logo_geo
eng_logo
ქართველი და ჩეხი სპელეოლოგები მელოურისა და ბღერის მღვიმეებს იკვლევენ
- +

23 აგვისტო. 2019. 13:22

 

 

ქართველი და ჩეხი სპელეოლოგები საქართველოს დაცული ტერიტორიების ორ ბუნების ძეგლს - მელოურისა და ბღერის მღვიმეებს იკვლევენ.

 

კვლევითი სამუშაოების ამ ეტაპზე მოხდება მღვიმეების აგეგმვა და ტოპოგრაფიული გეგმებისა და ჭრილების შექმნა. ექსპედიციის მონაწილეები ახალი დარბაზების ძიებასაც განაგრძობენ. მელოურის მღვიმეში ამ დრომდე უცნობი ნაღვენთი ფორმების 300-მეტრიანი გალერეა აღმოაჩინეს.

 

ბღერის მღვიმეში 1986 წლის შემდეგ ექსპედიცია არ ჩატარებულა. ექსპედიციის წევრებმა დაასუფთავეს მღვიმის შესასვლელი და გაწმინდეს მდინარის მიერ მიტანილი ხის მორებისა და ქვიშისგან.

 

მელოურისა და ბღერის ბუნების ძეგლებს იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მართავს.  ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლი წარმოადგენს 1700 მ სიგრძისა და 14 000 მ2 ფართობის მღვიმეს, რომელიც გამომუშავებულია მდ. ბღერისწყლის მიერ ქვედაცარცული ასაკის თხელ და საშუალო შრეებრივ კირქვებში.

 

მელოურის მღვიმე თავისი მასშტაბებით საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მღვიმეა. ჩასასვლელი 8-10 მეტრის სიღრმის ჩაქცევითი ძაბრის ფსკერზე იხსნება და გიგანტური კირქვის ნაზვავ ლოდებში 15 მ სიღრმემდე ეშვება. მღვიმეში ვრცელი დარბაზებია, რომელთა ბოლოს რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზე წარმოქმნილია კანიონისებური ხეობა, სადაც გაედინება მუდმივი ნაკადი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner