ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაციამ პრეზენტაცია - „ეკოლოგიური საკითხები ზფქ-ში და მათი გადაწყვეტის გზების ძიება“ - გამართა.
ღონისძიებას „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციული დირექტორი თემურ ხონელია და კომპანიის გარემოს დაცვის დირექტორი ირაკლი ნოზაძე დაესწრნენ, რომლებმაც პრეზენტაციის თემის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს.
ღონისძიება ქარხნის სამმართველოს შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ნაწილი, მუზეუმების, სკოლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების პრეზენტატორი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი ვასილ გველესიანი გახლდათ.
„პრეზენტაციის მიზანი იყო ზესტაფონისა და ზოგადად საზოგადოების ფართო წრეებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რა გავაკეთეთ ეკოლოგიური საკითხების მოგვარებისა და გაუმჯობესებისთვის. ჩვენ საბოლოოდ შევქმენით პროექტი, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც შეგვეძლება, მეოთხე საამქროს ღუმელიდან პროდუქციის გამოშვების დროს, ქურიდან და ციცხვიდან გაზების დაჭერა-გაწოვის საკითხის მოგვარება, რადგან არ მოხდეს არაორგანიზებული გაფრქვევის ფაქტები.
სამუშაოებში ჩართული გვყავდა ქართველ მეცნიერთა ჯგუფი, ასევე ჩამოყვანილი გვყავდა უცხოური კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაატარეს წინასაპროექტო სამუშაოები და მოგვცეს რეკომენდაციები. პარალელურად, ჩვენი ქარხნის თანამშრომლებისგან ჩამოყალიბებული 5-კაციანი ჯგუფი უკრაინაში, „ნიკოპოლის“ ქარხანაში საუკეთესო პრაქტიკის შესასწავლად გავგზავნეთ. სწორედ ამ ყველაფრის საფუძველზე მომზადდა პრეზენტაცია, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ. პრეზენტაციაზე დასწრება შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს და მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების ჩართულობა მართლაც მაღალი იყო", - განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრის დირექტორი, თამარ გველესიანი აღნიშნავს, რომ მსგავს პროექტებს ყველა სამრეწველო დაწესებულება უნდა ახორციელებდეს.
„ჩვენ მოვისმინეთ, როგორი იქნება მომავალში პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, სამუშაო პროცესში გამოყოფილი გაზისა და სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებების ეფექტურად დასაჭერად გარკვეული მოწყობილობების შექმნას და ღონისძიებების განხორციელებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც კარგი წარმოებისთვის, ასევე ჩვენი საზოგადოებისთვის. ადგილობრივ მოსახლეობას, რა თქმა უნდა, აინტერესებს ეს საკითხები და ვფიქრობ, დღეს ჩვენ ბევრი კუთხით საჭირო ინფორმაცია მივიღეთ", - განაცხადა თამარ გველესიანმა.