logo_geo
eng_logo
1766 წლის 19 აგვისტოს ცნობილი ლიტერატორი და მთარგმნელი მირიან ბაგრატიონი დაიბადა
- +

19 აგვისტო. 2019. 15:12

 

„…ქება მოგიძღვნა, ვითა ვთქვა, რა გკადრო შესაფერითა?

მუქაფად ღმერთმან გვირგვინი შეგიქმნას თვისის ცერითა!“

 

ეს ლექსი ბესიკ გაბაშვილმა, ჩვენმა ბესიკმა, დღევანდელ იუბილარს მიუძღვნა.

 

1766 წლის 19 აგვისტოს დაიბადა მეფე ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის (დადიანის) ვაჟი, ცნობილი ლიტერატორი და მთარგმნელი მირიან ბაგრატიონი, იგივე მირიან ბატონიშვილი, რომლის ყველაზე დიდი დამსახურება საქართველოს წინაშე არის ის, რომ მან შემოგვინახა დავით გურამიშვილის „დავითიანის“ ხელნაწერი და იგი თავისი ხელით ჩამოიტანა საქართველოში. აქვე გეტყვით, რომ „დავითიანის“ ერთადერთი ხელნაწერი მირიან ბატონიშვილს თვით დავით გურამიშვილმა გადასცა 1787 წელს, უკრაინაში, კერძოდ კრემენჩუკში შეხვედრისას და დღეს ქართველების ეს ჭეშმარიტი განძი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.

 

როგორ შეიძლება ქართველმა დაივიწყოს „დავითიანის“ შეგონებები?!

 

„...ძაღლი უწვრთნელი პატრონსა ასეთს რას დაუშავებსა,

რომ შვილი ბრიყვი, უცები, დედმამას განათავებსა?

უცოდინრობით ასეთსა საქმეებსა იქს ავებსა,

გვარსა და ნათესავებსა სირცხვილი სჭრიდეს თავებსა.“

 

მირიან ბატონიშვილი და მისი ძმა - იეროდიაკონი ანტონი, მომავალში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წმ. ანტონ II, შედიოდნენ გეორგიევსკის ტრაქტატის მოსამზადებელ დელეგაციაში. რომელსაც გარსევან ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა.

 

1801 წლიდან მირიან ბატონიშვილი ცხოვრობდა პეტერბურგში და იყო რუსეთის იმპერიის ქართველი გენერალი და სენატორი, რომელმაც მრავალ ბრძოლაში გამოიჩინა თავი. ცნობილი ფაქტია, რომ 1798 წელს, როგორც კი მამის ავადმყოფობის შესახებ შეიტყო დედის, დარეჯან დედოფლის წერილიდან, მირიანი ასტრახანელ ექიმებთან ერთად ჩავიდა თელავში, მაგრამ მეფე ერეკლე II უკვე გარდაცვლილი დახვდა.

 

„..მოვშორდი მშობელთა და ნათესავთა,

სწორთა, მეგობართა, მოყმეთა, თავთა...“, - წერდა მირიანი თავის ლექსში...

 

მირიან ბატონიშვილი არა მხოლოდ მეგობრობდა დავით გურამიშვილთან და ბესიკთან, არამედ თავადაც წერდა ლექსებს. მან დაწერა არაერთი სახოტბო იამბიკონი და სატრფიალო ლექსი, მათ შორის: „სვეტიცხოვლის ქება“, „ფერისცვალების ქება“, „ტანო ტატანოს ხმაზედ“, „ოდეს გნახე“ და „ხელქმნილ ვარ“.... მან არაერთი სახოტბო ლექსი უძღვნა რიფსიმე ბაგრატიონ-გრუზინსკის, აგრეთვე ქართველ თეოლოგსა და მწიგნობარს იონა ხელაშვილს, მიტროპოლიტ ვარლამს (ერისთავი), რომელიც იყო მოსკოვის დანიელის მონასტრის წინამძღვარი და ქსნის ერისთავის დავითის ვაჟი. ძალზე საინტერესოა იამბიკონი „ქალო ნარგიზიანო“...

 

„ბაგე ვარდო, ენა ტკბილო შაქარო,

ეშხით მწველო, ქალო ნარგიზიანო...“

 

„გშვენიან ინდის ხალები, მჭვრეტელთა შემაშალები,

შავნი წარბ-წამწამ თვალები…“

 

ბევრი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ მირიან ბატონიშვილის ზოგიერთ ლექსში ბესიკის გავლენა იგრძნობა.

 

რუსეთში გადახვეწილი მირიანი დღენიადაგ მარტოსულად გრძნობდა თავს, განსაკუთრებით საყვარელი მეუღლის მარია ხილკოვას გარდაცვალების შემდგომ, რომელიც ქორწინების ერთი წლის თავზე გამოეცალა ხელიდან...

 

„...აწ ყარიბი მარტო დავიარები,

სიყრმის მეგობრებთან ვერ ვეხარები,

ამისთვის ვარ ყოველთ შესაბრალები,

მაცოცხლეთ თქვენც, ან მო-ცა-მკალენით.“

 

მირიან ბატონიშვილი ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც. მან რუსულიდან ქართულ ენაზე თარგმნა ბერძენი მღვდელთმთავრისა და მქადაგებლის ილია მინიატისის „სწავლება" და გერმანელი პოეტის იოაჰიმ ვილჰელმ ფონ ბრავეს „Freigeist“ ანუ „თავისუფლად მოაზროვნე“ (მირიან ბატონიშვილისეულ თარგმანში „ათეისტის ტრაღედია“).

 

სანამ სტატუსს დავასრულებდე, გაგაცნობთ ერთ მოანეკდოტო ამბავს, რომლის მაგვარიც, თურმე, ხშირად იქმნებოდა რუსეთში მოღვაწე ქართველ სენატორზე - მირიან ბატონიშვილზე. ეს ამბავი-ნართაული, რომელსაც ახლა მოგიყვებით, ჩემი აზრით, ერეკლე II-ის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელმოწერას უნდა უკავშირდებოდეს:

 

ერთხელ სენატორ მირიან ბატონიშვილთან ვიღაც კაცი მისულა და უთხოვია, სენატზე ჩემი საქმე უნდა მოისმინონ და დამეხმარე, რომ ჩემთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონო. მირიანს დახმარება აღუთქვამს, მაგრამ მეორე დღეს სენატს უარყოფითი გადაწყვეტილება მიუღია მთხოვნელის საქმეზე და დადგენილებაზე მირიანსაც მოუწერია ხელი. მთხოვნელი იმავე დღეს მისულა მირიანთან და საყვედურით შეუხსენებია დანაპირები, თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ ხომ მხარდაჭერას დამპირდითო; კიო, უპასუხნია მირიანს... კი, მარა, თუ კი, მაშინ როგორ მოხდა, რომ გადაწყვეტილებაზე თქვენი ხელმოწერაც არისო, არ ცხრებოდა მთხოვნელი... ძმაო, არ წამიკითხავს, ისე მოვაწერე ხელიო - უთქვამს მირიან ბატონიშვილს... ეგ როგორ, თქვენო უდიდებულესობავ, ხელი ისე მოაწერეთ დოკუმენტს, რომ არ წაიკითხეთო, გაუკვირვებია მთხოვნელს... მაშინ მირიანს მიუგია, რას იზამ, ძმაო, მასეთები და უარესებიც ხდება ხოლმეო...

 

ანეკდოტის დასკვნა თქვენთვის მომინდვია.

 

67 წლის მირიან ბატონიშვილი გარდაიცვალა 1834 წელს. დაიკრძალა პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

 

და... ამ სტატუსს მისივე ლექსით დავასრულებ:

 

„...ესოდენ უცხოობით მწუხარ არს გული,

თქვენის სიშორითა იურვის სული…“

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220284346918609

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner