logo_geo
eng_logo
ქობულეთში მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის თემაზე სასწავლო კურსი ჩატარდა
- +

26 აგვისტო. 2019. 20:03

 

 

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქობულეთში, ქართულ-ნორვეგიული ერთობლივი პროექტის -„სოციალური დიალოგის მექანიზმების გაძლიერება-პარტნიორობა ყველა დონეზე“ -ფარგლებში, სასწავლო კურსი ჩატარდა.

 

შეხვედრაში, დამსაქმებელი კომპანიის – შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატისა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც, ასევე, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრებმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თბილისის ოფისის წარმომადგენელმა კინან ბაჰნასიმ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

 

შეხვედრაზე ჭიათურასა და ზესტაფონში დასაქმებულთათვის არსებული ყველა აქტუალური პრობლემა, ასევე, კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.

 

„ჩვენი მიზანია, პარტნიორობის წახალისება და გაძლიერება როგორც საწარმოს, ისე დარგობრივ და ეროვნულ დონეზე. სასურველია, რომ შრომით საკითხებზე დღეს არსებული ანტაგონისტური დამოკიდებულება განეიტრალდეს და ჯანსაღ პარტნიორობას დაემყაროს. მხარეები ვთანხმდებით, რომ ნებისმიერ საწარმოში სტაბილურობა და მშვიდობა მყარ სამუშაო ადგილებს განაპირობებს. ასეთ დროს შრომითი პირობების გაუმჯობესების მეტი პერსპექტივა არსებობს, ვიდრე, თუნდაც, მუდმივი დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე. ამას ყველა მხარე ვათვითცნობიერებთ. ამიტომ ასეთი ფორმატის შეხვედრები უმნიშვნელოვანესია“,- აღნიშნა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა თამაზ დოლაბერიძემ.

 

მსგავსი ტიპის შეხვედრები შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ შესაძლებლობას აძლევს, თავის საწარმოო პროცესში, შრომითი პირობებისა და უფლებების შესახებ არსებული სიტუაციის შესახებ პროექტში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციის და პროფკავშირების რეკომენდაციები მოისმინოს. ღონისძიებაზე სწორედ მათი გამოცდილებების გაცნობა და აზრთა გაზიარება მოხდა.

 

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებმა კომპანიის წინაშე არსებული ახალი გამოწვევების შესახებ ღონისძიების მონაწილეებს საკუთარი ხედვა გაუზიარეს.

 

შეხვედრა გლობალური პროფკავშირის „Industriall Global Union“-ის მხარდაჭერით გაიმართა, რომელიც ნორვეგიულმა პროფკავშირულმა ორგანიზაცია – „Industri Energi“-მ დააფინანსა.

 

პროექტით გათვალისწინებული შემდეგი აქტივობა – ,,მრგვალი მაგიდა“ 16-17 სექტემბერს გაიმართება და მასში, პროფკავშირული ორგანიზაციებისა და შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელების გარდა, მონაწილეობას დამსაქმებელთა ასოციაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიღებენ.

 

ღონისძიება ნორვეგიული პროფკავშირის „Industri Energi“-ს საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის, ოლე-კრისტიან პაულსენის მოდერატორობით წარიმართება.

 

აღნიშნული აქტივობის მიზანია, სოციალურ პარტნიორებს შორის დარგობრივი სატარიფო შეთანხმების დადების შესაძლებლობის მოსინჯვა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner