ავტორი თეა ფირცხალავა
„Жизнь каждого, бесспорно, это сага,
Где все — судьбою прошеные гости,
О чём, взрастив сокровище из праха,
Живописал великий Голсуорси...“
1867 წლის 14 აგვისტოს დაიბადა უდიდესი ინგლისელი ნობელიანტი პროზაიკოსი და დრამატურგი ჯონ გოლზუორთი, რომელმაც 1921 წელს, კოლეგა ქეთრინ ემი დოუსონ-სკოტთან ერთად, დააფუძნა მსოფლიოში ცნობილი „პენ-კლუბი“ ლონდონში და მისი პირველი პრეზიდენტი გახდა. სიტყვა „პენ“ წარმოადგენს სიტყვების „პოეტის“, „ესსეისტის“ და „ნოველისტის“ პირველი ასოებისგან შემდგარ აკრონიმს, ხოლო თავად „პენ-კლუბი“ არის პროფესიონალ მწერალთა მსოფლიო კავშირი, რომელიც იცავდა და დღესაც იცავს მწერლებს - კონკრეტულად და თავისუფალ სიტყვას - ზოგადად.
ოქსფორდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ ჯონ გოლზუორთი ცხოვრობდა ლონდონში და ბევრს მუშაობდა... თუმცა, არც გართობაზე ამბობდა უარს და შეძლებული ჯენტლმენის ტრადიციულ „წეს-ჩვეულებებსაც“ იცავდა: აწყობდა საზეიმო წვეულებებს, თავადაც უყვარდა სტუმრად მისვლა და ინგლისელებისთვის ზედმეტად ემოციური ბეთჰოვენის მოსმენა, ნადირობა, ცხენით ჯირითი, დოღი, ბანქო, ქალები... მაგრამ ყველაფერი ეს მანამ ხდებოდა, სანამ ბიძაშვილის - მაიორ ართურ გოლზუორთის ქორწილში მის ულამაზეს საცოლეს ადა ნემეზიდა პირსონ კუპერს არ შეეფეთებოდა... ის იყო წამი, რომელმაც ჯონ გოლზუორთის ცხოვრება და შემოქმედება განსაზღვრა...
აქვე გეტყვით, რომ ბიბლიური სახელი ადა არის ქალის მეორე სახელი - ევას შემდეგ, რომელიც ბიბლიაში მოიხსენიება (დაბადება 4:19-20), ხოლო როდესაც ბიბლიაში ნახსენებია ქალის სახელი, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ძალზე მნიშვნელოვანი იყო ღმერთისთვის... პარალელი ნამდვილად არ გამივლია, უბრალოდ იმის თქმა მსურდა, რომ გოლზუორთის ადაც უმნიშვნელოვანესი „პერსონაჟი“ იყო მწერლისთვის. როგორი იყო ადა კუპერი? იგი იყო ერთობ მუსიკალური და კომუნიკაბელური ქალბატონი, თუმცა ქმარში ვერ გაუმართლა... სამაგიეროდ „გაუმართლა“ ჯონში, რომელიც ადვილად მოაჯადოვა თავისი საოცარი საუბრით, ვნებით და ტემპერამენტით... 10 წელი ჯონ გოლზუორთი ჩუმად ჰყვარობდა ადას, რომელსაც მეორე სახელად ნემეზიდა ერქვა, ანუ მორალის, პატიოსნებისა და შურისძიების განმასახირებელი ქალღმერთის სახელი:
„Скрыв Немезиды грозное признанье.
Так мужу редкой вещью отдалась,
Зажав в губах в бессильи покаянье.
Но время для возмездья настает.“
ადა ნემეზიდა გახდა ჯონ გოლზუორთის ცხოვრების მთავარი ქალი, მუზა, სიყვარული და მისი მრავალი ნაწარმოების გმირი ქალბატონების პროტოტიპი, მათ შორის ირენ ფორსაიტისა, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოების - „ფორსაიტების საგის“ (და მრავალი საბედისწერო ქალის) სახეა...
