logo_geo
eng_logo
ოკუპირებული ცხინვალის „უშიშროების კომიტეტი“ ქართულ მხარეს უპილოტო აპარატის ჩამოგდებაში ადანაშაულებს
- +

1 სექტემბერი. 2019. 17:26

 

 

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინა ბიაზროვა ქართული მხარის მიერ ე.წ. საზღვართან „სამხრეთ ოსური“ მხარის კუთვნილი კვადროკოპტერის ჩამოგდების შესახებ იუწყება. ამის შესახებ მან სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადა.

 

„1 სექტემბრის დილით, უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ძალოვან სტრუქტურას ეკუთვნოდა, სახელმწიფო საზღვართან ვიდეო დაკვირვებას ახორციელებდა. დაახლოებით 10:00 საათისთვის, საქართველოს დასახლებულ პუნქტ კობიდან, კვადროკოპტერის მიმართულებით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაიხსნა ცეცხლი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიისკენ. შედეგად, კვადროკოპტერი სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე ჩამოვარდა“, - განაცხადა ბიაზროვამ.

 

მისი თქმით, მანამდე, ანალოგიური ქართული საფრენი აპარატები „არაერთგზის ასრულებდნენ სადღეღამისო რეჟიმში დაზვერვას სახელმწიფო საზღვრის გაყოლებაზე და სამოქალაქო ობიექტების თავზე, რომლებსაც იცავენ სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მესაზღვრეები“.

 

ბიაზროვას თქმით, „უშიშროების კომიტეტმა“ განახორციელა ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ინფორმირება.

 

„ამასთან ერთად, აუცილებლად მივიჩნევთ განვაცხადოთ, რომ სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატის დაცხრილვა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიმართულებით წარმოადგენს პირდაპირ პროვოკაციას“, - განაცხადეს დე ფაქტო კომიტეტში.

 

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა და მათ პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner