logo_geo
eng_logo
1931 წლის 15 აგვისტოს საბჭოთა კომპოზიტორი მიქაელ ტარივერდიევი დაიბადა
- +

15 აგვისტო. 2019. 19:46

 

„...И плачем мы, И светит воск с огарка

На профиль гениального сайгака,

И слышит подмосковные стаккато.

Тоска какая, тоска какая!“,

 

თქვა ანდრეი ვაზნესენსკიმ ჩვენი დღევანდელი იუბილარის დაკრძალვის დღეს... მანამდე კი....

 

1931 წლის 15 აგვისტოს ჩვენს ულამაზეს თბილისში დაიბადა კიდევ ერთი ძალიან მაღალი დონის შემოქმედი, სომხური წარმომავლობის უდიდესი საბჭოთა კომპოზიტორი, რუსეთის სახალხო არტისტი და მრავალი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი მიქაელ ტარივერდიევი.

 

მიქაელ ტარივერდიევმა სკოლა თბილისში დაამთავრა, ის კი არადა, 43-ე სკოლის ჰიმნიც კი მან დაწერა. 6 წლისა იყო, როდესაც დედამ თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სკოლაში შეიყვანა, 10 წლისამ კი პირველი სიმფონია დაწერა... ამბობენ, რომ 13 წლისა იყო მიქაელი, როდესაც თავისი თანატოლის - გიორგი გელოვანის ლიბრეტოზე დაწერა ორი ერთაქტიანი ბალეტის მუსიკა, რომლიდანაც ერთი - „დაკითხვა“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიდგა 1945 წელს. სწორედ იქ და იმ დროს გაიცნო მან მომავალში სახელგანთქმული ორი რუსი ბიჭუნა, რომელთაგან ერთი იყო მსოფლიო დონის კარდიოლოგი ვლადიმერ ბურაკოვსკი, მეორე კი სრულიად გამორჩეული პოლიტიკოსი ევგენი პრიმაკოვი.

 

მიქაელი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ბოქსით, დოღით, მოტოციკლით, ცურვით... ეგ რაა, საქართველოს გრძელ დისტანციაზე მოცურავეთა ნაკრების წევრიც იყო და...

ერთ-ერთი გაცურვის დროს დედამ უთხრა, რომ ერევნის კონსერვატორიაში უნდა ჩაებარებინა. მიქაელმა დედა სათოს უარი ვერ აკადრა, მისთვის, ისევე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანისთვის, დედა ქალღმერთი იყო, მოგვიანებით წერდა, ყველაფერი, რავ კი რამ კარგი იყო ჩემში, დედისგან ვისწვლე, ყველაფერი ცუდი კი ეს ისაა, რისი სწავლაც დედისგან ვერ შევძელიო. ჰოდა, მიქაელიც ადგა, დედას დაუჯერა და მართლაც ჩააბარა ერევანში, მაგრამ კონსერვატორია არ დაუმთავრებია, ისე გადავიდა მოსკოვის უპრესტიჟულეს გნესინების სახელობის მუსიკალურ-პედაგოგიურ ინსტიტუტში და მისი მასწავლებელი იყო ასევე თბილისში დაბადებულ-გზარდილი უდიდესი კომპოზიტორი არამ ხაჩატურიანი.

 

1950 წლიდან მიქაელ ტარივერდიევი უდიდესი პოეტის ვლადიმერ მაიაკოვსკის პოეზიამ გაიტაცა... ერთხელაც კომპოზიტორს პოეტის შეუდარებელმა მუზამ ლილია ბრიკმა დაურეკა და თავის სახლ-სალონში მიიპატიჟა, სადაც იმ დროის უდიდესი ხელოვანები იკრიბებოდნენ, მათ შორის ჩვენი ბულატ ოკუჯავა. ლილია ბრიკმა ტარივერდიევს სთხოვა, რომ მაიაკოვსკის პოემაზე - „ომი და მშვიდობა“ ორატორია დაეწერა. კომპოზიტორმა უმაღლეს დონეზე შეასრულა გენიალური ლილია ბრიკის თხოვნა.

 

მიქაელ ტარივერდიევმა დაწერა 100-ზე მეტი სიმღერა და რომანსი, 4 ბალეტი, 5 ოპერა და კიდევ მრავალი ნაწარმოები, მაგრამ მე მაინც „სხვა“ მუსიკას გავუსვამ ხაზს, რომელიც მან 135-მდე ფილმისა და სპექტაკლისთვის შექმნა. ღრმად მწამს, რომ სწორედ ტარივერდიევის მუსიკამ შეიტანა ის ერთი და განსაკუთრებული „ნოტი“ ყველაზე ცნობილი რეჟისორების ფილმებსა თუ სპექტაკლებში, ბევრი მათგანის გაშედევრებას შეუწყო ხელი და კიდევ უფრო მაღალ რეგისტრში აიყვანა მილიონობით მაყურებლისა და მსმენელის აღტაცება, მათ შორის ყველაზე კრიტიკულისაც კი...

 

გავიხსენოთ ზოგიერთი ფილმი, მაგალითად „რეზიდენტის შეცდომა“, ან „რუსული რეგტაიმი“, ან სულაც ჩვენი ცხოვრების თანმდევი და საყვარელი ფილმები, რომლებიც ტარივერდიევის გვარის გაგონებისთანავე გვახსენდება: ტატიანა ლიოზნოვას ლეგენდარული „გაზაფხულის 17 გაელვება“ და ელდარ რიაზანოვის - „ბედის ირონია. ანუ გაამოთ!“... ერთი წუთით წარმოიდგენეთ თუნდაც ეს ბოლო ორი ფილმი ტარივერდიევის მუსიკის გარეშე... იმის ნახევარი ეფექტიც კი არ ექნებოდა ამ შედევრებს, ასე არ არის?!

 

მიკაელ ტარივერდიევის მუსიკა არასოდეს შეგეშლება სხვაში, რადგან მას საქართველოს სული დაჰყვება... საქართველოს სხვა ხიბლი აქვს, სხვა საზრდოს აძლევს ხელოვანს და „სხვანაირად“ ქართულ კვალს სტოვებს შემოქმედი ადამიანების გემოვნების ჩამოყალიბებაში... არავინ შემომედავოს, ეს აქსიომაა... ჩემი თუ არ გჯერათ, აიღეთ ნებისმიერი კომპოზიტორი, რეჟისორი, მსახიობი, მომღერალი, სპორტსმენიც კი, რომელიც საქართველოში დაიბადა, მაგრამ მის გარეთ მოღვაწეობდა, გადახედეთ მათ ნამოღვაწარს და თავადაც დარწმუნდებით, რომ იოტისოდენსაც არ ვაჭარბებ...

 

მიქაელ ტარივერდიევი იყო არა მხოლოდ თანამედროვეობის, არამედ წარსულისა და მომავლის კომპოზიტორი... დიახ, მის მუსიკაშია ეს ყველაფერი - აწმყო, წარსული და მომავალი...

 

მიქაელ ტარივერდიევი გარდაიცვალა 1996 წელს, სოჭში. იგი დაკრძალულია მოსკოვის სომხურ სასაფლაოზე.

 

და დარჩა სამყაროს მიქაელ ტარივერდიევის განუმეორებელი მუსიკა და мгновения, мгновения, мгновения...

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220248653786303

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner