ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ორგანიზებით, ქალაქში დასუფთავების ფართომასშტაბიანი კამპანია გრძელდება. მორიგი აქტივობა გიორგაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე ხიდიდან დაიწყო, დასუფთავდა ე.წ. მეორე ატეკის, „ცოფისა“ და დარკვეთის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიები.
ჭიათურის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის სპეციალისტებმა „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებთან ერთად, საავტომობილო გზა და მისი მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს. სამუშაოებში ჩართული იყო სპეციალური ტექნიკაც.
„ჯორჯიან მანგანეზმა“ დასუფთავების კამპანიის ფარგლებში, „ფორდის“ ტიპის ავტომობილი გამოყო, რომელზეც დამონტაჟებული იყო ე.წ. კერხერი.
„ჩვენ ერთობლივი ძალებით დავიწყეთ საჩხერის გზატკეცილის ყველაზე მეტად დაბინძურებული მონაკვეთების დასუფთავებითი სამუშაოები. ადგილზე მუშაობდა როგორც ჩვენი, ისე „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეცტექნიკა. აღსანიშნავია, რომ მუშაობა ერთობლივად მიმდინარეობს, რაც პერმანენტულ ხასიათს ატარებს. ეს პროცესი მომავალშიც სისტემატურად წარიმართება“,- აღნიშნა ჭიათურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის დირექტორმა, ზურაბ ცარციძემ.
შეგახსენებთ, რომ, „ჯორჯიან მანგანეზისა“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, დასუფთავების ფართომასშტაბიანი კამპანია ჯერ კიდევ მაისის ბოლოს დაიგეგმა. „ჭიათურის დასუფთავების პროექტის“ ფარგლებში, პირველი აქტივობა მდინარე ჯრუჭულას ხიდიდან დაიწყო.