ავტორი თეა ფირცხალავა
„...Как спорили тогда — ты ангел или птица,
Соломинкой тебя назвал поэт,
Равно на всех сквозь черные ресницы
Дарьяльских глаз струился нежный свет.“
ეს საოცარი სიტყვები ერთმა გენიალურმა ქალბატონმა - ანა ახმატოვამ მეორე გენიალურ ქალბატონს - სალომეა ანდრონიკაშვილს მიუძღვნა, რომელსაც „ვერცხლის საუკუნის“ მუზას უწოდებენ. სალომე იყო თავად ნიკოლოზ ანდრონიკაშვილის ქალიშვილი და მარიამ და იასე ანდრონიკაშვილების უფროსი და.
სალომე ანდრონიკაშვილი დაიბადა თბილისში, 1888 წელს. წყაროებში იწერება, რომ ნათლობის სახელი მას წმ. სალომე უჯარმელის პატივსაცემად დაარქვეს. 1906 წელს სალომე გადავიდა სანქტ-პეტერბურგში და მის სახლში, რომელიც თანდათანობით ნამდვილ სახელოვნებო სალონად იქცა, თავს იყრიდნენ იმ დროის სახელოვანი მწერლები, პოეტები, მსახიობები და შემოქმედებითი წრეების ცნობილი წარმომადგენლები, მათ შორის გენრიხ ნეიჰაუზი, სერგეი პროკოფიევი, ვასილი შუხაევი და მრავალი სხვა, რომლებიც, უკვე სალომეად წოდებული სალომეს ნიჭითა და სილამაზით აღფრთოვანებულნი, ლექსებს, პოემებს, მოგონებებს, წერილებს, პროზაულ ნაწარმოებებსა და ფერწერულ ტილოებს უძღვნიდნენ მას.
не писательница, не поэтесса, не актриса, не балерина и не певица-ო, ამბობდნენ მასზე და მაინც მისი სალონისკენ მიიჩქაროდნენ, რომ კიდევ ერთხელ დამტკბარიყვნენ სალომეას სილამაზითა და გონიერებით, შარმითა და გემოვნებით, ენამახვილობითა და იუმორით... მერე კი მუზებით აფორიაქებულებს, სულ ახალი და ახალი შედევრები შეექმნათ. ავტორებს შორის იყვნენ ანა ახმატოვა, ოსიპ მანდელშტამი, ალექსანდრ ბლოკი, გრიგოლ რობაქიძე,... მათ სალომეას მოფერებით სალომინკა შეარქვეს და ბევრ ნაწარმოებში იგი სწორედ იმ სახელით არის მოხსენიებული:
„...В моей крови живет декабрьская Лигейя
Чья в саркофаге спит блаженная любовь.
А та, соломинка — быть может, Саломея —
Убита жалостью и не вернется вновь!“, - წერდა უზომოდ შეყვარებული ოსიპ მანდელშტამი სალომეასადმი მიძღვნილ მის ერთ-ერთ საუკეთესო ლექსში „სალომინკა“...
მანდელშტამს არც ალექსანდრ ბლოკი ჩამორჩა და...
„...Всегда без спутников, одна,
Дыша духами и туманами,
Она садится у окна.
И веют древними поверьями
Ее упругие шелка,
И шляпа с траурными перьями...“
განსაკუთრებით მომეწონა გრიგოლ რობაქიძის ლექსი „ოფორტი“, რომელშიც „დიდი კაცი“ სალომეას ასე მოიხსენიებს:
„...Горит тигрица Саломея
В садах, у дикого куста,
Зовя любовь, янтарно млея
Целует мертвые уста.”
1917 წელს სალომეა ანდრონიკაშვილი თბილისში დაბრუნდა და დაიწყო ლიტერატურულ-პოეტური ჟურნალის „ორიონის“ გამოცემა. სწორედ მაშინ გაიცნო მან საველი სორინი, სერგეი სუდეიკინი და მისი მეუღლე ვერა ბოსსე, რომელიც, მოგვიანებით, იგორ სტრავინსკის ცოლი გახდა.
1920 წელს სალომეა ანდრონიკაშვილი გადავიდა პარიზში, სადაც დაუახლოვდა მრავალ შემოქმედს, მათ შორის მარინა ცვეტაევას და მათ შორის დიდხანს გრძელდებოდა ეპისტოლარული ურთიერთობა. პარიზზე გამახსენდა და ბარემ აქვე გეტყვით, რომ ცნობილმა მწერალმა და მხატვარმა ილია ზდანევიჩმა, რომელიც ახალგაზრდობაში სალომეაში იყო შეყვარებული, ასეთი ლექსი უძღვნა ქართულ მშვენებას:
„На улице парижской Колизея
Жила годов пятнадцать Саломея.
Порядок домовой 4 дважды,
Прохожий, снимите шляпу каждый.
1940 წელს სალომეა ანდრონიკაშვილი გადავიდა ნიუ-იორკში, ხოლო 1945 წელს, მეორე მეუღლესთან, ალექსანდრ გალპერნთან ერთად დასახლდა ლონდონში, სადაც ძირითადად საქველმოქმედო საქმიანობით იყო დაკავებული. 1953 წელს მან გამოსცა წიგნი ფრანგული სამზარეულოს შესახებ, რომელშიც ორი ქართული კერძის რეცეპტიც შეიტანა.
94 წლის სალომეა ანდრონიკაშვილი გარდაიცვალა 1982 წელს. სხეულის კრემირების შემდეგ ქართული ლეგენდის ფერფლი ლონდონის სასაფლაოს კვიპაროსებზე მიმოფანტეს.
თუ დააკვირდით, დღეს თითქმის არაფერი მითქვამს სალომეა ანდრონიკაშვილის მეუღლესა და ქალიშვილზე და მხოლოდ მისადმი მიძღვნილი ლექსები გაგაცანით. ახლა კი წარმოგიდგენთ ცნობილი მხატვრების მიერ შექმნილ სალომეა ანდრონიკაშვილის შედევრალურ პორტრეტებს, რომელთა შორის იხილავთ კუზმა პეტროვ-ვოდკინის, ვასილი შუხაევის, ბორის გრიგორიევის, ზინაიდა სერებრიაკოვას და ალექსანდრ იაკოვლევის რამდენიმე შედევრალურ ნამუშევარს.
სალომეას მრავალი პორტრეტი „სოთბის“ აუქციონზე გაიყიდა, ბევრი კი ცნობილ მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული, მათ შორის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. როგორც ამბობენ, საველი სორინის მიერ შექმნილი სალომეას პორტრეტი ლონდონის დაბომბვისას დაიკარგა.
დაათვალიერეთ ულამაზესი ქალბატონის პორტრეტები და მიიღეთ უდიდესი სიამოვნება... მხოლოდ სილამაზე, ნიჭი და სიყვარული გადაარჩენს საქართველოს...
https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220320670186668