საინტერესოა, რომ ჯონზე დაქორწინების შემდგომაც კი, ადა კუპერი იყო მწერლის არა მხოლოდ მუზა, არამედ მისი ერთგული თანამგზავრი, მდივანი, მეგობარი და მესაიდუმლეც კი... ჯონ გოლზუორთი, ჩემი სუბიექტური აზრით, ალბათ იყო ერთადერთი კაცი მთელ დუნიაზე, რომელმაც მხოლოდ იმიტომ თქვა უარი 19 წლის (ქუთაისლებისა არ იყო - გიტარისტანიან) მოცეკვავესთან - მარგარეტ მორისთან „სხვანაირ“ სიყვარულზე, ანუ არაშემოქმედებით კავშირზე, რომ „ის“ ამბავი გულს გაუხეთქავდა ადა კუპერს... ჩვენს ბედნიერებას სხვის უბედურებაზე ვერ ავაგებთო, მისწერა მარგარეტს... სანამ ჯონს შევაქებდე, მანამ აქვე გეტყვით, რომ 1917 წელს ჯონ გოლზუორთიმ უარი განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრისგან დეივიდ ლლოიდ ჯორჯისგან რაინდის წოდების მიღებაზე და განაცხადა, რომ მწერლის ჯილდო თავად მისი ნაწერებიაო... და კიდევ ერთი, 1932 წელს მიღებული ნობელის პრემია მწერალმა მისსავე დაარსებულ „პენ-კლუბს გადასცა... რა შემიძლია ვთქვა ასეთ კაცზე? არც, არაფერი, შექების გარდა: ყოჩაღ ჯონ!!!
სამაგიეროდ ადა არ აღმოჩნდა გულმავიწყი. მართალია, მარგარეტთან პლატონური ფლირტის შემდგომ ქმარს არ გაშორებია, მაგრამ აღარც „ის“ სიყვარული ჰქონდა, რაც ადრე. ის კი არადა, როდესაც ჯონის მოახლოებულ სიკვდილზე შეიტყო, გაეგოისტებული ქალბატონი, ჯონზე მეტად იმაზე ტიროდა, მე ვიღა მომხედავსო... ჰოდა...
1933 წელს 65 წლის ჯონ გოლზუორთი ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა, ლონდონში. მან დატოვა ლექსი-ანდერძი (იხ. ფოტო), რომლის თანახმადაც იგი დაწვეს, ხოლო მისმა დისშვილმა რუდოლფ საუთერმა მწერლის ფერფლი საუთ დაუნსის მთის ფერდობებზე მიმოფანტა.
„Scatter my ashes!
Let them be free to the air…“
„მიმოფანტეთ ჩემი ფერფლი და...
დე თავისუფლად წაიღოს ქარმა...“
მიუხედავად ამისა, დღეს, ჰაიგეითის სასაფლაოზე შესაძლებელია ჯონ გოლზუორთის მემორიალური „საფლავის“ ნახვა.
ადა გოლზუორთიმ 92 წლის ასაკამდე იცოცხლა და ბოლოს მისი ფერფლიც იგივე ადგილზე მიმოფანტეს. ადას ზარდხშაში იპოვეს ჯონ გოლზუორთის ორი ლექსი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა მწერლის განუზომელ ლტოლვას პირველი და უკანასკნელი, ჭეშმარიტი სიყვარულის მიმართ, რომელსაც მან საკუთარი „ცხოვრების ქალი“ უწოდა.... და ამ სტატუსს იმ ორი ლექსიდან ერთ-ერთით დავასრულებ:
„Защитите ее, полуночные боги,
Глаз не спускайте, пока спит она.
И чтобы ей в радость была дорога,
Осыпьте ее поцелуями сна.“
სანამ დაგემშვიდობებოდეთ, მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო უცხო ენების ინსტიტუტი და ჩემი ბრწყინვალე ლექტორები: სრულიად შეუდარებელი ციალა თოფურიძე და გენიალური მერი არემბოვსკაია, რომლებმაც თითქის ზეპირად დამასწავლეს ჯონ გოლზუორთის „ფორსაიტების საგა“ და თეკერეის „ამაოებათა ბაზარი“, ერთმა ლიტერატურული ფასეულობის, მეორემ კი ლინგვისტურ-სტილისტური წიაღსვლების კუთხით. ის კი არადა, „უბედურ“ ირენ და სომს ფორსაიტზე 24 ფურცლიანი საკურსოც დავწერე და სწორედ მაშინ მითხრა ქალბატონმა ციალამ, მისტერ ჯონი, გენცა, გოლზუორთი იყო და არა გოლსუორსი, როგორც შენ უწოდებო...
სწავლა სიკვდილამდეაო, უთქვამს ბრძენს და... საკუთარ თავსაც და თქვენც იმავეს გისურვებთ!!!
https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220240821350497