სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ანთაძის განცხადებით, სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის სტანდარტული პოსტი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული, რაც შეეხება საოკუპაციო ძალებს, ისინი საოკუპაციო ხაზს მიღმა დგანან.
ამის შესახებ ანთაძემ ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის მორიგი შეხვედრის ჩაშლის შემდეგ განაცხადა.
„სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის სტანდარტული პოსტი განთავსებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მის სიღრმეში. რაც შეეხება საოკუპაციო ძალებს, ისინი დგანან საოკუპაციო ხაზს მიღმა. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ საოკუპაციო ხაზის ცნება არის პირობითი ცნება. ამით განისაზღვრება ტერიტორია, სადაც ჩვენ ვახორციელებთ კონტროლს და ტერიტორია, სადაც დროებით არ ვრცელდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია. მაგრამ ეს არის მხოლოდ დროებითი“, - განაცხადა ანთაძემ.