ავტორი ლელა ანჯაფარიძე
ძალიან დილა მშვიდობის!
დღეს გპირდებით, ყველას „უსაშველოდ“ კეთილი და პოზიტიური დღე გვექნება!
სხვანაირად ვერ მოხერხდება რადგანაც სწორედ ამ დღეს, 1926 წლის 2 სექტემბერს, ქალაქ მოსკოვში, ვასილიევის ქუჩის კომუნალურ ბინაში დაიბადა კაცი, რომელიც უბრალოდ არ შეიძლება არ გიყვარდეს... რომელიც იმხელა სითბოს და სიტკბოს აფრქვევს, ასე გადაჩვეულები რომ ვართ ბოლო დროს... კაცი, რომელსაც რომ შეხედავ, უკვე ენდობი ყველაფერში... კაცი, რომელსაც ფანტასტიური სიტყვები ეკუთვნის - „თუ შენ ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, ვის წინაშეც არ გეშინია გამოჩნდე პატარა, სულელი, დაუცველი და ბოლომდე გულწრფელი, სწორედ ეს ადამიანია შენი მთავარი დაცვა“.
და ეს კაცია ჩვენი ევგენი ლეონოვი...
ბევრმა არ იცის, - როცა დაიწყო დიდი სამამულო ომი, მე-7 კლასელი ლეონოვი სამუშაოდ წავიდა საავიაციო ქარხანაში. სადაც მისი მამა ინჟინრად მუშაობდა...
შემდეგ ჩააბარა ს.ორჯონიკიძის სახელობის საავიაციო ტექნიკუმში...
ტექნიკუმთან არსებობდა თვითშემოქმედების წრე და ლეონოვი მონაწილეობდა ყველა იქ დადგმულ სპექტაკლში... კითხულობდა საყვარელ ესენინს და ბლოკს...
ტექნიკუმის მესამე კურსზე გადაწყვიტა ჩაებარებინა მოსკოვის თეატრალური სტუდიის დრამატულ განყოფილებაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა დიდი თეატრის ყოფილი ბალეტმეისტერი, რ.ზახაროვი...
გამოცდაზე სოლიდურად რომ მისულიყო, ძმისგან პიჯაკი ითხოვა ... „კლეტკიანი“...
მისაღები გამოცდების ჟიური 25 კაცისგან შედგებოდა...
ლეონოვი ამას არ ელოდა და ცოტა დაიბნა, მაგრამ მაინც წაიკითხა ესენინი, ჩეხოვი, ზოშჩენკო...
მისაღები კომისიის თავმჯდომარემ, აქტრისა შერემეტიევამ მკაცრად კითხა - „კიდევ რამე გაქვთო?“
ლეონოვმა უპასუხა - „მაქვს, მაგრამ იმას ამაზე უარესად ვკითხულობო.
მაინც თხოვეს წაეკითხა და მან მოულოდნელად არჩევანი შეაჩერა ბლოკის ლექსზე «В ресторане».
... Я сидел у окна в переполненном зале.
Где-то пели смычки о любви.
Я послал тебе чёрную розу в бокале
Золотого, как нёбо, аи.
Ты взглянула. Я встретил смущённо и дерзко
Взор надменный и отдал поклон.
Обратясь к кавалеру, намеренно резко
Ты сказала: „И этот влюблён"...
შემდგომში ლეონოვი გაიხსენებს, რომ სიყვარულზე არისტოკრატიული ლექსის კითხვა რომ დაიწყო. კომისიის წევრებს თავიდან გაეღიმათ, მაგრამ ლექსის ბოლოს, ცრემლებიც კი წამოუვიდათ...
სწორედ ამ ლექსმა აიძულა კომისიას თვალი დაეხუჭა მის სასაცილო პიჯაკზე და როგორც თავად ამბობს, „კურნოსა, კარტოფილცხვირა ფიზიონომიაზე“...
კომისია დიდხანს მსჯელობდა...
ბოლო სიტყვა ეკუთვნოდა დიდ აქტრისა, ეკატერინა მიხეილის ასულ შერემეტიევას... და მან წამწამები დახარა, თანხმობის ნიშნად...
როგორ მიყვარს შერემეტიევაც, იმ მიმღები კომისიის დანარჩენი 24 წევრიც და, რა თქმა უნდა, ალექსანდრე ბლოკი, ასეთი მსახიობი რომ გვაჩუქეს...
სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ევგენიმ დაიწყო მუშაობა კ.სტანისლკავსკის სახელობის თეატრში, მაგრამ მას არავინ არ ანდობდა სერიოზულ როლებს... თეატრიდან წასვლასაც კი აპირებდა, მაგრამ ამ დროს, თეატრს სათავეში ჩაუდგა შესანიშნავი მსახიობი, მიხეილ იანშინი და სულ რამდენიმე დღეში, როგორც პროფესიონალმა, ლეონოვში ისეთი მონაცემები შეამჩნია, რომ მისცა ბულგაკოვის „ტურბინების დღეებში“ ლარიოსიკის როლი, რომელშიც ერთ დროს თავდ ბრწყინავდა...
სპექტაკლმა ფურორი მოახდინა და ამაში ლეონოვის დიდი დამსახურება იყო...
იანშინი მკაცრი და სიტყვაძუნწი კაცი იყო და არ შეუქია...
ევგენი ამას ძალიან განიცდიდა იქამდე, სანამ უნებლიედ არ გახდა იანშინის და თეატრის დირექტორის საუბრის მოწმე...
რეჟისორმა ჰკითხა დირექტორს - „შენი აზრით, ლეონოვმა როგორ ითამაშაო?“
დირექტორმა მოკლედ მოუჭრა - „შენზე უკეთესადო. მიშა“...
იანშინმა გაიღიმა და თქვა - „მეც ასე მგონიაო“ და უცებ შეამჩნია კედელთან აყუდებული ლეონოვი და განუცხადა - „სიმართლე არ გეგონოსო“.
ცნობილია, რომ ევგენი ლეონოვსა და გია დანელიას არაჩვეულებრივი მეგობრობა აკავშირებდათ...
ბატონმა გიამ ლეონოვი პირველად გადაიღო თავის ფილმში „33“ და მას შემდეგ დანელიას არც ერთი ფილმი არ გამოსულა ლეონოვის გარეშე.
ბატონი გიას მტკიცებით, ევგენი ლეონოვს ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული მაგნეტიზმი, ბიოდენები, ფლუიდები, რომლებიც ადამიანებში დადებით ემოციებს იწვევდა.
დანელია იხსენებს, რომ თბილისში „არ იდარდოს“ გადაღების დროს ის ავადმყოფი მეგობრის სანახავად წავიდა საავადმყოფოში და თან ევგენი (ჟენია) ლეონოვი გაიყოლა. როდესაც ავადმყოფმა და მისმა მეზობლებმა ლეონოვი დაინახეს, საოცრად გაუხარდათ, ფერიც კი მოსვლიათ ნაინფარქტალებს. დამშვიდობების წინ კი პალატაში ექიმი შემოსულა და ლეონოვისთვის უთხოვია, თუ არ შეწუხდებით, იქნებ რეანიმაციაში შემყვეთ, იქ ძალიან მძიმე ავადმყოფები არიან და გაუხარდებათო.
ლეონოვი, რა თქმა უნდა, გაჰყვა რეანიმაციაში, ყველა სათითაოდ მოიარა, ყველას გამოელაპარაკა და დამშვიდობებას რომ აპირებდა, ექიმს უკითხავს, „ქალებმა რაღა დააშავესო?“ და ლეონოვმა ქალების განყოფილებაც მოიარა.
გია დანელია ამტკიცებს, რომ მისი „შემოვლა“ ნებისმიერ წამალზე და თერაპიაზე უკეთ მოქმედებდა ავადმყოფებზე.
მე, სავარაუდოდ, თითქმის ყველა ფილმი მაქვს ნანახი ლეონოვის მონაწილეობით, დაწყებული „ზოლიანი რეისიდან“, რომელზეც თავად მსახიობი ხუმრობდა ხოლმე, რომ ის საბჭოთა კინემატოგრაფიის პიონერი პორნო-ვარსკვლავი იყო, რადგან პირველად გამოჩნდა ეკრანზე შიშველი (სცენა, როცა მას სააბაზანოში ვეფხვი უვარდება). ვერც კი გავიხსენებ, რამდენჯერ მაქვს ნანახი „33“, „ბედის ზიგზაგი“, „ბელორუსული სადგური“, „ჩვეულებრივი საოცრება“, „აფონია“, „იღბლიანი ჯენტლმენები“, „საშემოდგომო მარათონი“, “ არ იდარდო“, „მიმინო“… დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც. მაგრამ ერთს გთხოვთ - თუ არ გაქვთ ნანახი მისი ფილმი „დონის ამბავი“, რომელიც გადაღებულია მიხეილ შოლოხოვის მოთხრობების მიხედვით და რომელშიც მას პარტნიორობას უწევს მშვენიერი ლუდმილა ჩურსინა, აუცილებლად ნახეთ. ასეთ, სერიოზულობით გულშიჩამწვდომ ლეონოვსაც უნდა იცნობდეთ.
ლეონოვზე ამბობდნენ, რომ ის ეკრანზე კომიკოსია, ხოლო სულში - ტრაგიკოსი. და ეს ამ ფილმში ეს ნათლად ჩანს.
იცით, კიდევ რატომ მიყვარს ლეონოვი განსაკუთრებით? იმიტომ რომ უდიდეს პატივს ვცემ პატიოსან და ერთგულ მამაკაცებს. ბატონი გია დანელია იხსენებს, რომ მილიონობით ქალი იყო შეყვარებული ლეონოვზე (მათ შორის, ერთი კინოვარსკვლავი, რომელსაც ერთად დასდევდნენ ლანოვოი და ტიხონოვი), მაგრამ მას არავინ არ აინტერესებდა თავისი მეუღლის გარდა და ყველა საუბარს ბოლოს ვანდათი (ასე ერქვა მის მეუღლეს) და პატარა ანდრეით ასრულებდა, რომელიც არანორმალურად უყვარდა.
ევგენის ძმა, ნიკოლაი ყვებოდა, რომ ლეონოვს ბევრი მანდილოსანი „ნაყვარება“ და ერთხელაც, როდესაც ვოლგოგრადიდან ჩამოვიდა, მშობლებთან მისულა და უთქვამს - ერთი გოგო გავიცანიო და როცა ჩამოვა, ვახშამზე მოვიყვანო...
მთელი ოჯახი მიხვდა, რომ ევგენის ცოლი მოყავდა...
როდესაც ლეონოვს შვილი გაუჩნდა, მას იღებდნენ კომედიაში „ზოლებიანი რეისი“, ვეფხვებთან ერთად... რადგანაც დრო გასულია, ერთ საიდუმლოებას გაგიმხელთ, - მსახიობებსა და ვეფხვებს შორის თითქმის იჩინარი, კლანჭებ-კბილებ და ტყვია გამძლე შუშა იდგა...
ერთხელაც, მსახიობებმა გემბანზე რომ გამოვიდნენ, დაინახეს, რომ ლეონოვი იმ შუშის შიგნითაა შესული, უკავია მისი თავხედობისგან გაოგნებული ვეფხვის თავი, ცხვირზე კოცნის და ეუბნება - „გესმის? ბიჭი მყავს, ბიჭიო!“
ალბათ, ბევრს გაქვთ წაკითხული ლეონოვის წერილი შვილისადმი. მე ზეპირად ვიცი. იმიტომ, რომ ყოველი სიტყვა არის გაჟღენთილი სიბრძნით, სიყვარულით და სიკეთით. ასეთი წერილის დაწერა მხოლოდ უზარმაზარი გულის და ნათელი სულის ადამიანს შეეძლო.
ვგიჟდები ლეონოვის სიტყვებზე - „ვიღაცისთვის ღმერთი ცაშია, ვიღაცისთვის კი — საკუთარ გულში და სწორედ ეს, გულში არსებული ღმერთი არ გაძლევს უფლებას დაეცე ადამიანისთვის განსაზღვრულ გარკვეულ დონეზე დაბლა -ფეხი დაარტყა ძაღლს, აწყენინო მოხუცს, ცუდად მოექცე მშობლებს…“
ხომ ვითომ სულ რაღაც 3 უბრალო პრინციპია, მაგრამ…
და კიდევ იცით რატომ მიყვარს ლეონოვი? მას ჰქონდა ჩემთვის ძალიან ძვირფასი თვისება - იყო მიმტევებელი და არასდროს არ ინახავდა წყენას გულში.
მსახიობი სტას სადალსკი, რომელიც ცნობილია თავისი ექსცენტრიულობით, ჰყვებოდა, რომ ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს ვერ შეეწყო ლეონოვს და ისინი სულ ჩხუბობდნენ. საქმე იქამდე მივიდა, ელდარ რიაზანოვის მეუღლე რომ არ ჩარეულიყო, ერთ-ერთ მათგანს გადასაღები მოედანი უნდა დაეტოვებინა.
გავიდა დრო და ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ფილმის გახმოვანებაზე.
სადალსკი ჰყვება, რომ იდგა და გულში ფიქრობდა –
„რა საშინელი და აუტანელია ეს ლეონოვი“,
ევგენი პავლოვიჩი კი მასთან თავად მივიდა,
გაღიმებული, გაეხუმრა და დაამატა - „ეჰ, რა სულელები ვიყავითო...
ლეონოვს გულმა პირველად რომ უღალატა, 16 დღე კომაში იყო და გადარჩა...
ამბობენ, შვილი არ მოშორებიაო...
თვალი რომ გაახილა, განაცხადა - „იქ“ რანევსკაიას ვეძებდი... გზა მიმასწავლესო, მაგრამ მისვლა ვერ მოვასწარიო“...
მეორედ რომ უღალატა გულმა, სპექტაკლისთვის ემზადებოდა და უბრალოდ დაეცა...
იმ დღეს სპექტაკლი არ ჩატარდა, მაგრამ არცერთ მაყურებელს არ ჩაუბარებია უკან ბილეთები...
ისინი დილამდე იდგნენ თეატრის წინ, ხელში სანთლებით...
მინდა, დავასრულო ლეონოვის მეგობრის, დრამატურგ გრიგორ გორინის მოგონებით...
ევგენი ლეონოვის გარდაცვალების მეორე დღეს, ის ეზოში ჩავიდა, მანქანასთან და გაიგონა ბავშვების დიალოგი...
ერთი მეორეს ეუბნება:
- გაიგე? ვინი-პუჰი მომკვდარა!
მეორემ წყნარად უპასუხა:
- ტყუილია, დღევანდელ სერიაში ვინი- პუჰი სტუმრად მიდის, ნანახი მაქვსო...
ბავშვები ყოველთვის იძახიან სიმართლეს და ვინი-პუჰები არასდროს არ კვდებიან!
გისურვებთ ბედნიერ, თბილ და ტკბილ ორშაბათ დღეს!
https://www.facebook.com/lela.anjaparidze/posts/2359427280805673