„უფრო მეტად მხარჯველი ტურისტები გვინდა“, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ტურიზმის განვითარების სტრატეგიის თანახმად, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6,6 მილიარდ ამერიკულ დოლარს უნდა შეადგენდეს. გავზარდოთ საშუალო დანახარჯი ერთ ტურისტზე და ის 600 დოლარი უნდა გახდეს, რაც მეტი მომსახურებისა და ხანგრძლივობის გაზრდას ნიშნავს. ახლა ტურიზმის საქართველოში დარჩენის საშუალო ხანგრძლივობა 4,2 ღამეა, რაც უნდა გაიზარდოს 5 დღემდე. 2025 წელს 11 მილიონ ტურისტს უნდა ვუმასპინძლოთ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მას ასევე ყურადღება გაამახვილა ტურიზმის ერთ-ერთ მიმართულებაზე, რომელსაც „საქმიანი ტურიზმი“ ქვია. ქვრივიშვილის თქმით, ეს არის ყველაზე ძვირადღირებული სფერო, რისი განვითარებაც სასურველია.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ სფეროში შემოსავლების ზრდა ახალი ბაზრების ათვისებასთანაცაა დაკავშირებული. მისი თქმით, მხოლოდ მეზობელი ქვეყნებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული სტატისტიკის თანახმად კი, ყველაზე მხარჯველი ტურისტები არიან ევროკავშირის, აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, როგორიცაა იაპონია, ჩინეთი, კორეა.
შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი, მხარისა და ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებიან.