ავტორი თეა ფირცხალავა
მოგრძო სტატუსი პარალელებით და ცოტაც - განსჯისთვის...
დღეს შემოგთავაზებთ დიდი რეჟისორის ანდრეი კონჩალოვსკის პირად მოსაზრებას რამდენიმე საკითხზე, მათ შორის ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანზეც, რაც, ჩემი აზრით, ძალზე დაგაინტერესებთ, ბევრ პარალელს გაგავლებინებთ, ზოგჯერ ჩაგაფიქრებთ ან დაგაფიქრებთ, ზოგჯერ რაღაცას ან ვიღაცას მოგაგონებთ, ზოგჯერაც გაგაბრაზებთ (ალბათ), მაგრამ, რაც მთავარია, გულში მაინც გაფიქრებინებთ, რომ რაც წაიკითხეთ, ყველაფერი სიმართლეს შეესაბამება.
(ფრჩხილებში ჩასმული სიტყვები ჩემი პარალელებია).
მაშ ასე, დავიწყოთ:
„ბალოტნიზე“ (პარლამენტის წინ) გამოსული ადამიანები ჩემში პატივისცემას და თანაგრძნობას იწვევენ, თანაგრძნობას იმიტომ, რომ მათ ჰგონიათ, რომ თუ კრემლს (პარლამენტს) „აიღებენ“, მაშინ ყველაფერი ისე წავა, როგორც მათ სურთ. ეს უდიდესი შეცდომაა, რადგან „ბინძური სადარბაზო“ ან ნაგავი, რომელიც ფანჯრიდან იყრება, სულაც არ არის დამოკიდებული კრემლზე (პარლამენტზე). სახელმწიფოს და საზოგადოებას ქმნის არა ხალხი, არამედ ქმნიან მოქალაქეები, რომლებიც ჩვენში ძალზე ცოტანი არიან და თუ ასეა, გამოდის, რომ ჩვენ გვყავს არა საზოგადოება, არამედ - მოსახლეობა და ხელისუფლება, როგორც აფრიკაშია: მოსახლეობა თავისთვისაა და ხელისუფლება - თავისთვის. ვინაიდან არც მოსახლეობა და არც ხელისუფლება არაა დაინტერესებული ურთიერთთანამშრომლობაში, ამიტომ ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც მიზანშეწონილად მიაჩნია... მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ აზრს აფიქსირებენ, ჩვენი სახელმწიფოს მხოლოდ უმცირესი ნაწილია და ეს ყოველთვის ასე იყო, რევოლუციამდეც, რევოლუციის შემდეგაც და დღესაც. ჩვენი სახელმწიფოს ხალხს არასოდეს ჰქონდა მოქალაქეობრივი თვითშეგნება. მაგალითად, კიევის რუსეთი (ჩვენთვის - გიორგი V ბრწყინვალეს დროინდელი საქართველო) არასოდეს თანამშრომლობდა ბათო-ყაენთან (ჩვენთან - მაგალითად, მთავარ ვაზირ ჩობან-ნოინთან). ქვეყანა თათრებმა (მონღოლებმა) დაანგრიეს, თავადების (ურჩი ფეოდალების) მეშვეობით. ჩერნიშევსკი წერდა, რომ თითოეულ ჩვენგანში პატარა ბათო (ჩვენში, ალბათ - პატარა მონღოლი) ზის. კრემლში ზის დიდი ბათო-ყაენი, ხოლო მის დაქვემდებარებაშია კიდევ ათობით, ათასობით და ასიათასობით ბათო, შედეგ მოდიან სულ პატარა ბათოები, ანუ ლიფტიორები, საპასპორტოს უფროსები... და გამოდის, არ ვიცით, როგორ განვდევნოთ ბათოები ჩვენგან ... ამისთვის საჭიროა, გაჩნდეს ხელისუფალი, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავის ხელში აიღებს ხელისუფლებას და ეცოდინება, რა უნდა გააკეთოს. არ არის აუცილებელი, რომ ეს ადამიანი ოპოზიციონერი იყოს. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ჯერჯერობით არ არსებობს საზოგადოებრივი აზრი და ჯერ ფსკერსაც არ შევხებივართ. ზოგი ამბობს, რომ ქვეყანა ჯერ არ არის მზად დემოკრატიისთვის. მე კი ვიტყოდი, რომ დემოკრატია, რაღაც დონეზე, საბჭოთა ხელისუფლების დროსაც იყო, მაგალითად იგივე პოლიტბიუროშიც, როდესაც ბრეჟნევი კოზლოვს ეჩხუბებოდა: ეი შე ბებერო ხრონწო, დროა, პენსიაზე გახვიდეო. ეს თითქმის დემოკრატია იყო. სტალინის ახალგაზრდობაშიც იყო დემოკრატია. მაგალითად, სანამ იგი ძალაუფლებას მოიპოვებდა - პარტიაში ოპოზიციაც იყო, მაგრამ ბელადმა ამას ბოლო მოუღო. სტალინის კულტის დროს დემოკრატია აღარ იყო, იყო შიში.
დღეს ჩვენთან არის მოჩვენებითი დემოკრატია.
გაიგეთ, ხალხო, რომ ადამიანის თვითშეგნებას განსაზღვრავს კულტურა და კულტურავე განსაზღვრავს ადამიანის ბედსაც. დღეს ხალხის კულტურა წარმატებით გათავისუფლდა ევროპული ტრადიციებისგან, რომელიც პეტრე პირველმა ხალხს „ძალით“ მოახვია თავს. ამიტომ დღეს მეფობს მონღოლის სინდრომი და მოჩვენებითი დემოკრატია.
როგორ უნდა აღვაზევოთ ის კულტურა? კულტურა ხომ მხოლოდ ხელოვნების ნიმუშების ცოდნა არ არის? კულტურა, ეს არის საკუთარი მოვალეობების ცოდნა. მოვალეობების ინდოკრინირება კი სახელმწიფომ უნდა მოახდინოს.
მაგალითად, არსებობს მკაცრი მასწავლებელი და უნიჭო მასწავლებელი, ან უცოდინარი მასწავლებელი და კეთილი მასწავლებელი. რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის? რასაკვირველია - მკაცრი მასწავლებელი, რადგან კეთილს ბავშვები არაფერს დაუჯერებენ, აქეთ-იქეთ ირბენენ და ითამაშებენ, უნიჭო მასწავლებელი კი ბავშვებს საერთოდ შეაძულებს საგანს, ამიტომ აუცილებელია მკაცრი და ნიჭიერი პედაგოგი. აი, ეს არის მოვალეობა.
ახლა ავიღოთ ჩვენი ეკლესია, რომელიც დღეს არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია და ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ იქ წვეროსანი ცუდი ადამიანები არიან, არამედ იმიტომ, რომ რუსმა (ჩვენთან კი - ქართველმა) ადამიანმა არ იცის, ან ძალზე ცოტა იცის რელიგიის შესახებ. რელიგია არ არის რაღაც რიტუალი. იგი არის საკუთარი მოვალეობების შეგნება, პირველ რიგში - საკუთარი თავის და ოჯახის, შემდეგ კი ღმერთის წინაშე.
მცდარია აზრი, რომ თითქოს თავისუფლება უმთავრესია ცხოვრებაში. მაგალითად, ჩინელებს საერთოდ არა აქვთ თავისუფლების ცნება, როგორც ასეთის. ჩემი აზრით თავისუფლების გაგება აღმოცენდა ქრისტიანობაში, როდესაც გაჩნდა პოსტულატი: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე, 8:32). მერე კი აღმოცენდა ე.წ. ანთროპოცენტრიზმი, როდესაც მამრი მოექცა სამყაროს ცენტრში, ხოლო VI ან VII საუკუნეების ქრისტიანულ ტაძრებში მსჯელობდნენ, აქვს თუ არა მდედრს სული.
სიტყვა „თავისუფლება“ ძალზე მაცდურია. პრინციპში, ის ადამიანს არაფერ კარგს არ აძლევს, ყველა ცხოველი თავისუფალია და მათ აქვთ მხოლოდ ერთი „არათავისუფლება“ და ეს არის ინსტინქტი.
ვინმეს ეგონება, რომ საზოგადოებას საერთოდ არ სჭირდება თავისუფლება და აუცილებელია, რომ დამყარდეს დიქტატურა, ან ჩატარდეს რეპრესიები. რეპრესიები ისედაც არის. თავად სახელმწიფო წარმოადგენს რეპრესიულ აპარატს. ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა (ნიკოლაი ბერდიაევმა) შესანიშნავად თქვა: „სახელმწიფო იმისთვის არ შექმნილა, რომ მიწიერი ცხოვრება სამოთხედ იქცეს, არამედ შეიქმნა იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს მიწიერი ცხოვრების ჯოჯოხეთად გარდაქმნას“. ამიტომ, თუ არ იქნება სახელმწიფო, ქუჩებში იქნება ჯოჯოხეთი, ძალადობა და ა.შ.
დღეს ევროპა დგას კატასტროფის ზღვარზე და ამის მიზეზი არის ის, რომ არ შეიძლება, ყველაფრის სათავეში ადამიანის უფლებები დააყენო. ადამიანის უფლებები უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ადამიანის მოვალეობებთან შესაბამისობაში. დღეს ევროპამ უარი თქვა ტრადიციულ ევროპულ და შესაბამისად, ქრისტიანულ ღირებულებებზე. ამიტომ დავრწმუნდი, რომ ქვეყნის შესაცვლელად აუცილებელია, შეიცვალოს მენტალობა, მენტალობის შესაცვლელად აუცილებელია კულტურული გენომის შეცვლა, კულტურული გენომის შესაცვლელად აუცილებელია, გავიგოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღემდე არაა შესწავლილი. აი, მხოლოდ მერე უნდა გადაწყდეს, საით წავიდეთ.
მაგალითად, ავიღოთ ბიზნესი, რომელიც დღეს რუსეთში (საქართველოში) - ქურდობას ნიშნავს. ჩვენ ჯერ კიდევ მუშურ-გლეხური თვითშეგნება გვაქვს: „დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამს“, „ნუ შემეხები და არ შეგეხები“, „რა საჭიროა არჩევნებზე წასვლა?“ და ა.შ. ე.წ. მუშურ-გლეხური თვითშეგნება ნიშნავს სურვილის უქონლობას, მონაწილეობა მიიღო საზოგადოების მშენებლობაში.
ახლა რაც შეეხება ცენზურას. პირადად მე, გული მწყდება, რომ ცენზურა აღარ არსებობს. ცენზურა არასოდეს წარმოადგენდა შედევრის შექმნის ბარიერს... მაგალითად, სერვანტესმა შედევრები ინკვიზიციის დროს შექმნა, ჩეხოვი კი პროზაში ასახავდა ყველაფერს, რასაც პიესებში ვერ წერდა - ცენზურის გამო. თქვენ გგონიათ, რომ შედევრები მაინცდამაინც თავისუფლების დროს იქმნება? სულაც არა. შედევრებს ქმნიან შეზღუდვები. შემოქმედებითი თვალსაზრისით, თავისუფლება ხელოვანს არაფერს აძლევს. ერთი დამანახეთ ის გენიოსები, რომელთაც ცენზურა ახრჩობს და ამიტომ ვერ ქმნიან. ასეთები ბუნებაში არ არსებობენ.
და ბოლოს, ზოგი მეკითხება, რატომ არის აკრძალული ნაციზმისა და ჰიტლერის იდეოლოგია მთელ მსოფლიოში და სტალინის კი არა... ახლა მე ვეკითხები ამ კითხვის ავტორებს: თქვენ გინდათ, რომ ეს აკრძალული იყოს?! თუ კი, მაშინ გამოდის, რომ თქვენ თავად ხართ ცენზურის მომხრე. ზოგიერთი მიმტკიცებს, რომ არიან საკმაოდ წიგნიერი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სტალინმა ვიღაც მოკლა, მაგრამ მის დროს მრეწველობა ამუშავდა, გატარდა ინდუსტრიალიზაცია და მან ომი მოიგო... კი, მარა, ესეც ხომ ისტორიული ფაქტებია?
და აქვე გეტყვით, რომ ცენზურა დღესაც ყველგან არსებობს, მათ შორის ამერიკაში, ევროპაში, ვატიკანში....
და ამ სტატუსს ანდრე ჟიდის სიტყვებით დავასრულებ: „როდესაც ხელოვნება თავის მიზანს კარგავს, იგი ქიმერების თავშესაფრად იქცევა ხოლმე.“
https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220292767289113