცენტრირდეს მხოლოდ შიდა საკითხებზე. საკმარისია, მხოლოდ წარმოვიდგინოთ, თუ რა მოხდება მსოფლიოში ევროპული აღმშენებლობის გარეშე, ევროკავშირის გარეშე. მოდით, მხოლოდ დავხუჭოთ თვალები და წარმოვიდგინოთ, რა იქნება და ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა შევშინდებით ამით.
და თუ ვიკითხავთ იმას, შეძლებს თუ არა ევროპა, როდისმე იყოს ერთიანი? ან რას ნიშნავს ეს? ვფიქრობ, რომ პასუხი არის არა, რადგან იმისთვის, რომ განვმარტოთ, თუ რა არის ერთიანი ევროპა, საბოლოოდ უნდა შევთანხმდეთ მანამდე არსებულ საზღვრებზე: ბუნებრივი, გეოგრაფიული და არ ვიცი, კიდევ რა კრიტერიუმით შეიძლება ამის განსაზღვრა. სინამდვილეში კი, ევროპის ერთადერთი საზღვრებია თავისუფლება, დემოკრატია, საერთო ღირებულებები, ძლიერი ინსტიტუციები, საერთო პრინციპები და თანაბარი სტანდარტები. ამ თვალსაზრისით, საქართველო ტოლერანტობის ხანგრძლივი ისტორიით, მისი დემოკრატიული განვითარებისკენ სწრაფვით, მისი კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებით და ინტეგრაციით კიდევ უფრო უახლოვდება ევროპას - მაშინ როდესაც შავი ზღვა აღარ არის საზღვარი ორ სამყაროს შორის, ნელა, თუმცა დინამიურად ევროპის ხიდი და სატრანსპორტო ჰაბი ხდება: კონტინენტურ ევროპასა და კავკასიას შორის.
ამ თვალსაზრისით, სრულყოფილება ხაფანგია, რადგან ის ყველაფერს კი ან არას ჭრილში სვამს: გაფართოება თუ მასზე უარის თქმა? წევრობა თუ არა? მასში შესვლა თუ მისი დატოვება... მე მჯერა, რომ ევროპის მომავალი იქნება უფრო მეტად პლურალისტური, ვიდრე ეს ვიხილეთ ევროპის განვითარების საწყის ეტაპზე: გამომდინარე იქიდან, რომ ალტერნატივა არ არსებობს, თუმცა გაფართოებისკენ მიმავალი პირდაპირი გზა დროებით დაბლოკილი ჩანს, რადგან ევროპა, როგორც ჩანს, უფრო მეტად მის შიდა პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა სხვაგვარად ფიქრია საჭირო - ჩარჩოებს მიღმა - რათა მოხდეს მზაობა ინოვაციური მიდგომებისა და თამამი ნაბიჯებისთვის.
ამდენად, საქართველოს გზა უფრო ჰეტერედოქსულია; ჩვენ ყველა კარში უნდა შევაბიჯოთ, ყველაფერი გამოვცადოთ, მათ შორის სვლები, რომლებიც წიგნში არ წერია, როგორიცაა ფორმალური სტატუსის მინიჭების გარეშე გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება: სტატუსის მიღების მცდელობის გარეშე, თუმცა ვეცადოთ მივიღოთ ის, რაც ევროპაში რეალურია - ყველა სექტორში, რისთვისაც ჩვენ უკვე მზად ვართ გავწევრიანდეთ, იქნება ეს კულტურა, განათლება, სოციალური სფერო, ტრანსპორტი თუ ეკონომიკის სფეროები. ამ ეტაპზე, მოვახდინოთ ინტეგრაცია ყველა სფეროში გარდა ინსტიტუციებისა, რაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების, ხმის მიცემისა და ევროკავშირის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პოლიტიკურ ნაწილში ჩართულობის უფლებებს. ეს ალბათ ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე ნამდვილ, სრულყოფილ ევროპელებად გარდაქმნა.
დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანია, ის რომ განვაგრძოთ გზა, პროგრესი აღვნიშნოთ და პარალიზება თავიდან ავიცილოთ, რომელმაც შესაძლოა იმედგაცრუებამდე მიგვიყვანოს. და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ევროკავშირისგან მხარდაჭერის თამამი ნაბიჯები გვჭირდება: ფინანსური მხარდაჭერის გაძლიერება, რაც რეფორმების ყველაზე რთული ნაწილია, რომელშიც ახლა შევაბიჯებთ. პოლიტიკური მხარდაჭერა, უკანონო ბოდერიზაციის საკითხებისა და ჩვენ რთულ მეზობელთან ურთიერთობების ჩათვლით, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული; გვქონდეს პირდაპირი ურთიერთობების უწყვეტი მხარდაჭერა და არ იფიქროთ „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის“ კომისრის თანამდებობის გაუქმებაზე, როგორც ინფორმაცია ვრცელდება.
შესაძლებელია ევროპა იყოს ერთიანი და თავისუფალი, შესაძლებელია ერთიანი ევროპა იყოს თავისუფალი?
შემთხვევითობა არ არის, რომ 23 აგვისტო, ბალტიის გზის დღესასწაულთან ერთად ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. ტოტალიტარიზმი ევროპულ ნიადაგზე აღმოცენდა და ეს მაშინ მოხდა, როდესაც ევროპა შიგნიდან ჩაიკეტა, როდესაც დაივიწყა საკუთარი ღირებულებები, უარი თქვა საკუთარ პრინციპებზე, როდესაც მას სიძულვილი, დაყოფა და დისკრიმინაცია მართავდა, თუმცა, ტოტალიტარიზმი საბოლოოდ ევროპული აღმშენებლობით დამარცხდა.
დღესდღეობით უკანონო ბორდერიზაციის, ტერიტორიების ოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის უგულვებელყოფის, მოქალაქეთა თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის, ოჯახებისა და სოფლების გამიჯვნის ფაქტები რუსეთს აშკარა წინააღმდეგობაში აყენებს იმ პრინციპებთან მიმართებაში, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს უდევს საფუძვლად და უფრო მეტიც ევროპულ ურთიერთობებს: საერთაშორისო სამართლის პატივისცემას, ადამიანის უფლებათა პატივისცემას, გადაადგილების თავისუფლებას...
ამდენად, ჩვენ პარტნიორების მხარდაჭერა, ჩვენი ლიეტუველი და ბალტიელი მეგობრების მხარდაჭერა გვჭირდება, რათა მათთან მოლაპარაკებების ფორმატი განვაახლოთ, რამაც პოლიტიკური მნიშვნელობა უნდა შეიძინოს; ჟენევაში მხოლოდ წასვლით და უკან დაბრუნებით, არ უნდა დავკმაყოფილდეთ.
პარტნიორების მხარდაჭერა გვჭირდება, რათა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა უფრო მეტად ეფექტური გახდეს. პარტნიორების მხარდაჭერა გვჭირდება, რათა კონფლიქტი და ოკუპაცია დავძლიოთ და ბორდერიზაციის ფაქტებს თვალი მხოლოდ ახლოდან და შორიდან არ უნდა ვადევნოთ, რაც ვითარებას არ ცვლის. დაუსრულებელი სტატუს-კვო უნდა დამთავრდეს, რომელიც არის მიუღებელი და აღშფოთება, რაც 20 ივნისს თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, არის სპონტანური იმედგაცრუების შედეგი, რომელიც ხდება მოსახლეობაში, რადგან მოსახლეობა ცვლილებას ადგილზე ვერ ხედავს. მიუღებელი ვითარება კვლავ შეუცვლელია.
ეს არც გრძელვადიან სტაბილურობას უწყობს ხელს და საბოლოოდ არავის მოუტანს სარგებელს - მათ შორის არც რუსეთს. ჩვენ გვჭირდება ევროპა და ევროპელი ლიდერები, რათა მათ დაარწმუნონ რუსეთი უარი თქვან ძალის გამოყენებაზე და მუქარაზე. მის მიერ აღებული ვალდებულებები შეასრულონ და კანონების საფუძველზე იმოქმედოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა მეზობელთან ურთიერთობების დროს - ამ მხრივ, უკრაინა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მეზობელს წარმოადგენს.
საქართველოსთვის მთლიანი და თავისუფალი ევროპის ნაწილად ყოფნა ევროპის შემადგენლობაში კვლავ გაერთიანებულ ერად და არა როგორც გაყოფილ ერად დამკვიდრებას ნიშნავს. საქართველოსთვის თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ნაწილად ყოფნა კონფლიქტების მოგვარებას გულისხმობს, რაც აშკარად წარსულის კუთვნილებაა.
მეტი ევროპა საქართველოში და კავკასიაში ნიშნავს ევროპული რეცეპტების იმპორტს ხანგრძლივი მშვიდობისათვის. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, თქვენი ერთიანობა, თქვენი ერთგულება თავისუფლების მიმართ, თქვენი გამბედაობა, რათა იპოვოთ გამოსავალი, რომელიც ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებთან იქნება თანხვედრაში. ჩვენ გვჭირდება შიდა კონსენსუსი და ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს, ახლო მომავალში შევძლებთ ვთქვათ, რომ არა მხოლოდ ბალტიის გზა არის სწორი გზა მომავლისთვის, არამედ საქართველოს კავკასიის გზაც არის სწორი გზა მომავლისთვის, ევროპის მომავლისათვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.