logo_geo
eng_logo
Die Welt: გერმანია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას ქურდული დაჯგუფებების გამო უფრთხის!
- +

5 ივნისი. 2016. 21:36


გერმანული გამოცემა Die Welt სტატია აქვეყნებს საქართველოსთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ გერმანიაში ამ საკითხისადმი წინააღმდეგობა იზრდება, რადგან ფედერალურ მთავრობას არ სურს გერმანიაში ორგანიზებული კრიმინალის ზრდა.


სტატიის ავტორი ციტირებს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელმაც ბუნდესტაგში  ისაუბრა იმაზე, რომ უცხოეთიდან შემოსული კრიმინალური დაჯგუფებები მონაწილეობენ ბინების და მოქალაქეების ძარცვასა და ქურდობაში და ამ მხრივ, მინისტრის განცხადებით, ბოლო დროს განსაკუთრებული პრობლემები შექმნეს ქართველმა კრიმინალებმა და ამან გამოიწვია ვიზის ლიბერალიზაციის საკითხის მიმართ წინააღმდეგობა.


გერმანული გამოცემის ცნობით, ზოგადად, ფედერალური მთავრობა ეწინააღმდეგება უვიზო რეჟიმის ამოქმედებას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინისა და კოსოვოს მიმართაც, თუმცა საქართველოს ნაწილში განსაკუთრებულად პრობლემურად გამოიყოფა სწორედ კრიმინალური დაჯგუფებებიდან მომდინარე საფრთხეები.


ბერლინში შიშობენ, რომ უვიზო მიმოსვლის დაწესება ამ ქვეყნებისთვის გაზრდის თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობას გერმანიაში, რადგან უკვე დაფიქსირდა გასულ წლებში ასეთი მასობრივი რაოდენობა აპლიკანტებისა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან, როცა უვიზო მიმოსვლა დაწესდა მათთან მიმართებაში.


სტატიის ავტორის ცნობით, გერმანია და საფრანგეთი ემხრობიან ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემუშავებას, რომლის მიხედვით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეეძლებათ უვიზო რეჟიმის შეჩერება. გამოცემა იუწყება, რომ ამ ქვეყნების იუსტიციის და შინაგანა საქმეთა მინისტრები ევროკავშირის საბჭოში არ დაეთანხმებიან საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის დაწესებას მომავალ კვირაში, რის გამოც პრობლემები შეიქმნება როგორც ბრიუსელში, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.


Die Welt-ის ცნობით, იმის მიუხედავად, რომ ევროკომისიას სურს სწრაფად აუნთოს მწვანე შუქი საქართველოს, უკრაინას, კოსოვოსა და თურქეთს ვიზის ლიბერალიზაციის კუთხით, გერმანიის ფედერალური მთავრობა მომხრეა, რომ ეს ეტაპობრივად მოხდეს.


პეერ შტაინბრუკი, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის წევრი აცხადებს, რომ უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი სავიზო შეთანხმებებზე ევროზონის გაფართოებაზე, ევროკავშირის ექსპანსიასა და ნატოს გაფართოებაზე, მათ შორის მონტენეგროს საკითხში, მანამ სანამ არ მოგვარდება ევროკავშირში არსებული მიგრანტების კრიზისის, რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობის კუთხით არსებული პრობლემები.


შეგახსენებთ, რომ 1 ივნისს, ბრიუსელში, ვროკავშირის საბჭოში, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (კორეპერი) სხდომა გაიმართა, სადაც როიტერის ცნობით,  საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რადგან საკითხს ეწინააღმდეგებოდნენ საფრანგეთისა და ესპანეთის წარმომადგენლები. კორეპერი ამ საკითხზე ვერც 24 მაისის სხდომაზე შეთანხმდა. ეს ინფორმაცია მაშინ რადიო "თავისუფლებამ" გაავრცელა. მომავალ კვირაში კორეპერი ისევ უნდა შეიკრიბოს, რომელიც ამზადებს გადაწყვეტილებას ევროკავშირის მინისტრთა საბჭოსთვის. ევროკავშირის (მინისტრთა) საბჭოს სხდომა 9-10 ივნისს უნდა გაიმართოს, რომელმაც უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების საკითხს.


თუ 9-10 ივნისს ევროკავშირის მინისტრთა საბჭო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე თავის დადებით პოზიციას დააფიქსირებს, ივნისის ბოლომდე, ანუ ევროპარლამენტარების შვებულებამდე უნდა მოესწროს LIBE-ს კომიტეტის მინიმუმ ერთი სხდომა, რადგან უცნობია, მოხსენება და კენჭისყრა ერთსა და იმავე სხდომაზე გაიმართება თუ არა. ასევე რჩება ევროპარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც დეპუტატების უმრავლესობამ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას უნდა დაუჭიროს მხარი.


ამის შემდეგ გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.


ამ ეტაპების დასრულების შემდეგ შეეძლება ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტული მიზნით უვიზოდ გაემგზავროს და 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს წესი არ გავრცელდება ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებზე, რომლებიც არ შედიან შენგენის ზონაში, ესენია: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კვიპროსი, ბულგარეთი, რუმინეთი და ხორვატია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner