ქალაქ ლანჩხუთში, 700-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება. შემოდგომიდან, ადგილობრივი მოსახლეობა სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოქტომბერში დაასრულებს.
ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა ადგილზე გაეცნო.
წყალმომარაგების სისტემების არარსებობის გამო, რამდენიმე ქუჩის მოსახლეობა ათეული წლებია ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით ვერ სარგებლობდა.
სამუშაოები ითვალისწინებს 1 კმ-მდე მაგისტრალური მილსადენისა და 14 კმ გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას, ასევე აბონენტების ინდივიდუალურად გამრიცხველიანებას. ახალი სისტემის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ლანჩხუთში მცხოვრები ასეულობით ოჯახი, 24-საათიან წყალმომარაგებაზე პირველად გადავა.
პროექტის განხორციელებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,147 000 ლარი მოხმარდება.