logo_geo
eng_logo
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ სერგეი მაგნიტსკის უფლებების დარღვევა დაადასტურა და სახელმწიფოს 34 ათასი ევროს გადახდა დააკისრა
- +

28 აგვისტო. 2019. 14:50

 

 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ბრიტანული საინვესტიციო ფონდის „Hermitage Capital“-ის იურისტის სერგეი მაგნიტსკის უფლებები. მაგნიტსკი საგამოძიებიო იზოლატორში „მატროსსკაია ტიშინა“ 2009 წელს გარდაიცვალა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა მის ოჯახს 34 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ სერგეი მაგნიტსკი საგამოძიებო იზოლატორში არასაკმარისი სამედიცინო დახმარების გამო გარდაიცვალა. კონკრეტულად, მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლი: წამების აკრძალვა (წამებას გაუთანაბრეს იზოლატორში მისი მოთავსების პირობები); თავისუფლების და პირადი ხელშეუხებლობის უფლება; ციხის ზედამხედველების მხრიდან სასტიკი მოპყრობა და მათ მიმართ ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობა; სიცოცხლის უფლება (მაგნიტსკის სიცოცხლის უფლების დაცვაში და მისი სიკვდილის გარემოებების ეფექტური გამოძიების ჩატარებაში ხელისუფლების უუნარობა); სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

 

სტრასბურგის სასამართლომ სერგეი მაგნიტსკის დაკავებისა და იზოლატორში ყოფნის ვადასთან მიმართებაში დარღვევა ვერ აღმოაჩინა და განმცხადებლების სარჩელი არ დააკმაყოფილა. მაგნიტსკის ქვრივის ადვოკატმა განაცხადა, რომ მთლიანობაში კმაყოფილია ამ გადაწყვეტილებით, თუმცა მას ბოლომდე მაინც არ ეთანხმება, ის კვლავ მიიჩნევს, რომ მაგნიტსკის დაკავება უკანონო იყო.

 

პირველი სარჩელი სტრასბურგში, სერგეი მაგნიტსკიმ გაგზავნა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ საქმეში მისი დედა და მეუღლე ჩაერთნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner