ნინო კვაჭანტირაძე ბაგრატ დევნოსაძეს იხსენებს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„დაიწყო კარგი ამბები!
დღეს ჩემს სარედაქციო არქივს ვალაგებდი და ბაგრატ დევნოსაძის წერილები ვიპოვე,
ეს იცით ვინ იყო?- კარდაკარ რომ დადიოდა ტყე- ღრეში, ეკლესიის ეზოებში, ნატაძრალებზე, ნასახლარებზე, ქართული ვაზის ჯიშებს აგროვებდა. ამბობდა- ვაზის გადაშენება სოფელის მიტოვებით იწყებაო და ამიტომაც იყო, ეზო-კარს თავს არ ანებებდა, ათობით ჯიშის ვაზს საგულდაგულოდ დატერასებულ ფერდობზე ახარებდა და ადამიანებივით ელაპარაკებოდა (ქართული ფილმი „მშობლიურო ჩემო მიწავ“ ამ კაცით იწყება, გუთანით ხნულს რომ ავლებს) ოთხ- ხუთჯერ ვიყავი ჩასული მასთან - ზემო ვარძიაში და ყოველჯერზე ახალნაპოვნ ვაზის ჯიშებს მახვედრებდა, წერილებს მწერდა რედაქციაში და მარწმუნედა, ქართველმა კაცმა მესხეთის მიწას ვაზი უნდა გადაურჩინოსო და დახმარებას მთხოვდა... მაშინ ვერაფერი შევძელი, გარდა იმისა, რომ რამდენიმეჯერ წერილი გამოვაქვეყნე...
ახლა ბაგრატ დევნოსაძის დაწყებულ ნაოცნებარ საქმეს ამსრულებელი გასჩენია -
ასპინძაში ისტორიული მესხური ტერასები ბრუნდება.
დღეს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მესხურ მიწას ვაზის პირველი ნერგი ჩააბარა!გაიხაროს, გაიხაროს, გაიხაროს!
მჯერა, ბაგრატი პაპაც ხარობს იმ ქვეყნიდან!“- წერს კვაჭანტირაძე.