logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მადლობით გავუშვით თანამდებობიდან მამუკა ბახტაძე
- +

3 სექტემბერი. 2019. 11:12

 

 

„მე პირადად, დღესაც შემიძლია გავიმეორო, მადლობით გავუშვით თანამდებობიდან მამუკა ბახტაძე“, - განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

 

„როგორც უკვე მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა. კვირას, საღამოს, ჩვენ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, სადაც შევათანხმეთ ეს საკითხი და მთელმა გუნდმა მადლობა გადაუხადა.

 

მე პირადად, დღესაც შემიძლია გავიმეორო, მადლობით გავუშვით თანამდებობიდან მამუკა ბახტაძე, საკუთარი სურვილით. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს მოხდა ძალიან კულტურული ფორმით და კარგია, თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ მთელ საქართველოში, რომ კაცი მოვიდა იდეებით, იყო მთავრობის მეთაური, მან მოახერხა თავისი იდეების გუნდთან შეთანხმება, რეალიზებაში მოიყვანა დიდი ნაწილი და დანარჩენი, ასე ვთქვათ, პროცესები ჩაირთო და დაიწყო. მან ჩათვალა, რომ თავისი სიტყვა თქვა და ადგილი დაუთმო ახალს, განვითარებას მისცა ადგილი. დიდი მადლობა გადავუხადეთ მთელმა გუნდმა და მე კიდევ მინდა საზოგადოებასთან პირისპირ, პირდაპირ მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მისი მოღვაწეობისთვის, როგორც ფინანსთა მინისტრის რანგში, ისე პრემიერ-მინისტრის რანგში და მისი თანამდებობიდან კულტურული წასვლისთვის.

 

დღეს დილით ჩვენ გვქონდა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო. პოლიტიკურ საბჭოზე, მე როგორც თავმჯდომარემ წარვადგინე პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა გიორგი გახარიას სახით. მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ამის შემდეგ, შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, კითხვებიც არ დასმულა და ეს არის ობიექტური შეფასება ჩვენი არჩევანისა.

 

თქვენც, ჟურნალისტებიც და საზოგადოებაც, კარგად იცნობთ გიორგი გახარიას. მე ვფიქრობ, რომ საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენიდან, შემდგომ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა და მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს.

 

კიდევ ერთხელ მინდა მას საზოგადოების წინაშე მივულოცო და ვუსურვო წარმატება მომავალ საქმიანობაში. გიორგი გახარია წარმოგიდგენთ ცვლილებებს მთავრობაში, რომელიც მან წარუდგინა უმრავლესობას, ეს მისი პრეროგატივაა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner