„ბელარუსი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ეს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე დადასტურდა“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებას და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შემდგომი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების გზებზე.
„ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არ არსებობს პრობლემური საკითხები, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ყოველი წლით იზრდება და არსებული დინამიკაც მიანიშნებს იმაზე, რომ მიმდინარე წელიც იქნება უაღრესად პოზიტიური სავაჭრო ურთიერთობებში“, -აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით, დადებითი ტენდენციაა ბელორუსის მხრიდან ტურისტების რაოდენობის ზრდის მიმართულებით და ამ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების თვალსაზრისით განხილულ იქნა დამატებითი პირდაპირი ავიაფრენების შესაძლებლობა.
„საქართველოში, რომელიც ისედაც პოპულარული ტურისტული მიმართულებაა ბელორუსი საზოგადოებისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა“, - აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დღეს დაიწყო. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე იმყოფებიან.