რეზო ხოფერია გიორგი ვაშაძეს ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან მიმართავს და წერს:
„გიორგი ვაშაძეს...
გავიგე, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გქონიათ. გაგიწვიმდათ, ხალხი გაგქცევიათ და თქვენ გული დაგწყვეტიათ. მესმის თქვენი. მეც ვმდგარვარ რუსთაველის გამზირზე, 2011 წლის 25 მაისს. დღისით ამინდი მზიანი და ცხელი იყო, ხალხი მატულობდა. გზა და გზა გვიერთდებოდნენ. ბოლოს ძველი პარლამენტის შენობის წინ გავჩერდით და იმდენი ვიყავით, გვეგონა მთელმა საქართველომ აქ მოიყარა თავი. ჩვენ გადავწყვიტეთ აგვეგო ცათმფრენი! დიახ, მაშინ იდეა იმის, რომ სააკაშვილის მმართველობა უნდა დასრულებულიყო ზუსტედ ასევე გიჟურად ჟღერდა, მაგრამ ჩვენ იქ ვიდექით და გვწამდა, რომ გავფრინდებოდით!
მერე გაწვიმდა... გიორგი, თქვენ ალბათ არ გინახავთ ასეთი წვიმა. ეს იყო რაღაც ღვთიური მადლის და ძალიას წვიმა. თბილი და ძლიერი. ხალხი შემოგვეცალა, დავცოტავდით. მაშინ ყველას გული დაგვწყდა ამ წვიმის გამო. მერე მოხვედით თქვენ და თქვენი მეგობრები და დაგვხოცეთ. რუსთაველის გამზირზე ქართველების, თქვენი თანამოქალაქეების სისხლი დაღვარეთ!
მეორე დღეს, 26 მაისს თქვენ ბატონო გიორგი და თქვენმა მეგობრებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, გრანდიოზული აღლუმით აღნიშნეთ და გიხაროდათ ის, რომ კვლავ მიშა იყო პრეზიდენტი, თქვენ კვლავ მის გვერდში იდექით და ის "შერეკილები" იქ აღარ იდგნენ, აღარც სისხლის მდინარე იდგა რუსთაველზე, წვიმამ გადარეცხა.
დღეს ერთ რამეს ვხვდები! რომ არა ის წვიმა, კიდევ რამდენ ადამიანს იმსხვერპლებდით, კიდევ რამდენი დასახიჩრდებოდა, რამდენს ამოხდიდით სულს!
წვიმამ, რომელიც იმ ღამეს "თავს დაგვესხა" იმაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იხსნა თქვენგან, ვიდრე თქვენ დღეს რუსთაველზე შეკრიბეთ. ასე რომ მადლობელი იყავით ბუნების ამ ულამაზესი მოვლენის, რომ თქვენი დამპალი სული უფრო მეტად არ არის დამძიმებული ძმათა კვლით!"