„იმ ფონზე, როდესაც ასობით ათასი ადამიანია გამოდევნილი აფხაზეთში ჩატარებული ეთნიკური წმენდის შედეგად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
როგორც კონსტანტინიდმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საოკუპაციო ძალის უკანონობის ფონზე ვერც ე.წ. არჩევნების სამართლებრივ შედეგებზეც ისაუბრებს.
„იმ ფონზე, როდესაც ასობით ათასი ადამიანია გამოდევნილი აფხაზეთში ჩატარებული ეთნიკური წმენდის შედეგად და ისინი იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცნენ, ბუნებრივია, ამ „არჩევნებს“ ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება და სამართლებრივ შედეგებზეც ვერ ვისაუბრებთ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საოკუპაციო ძალა ადგილზე ახორციელებს კონტროლს და ფაქტიურად შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს. ამ უკანონობის ფონზე, ამ „არჩევნებს“ ვერანაირი შედეგი ვერ ექნება, მიუხედავად ზატულინის განცხადებისა“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოლოდინი აქვს, საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ე.წ. არჩევნებსაც დაგმობს.
„საგარეო უწყებას არაერთხელ დაუყენებია ეს საკითხები და პრევენციულ რეჟიმშიც სვამს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რაზეც გვაქვს მოლოდინი, რომ სერიოზული განცხადებები გაკეთდება. იცით, საერთაშორისო მიდგომა იქ მიმდინარე უკანონობაზე, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი ივლისში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე ცხინვალის რეგიონში, რაც თანამეგობრობამ ერთხმად დაგმო და არალეგიტიმურად ცნო ეს ე.წ. არჩევნები“, - განაცხადა კონსტანტინიდმა.
ცნობისთვის, რუსეთის დუმის დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინმა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება, განაცხადა, რომ არჩევნები აფხაზი ხალხის საშინაო საქმეა და მოსკოვი მის ნებისმიერ არჩევანს პატივს სცემს. დუმის დეპუტატმა პოლიტიკურ ძალებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აფხაზეთში მიმდინარე არჩევნები დესტაბილიზაციის საბაბად არ უნდა იქცეს.
მანვე აღნიშნა, რომ არჩევნების განმავლობაში დამკვირვებლებს სერიოზული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ. ზატულინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დიდი ალბათობით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.