logo_geo
eng_logo
5 ივნისს ლევან ცუცქირიძის გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა!(ფოტოები)
- +

6 ივნისი. 2016. 10:53



5 ივნისს, 17 საათზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნების სასახლში ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატის, ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელისა და საქართველოს დამსახურებული მხატვრის ლევან ცუცქირიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა.



ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის 40-მდე ნამუშევარი, რომელთა უმეტესობაც „ვეფხისტყაოსნის" თემატიკას ეძღვნება. აღსანიშნავია, რომ გამოფენის გახსნასთან ერთად მოხდა მხატვრის მიერ ილუსტრირებული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" კატალოგის პრეზენტაცია.

ლევან ცუცქირიძემ 1960 წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემიის ასპირანტურა პროფესორ სერგო ქობულაძის ხელმძღვანელობით. მის მიერ 1960-იანი წლების შუა ხანებში შექმნილი ილუსტრაციებით შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი" ორჯერ გამოიცა (1970, 1980) (მათ შორის ერთ-ერთი გერმანიაში, გერმანულ ენაზე). მხატვარს ეკუთვნის ილუსტრაციები იაკობ ცურტაველის („შუშანიკის წამება"), ვაჟა-ფშაველას („სტუმარ-მასპინძელი", „გიგლია", „გველისმჭამელი" და სხვა), გალაკტიონ ტაბიძის, ალექსანდრე ყაზბეგის („ხევისბერი გოჩა"), გრიგოლ ორბელიანის („სადღეგრძელო") თხზულებებისათვის.

1980-იანი წლების დამლევს ლევან ცუცქირიძემ მოხატა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი. 1998 წელს წიგნის მოყვარულთა საზოგადოებამ „არსი" 4 წიგნად გამოსცა მის მიერ დასურათებული „წმინდა ოთხთავი".

ლევან ცუცქირიძის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო თბილისში, 1959 წელს. ამის შემდეგ მისი პერსონალური გამოფენები სხვა და სხვა დროს მოეწყო თბილისში, მოსკოვში, აგრეთვე, გერმანიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ავსტრიაში, იუგოსლავიაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში.

აღსანიშნავია, რომ გოეთეს „ფაუსტის" მიხედვით შექმნილი მისი ნამუშევრები გამოფენილია ვაიმარში (გერმანია), გოეთეს სახლ-მუზეუმში. მისი ტილოები გამოფენილია, აგრეთვე, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა.

2016 წლის 12 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ლევან ცუცქირიძეს, 90 წლის იუბილეზე, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ხელოვნების ქურუმის წოდება გადასცა.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner