„მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ცდილობენ, თავიანთი შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობა თითქოსდა პოლიტიკურ აქტივობას დაუკავშირონ“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებას პერმანენტულად მიეწოდება ინფორმაცია იმ საქმის ირგვლივ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, სადაც ბატონი ჯაფარიძე და ხაზარაძე ბრალდებულნი არიან მძიმე ფინანსური დანაშაულის ფარგლებში.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ საგამოძიებო ორგანოებს ჰქონდათ ინიციატივა, პროცესში ჩართული ყოფილიყვნენ დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტები. ეს ხელს შეუწყობს პროცესს, რომ კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე იყოს. რაც შეეხება შესაძლო შეხვედრებს, მე კონკრეტულ შეხვედრასთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლების ნაცვლად ვერ გეტყვით, თუმცა თუკი საკითხი ისმის, რომ რატომ შეიძლება იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაინტერესებულნი - პასუხი მარტივია, ვინაიდან ეს ადამიანები დაახლოებით ერთი წელია ცდილობენ, რომ თავიანთი შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობა დაუკავშირონ მათ თითქოსდა პოლიტიკურ აქტივობას და მათი პასუხისმგებლობა გადაიტანონ სხვა მიმართულებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, იმისთვის, რომ არ გაჩნდეს და არ დარჩეს რაიმე სახის შეკითხვა, პროცესი იყოს გამჭვირვალე და პოლიტიკურ მანიპულაციას წერტილი დაესვას, ლოგიკურია დიპლომატიური კორპუსის ინფორმირება, რასაც პროკურატურა ეტაპობრივად ახორციელებს.