სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, პერევთან ქართული პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანა ხდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის მხოლოდ ქვეითად ხდება და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის არსებითი შეღავათი იქნება.
„საუბარია პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანაზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის ხდება მხოლოდ ქვეითად და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის იქნება არსებითი შეღავათი. 2018 წლის მაისში მოხდა ამის შესახებ IPRM-ის ყველა მონაწილის ინფორმირება, ასევე, ამის შემდეგაც საუბარი რამდენჯერმე იყო IPRM-ის ფორმატის მექანიზმებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობის მოსამზადებელი სამუშაოები“, - აცხადებენ სუს-ში.
შეგახსენებთ, „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან თადთაევი ჯავის რაიონის სოფელ სინაგურში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე გაეცნო სოფლის მახლობლად ქართული პოლიციის პოსტის მოწყობის სამუშაოებს. აღნიშნულის შესახებ „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „პარლამენტის“ პრესსამსახურმა სააგენტო „რესს“ აცნობა. მათივე ინფორმაციით, სინაგურის მცხოვრებლებმა იჩივლეს, რომ 25 აგვისტოდან ამ სოფლის შემოგარენში საქართველოს პოლიციის პოსტის მოსაწყობად სამუშაოები განახლდა. „დეპუტატები“ აპირებენ, ე.წ. მესაზღვრეებთან ერთად ადგილზე გაეცნონ სიტუაციას და დაადგინონ, სად გადის „საზღვარი“.