ზაჰესში „JAM FEST"ის ფარგლებში გასამართი კონცერტი ჩაიშალა. ღონისძიების მიმდინარეობისას ადგილზე სასულეიერო პირები მრევლთან ერთად მივიდნენ და კონცერტის გამართვა გააპროტესტეს. მათი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე კონცერტის ჩატარება არ იყო მიზანშეწონილი, რადგან ახლოს ტაძარი და საფლავებია განთავსებული.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე მყოფი პირები შარდავდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ, რაც იმ ადგილის შეურაცხყოფაა, სადაც ტაძარი და საფლავები მდებარეობს", - განაცხადა სასულიერო პირმა.
ამასთან, ინციდენტის დასრულებისთანავე ფესტივალის მიმდებარედ შუქი ჩაქრა. კომპანია "თელასში" ვერ განმარტეს, რა იყო შუქის გამორთვის მიზეზი. გაგრძელდება თუ არა ფესტივალი, ორგანიზატორებმა არ იციან. ორგანიზატორებისა და მუსიკოსებისთვის კი გაუგებარია, თუ რა პრობლემას წარმოადგენს კონცერტის ჩატარება ამ ტერიტორიაზე.