ევროსაბჭოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი, გუგული მაღრაძე სტრასბურგში, ბიოეთიკის კომიტეტის სხდომაზე, როგორც ევროსაბჭოს სოციალურ საკითხთა კომიტეტის სპეციალური მომხსენებელი იყო მიწვეული.
სხდომაზე განხილვის ძირითადი საკითხი გუგული მაღრაძის მიერ, ევროსაბჭოს 22 აპრილის პლენარულ სხდომაზე წარდგენილი მოხსენების საფუძველზე მიღებული ევროსაბჭოს რეზოლუცია იყო, რომელიც ფსიქონერვული პრობლემების მქონე პირთა იძულებით განთავსებასა და მკურნალობასთან დაკავშირებით ბიოეთიკის კომიტეტის შემდგომი მუშაობის სტრატეგიას ეხებოდა. დისკუსიის შედეგად, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს საკითხზე მუშაობა, რაშიც გუგული მაღრაძე, როგორც მომხსენებელი იქნება ჩართული.
გუგული მაღრაძემ, როგორც კომიტეტის წევრმა, მონაწილეობა ასევე მიიღო ევროსაბჭოს სოციალურ საკითხთა ჯანდაცვის და მყარი განვითარების კომიტეტის სხდომაში.
სხდომაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა „შემოსავლებში უთანაბრობის ზრდა, როგორც სოციალური შეკავშირებულობისადმი მუქარა"; „საგზაო უსაფრთხოება ევროპაში როგორც ჯანდაცვის პრიორიტეტი"; „ბავშვების გადაჭარბებული სექსუალიზაციის პრობლემები,"; „ხანდაზმულ ადამიანთა უფლებების და მათზე ზრუნვის სოციალური ვალდებულებები".
გუგული მაღრაძემ თავის გამოსვლაში, რომელიც „შემოსავლებში უთანაბრობის ზრდა, როგორც სოციალური შეკავშირებულობისადმი მუქარა" პრეზენტაციას უკავშირდებოდა, აღნიშნა, რომ უთანაბრობის დაძლევის მეთოდებს შორის მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური პროფესიების მხარდაჭერა, ქალების დასაქმება, ხარისხიანი განათლება და გადასახადების და შეღავათების სისტემის ეფექტური და მოქნილი დიზაინი. ქართველმა დეპუტატმა კოლეგებს ამ მიმართულებით საქართველოში მიმდინარე სამუშაოები გააცნო.
სხდომაზე გუგული მაღრაძემ, საქართველოში მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემებზე, ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ინფრასტუქტურის მოწესრიგება, საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრება, მძღოლთა და ფეხით მოსიარულეთა ცნობიერების დონის ამაღლება.