logo_geo
eng_logo
ეკონომიკის სამინისტრომ ფოთის ნავსადგურის საჩივარი არ დააკმაყოფილა
- +

30 აგვისტო. 2019. 10:25

 

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არ დააკმაყოფილა სს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 30 მაისის #92-04 ბრძანების ბათილად ცნობას ეხებოდა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

 

„მოგახსენებთ, რომ 2019 წლის 02 მაისს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ დაამტკიცა (ბრძანება #77-04 ) ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა ამავე თვის 30 მაისს, სააგენტოს #92-04 ბრძანებით, რადგან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წერილობით გამოხატული პოზიციის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ის მიწის ნაკვეთები, რომლებზეც დამტკიცებული იყო სამშენებლოდ გამოყენების პირობები, მოიცავდა ტერიტორიულ წყლებს და მათზე, კანონის თანახმად, ვრცელდებოდა განსაკუთრებული რეგულირების რეჟიმი.

 

სწორედ ამ ბრძანების  ბათილად ცნობას ითხოვდა სს „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ ეკონომიკის სამინისტროში წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრით, რომლის დაკმაყოფილებაზეც უარი ეთქვათ.

 

განვმარტავთ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს მნიშვნელოვან ორგანოს, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის და მისი შემდგომი განვითარების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ან თავად მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების პერიოდისთვის გააჩნდა უარყოფითი პოზიცია, იყო მნიშვნელოვანი საფუძველი აღნიშნული „მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ “ გამოცემული ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისთვის“, - ნათქვამის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner