logo_geo
eng_logo
1922 წლის 20 აგვისტოს აკადემიკოსი ვლადიმერ ბურაკოვსკი დაიბადა
- +

20 აგვისტო. 2019. 13:15

 

„Сердце, тебе не хочется покоя!

Сердце, как хорошо на свете жить!

Сердце, как хорошо, что ты такое!

Спасибо, сердце, что ты умеешь так любить!“

 

დუნაევკის ეს სიმღერა, რომელსაც გენიალურად ასრულებდა ლეონიდ უტიოსოვი, ჩვენმა დღევანდელმა თბილისელმა რუსმა იუბილარმა გამახსენა, რადგან... ვის, თუ არა მას უნდა ემღერა გულზე და ვის, თუ არა მას ეთქმოდა სიტყვა ადამიანების ერთადერთ და ყველაზე ფაქიზ „ძრავაზე“...

 

სტატუსის მომზადებისას წავიკითხე ერთი რუსი ქირურგის მოგონება, სადაც იგი წერს, ვინმე რომ მეტყოდა, ყველაფერი ღმერთის ხელშია და ყველაფერზე ღვთის ნებააო, არასოდეს ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ასაკისა და გამოცდილების მატებასთან ერთად მივხვდი, რომ ერთსა და იმავე დაავადებისას, დიაგნოზისას, ავადმყოფის მდგომარეობისას და ანალოგიურად კარგად ჩატარებული ოპერაციისას - ერთი ავადმყოფი შეიძლებოდა სიკვდილს დაძრომოდა, მეორე კი მომკვდარიყო... და იმ დროს არ იცი, რას მიედ-მოედო, როგორ აუხსნა მის პატრონს, თუ რატომ გადარჩა ერთი და რატომ მოკვდა მეორე... და სწორედ მაშინ, თავში მოგდის ფრაზა: „ყველაფერზე ღმერთის ნებაა!!! „ღვთით მოვლენილმა ექიმმა“, ჩემი აზრით, ხშირად იცის ავადმყოფის მომავალი ბედი და მე ვიცნობდი ასეთ ექიმს... ის იყო აკადემიკოსი ვლადიმერ ბურაკოვსკი..."

 

1922 წლის 20 აგვისტოს ქალაქ თბილისში დაიბადა მსოფლიო დონის კარდიოქირურგი, ნოვატორი და პედაგოგი, აკადემიკოსი ვლადიმერ ბურაკოვსკი. 1946 წელს მან დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი და იქვე, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა. ამის შემდეგ იყო სანქტ-პეტერბურგის და მოსკოვის ქირურგიის ინსტიტუტები და ბოლოს - მისი მასწავლებლის ალ. ბაკულევის სახ. გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი, რომელსაც იგი თითქმის 30 წელი - სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.

 

ვლადიმერ ბურაკოვსკი იყო მსოფლიოში პირველი, ვინც განახორციელა ფილტვის არტერიის სარქვლის პროტეზირება და მანვე დანერგა ბავშვებში თანდაყოლილი გულის მანკის ადრეულ ეტაპზე მკურნალობის მეთოდი.

 

ჩემი მამამთილის, კარდიოლოგ ირაკლი ჭუმბურიძის წყალობით, მქონდა ბედნიერება, 1982 წელს მოსკოვში, შემდეგ კი თბილისშიც შევხვედროდი ამ უდიდეს ქირურგს და ადამიანს. მისი განსაკუთრებით თბილი მიდგომა და საუბარი არასოდეს დამავიწყდება. ვისაც ბატ. ვლადიმერი ახსოვს დამეთანხმება, რომ მან უამრავ ნიჭიერ ქართველს გაუხსნა გზა, ხელიც „წაუკრა“ და დაასაქმა კიდეც, რასაც, კულუარულ საუბრებში, ხშირად წამოაძახებდნენ ხოლმე...

 

ვლადიმერ ბურაკოვსკის ტყუილად როდი ვუწოდე თბილისელი რუსი. ეს მის „ქართულად“ ჯენტლმენურ ბუნებასაც ეტყობოდა. აკადემიკოსი იური ბუზიაშვილი იხსენებს: „მისთვის არ არსებობდა სოციალური ფენები და პაციენტების კატეგორიები: იგი ყველას თანაბრად თავაზიანად ეპყრობოდა , პალტოსაც კი აცმევდა თავის მისაღებში, იქნებოდა იგი ცკ-ს წევრი, თუ მისი საყვარელი რესტორნის „არაგვის“ უბრალო შვეიცარი. ეს არ იყო რაიმე პოზა, არა... ეს იყო მისთვის დამახასიათებელი შინაგანი ტაქტის გამოვლინება და, თუ გნებავთ, ცნობილი ჭეშმარიტების პირდაპირი დადასტურება, რომ „ადამიანი ადამიანისთვის მეგობარია“... სხვა არაფერი.“

 

აქვე გეტყვით, რომ 1979 წელს ვლადიმერ ბურაკოვსკი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.

 

ვლადიმერ ბურაკოვსკი გარდაიცვალა 1994 წელს. დაკრძალულია მოსკოვის კუნცევოს სასაფლაოზე.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220292272836752

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner