არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისთვის" წარმომადგენელი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრე ახალკაცი უნივერსიტეტში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვარ
მარტოთ ჩვენ გვზრდიან დედანი;
ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ
კუპრში მიელის ქშენანი.
შემთხვევითი არაა ჩემი კრიტიკული წერილი რომ ქართველი გენიოსის სიტყვებით დავიწყე. ვფიქრობდი ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვაც წამემძღვარებია, დათას რომ ათქმევინებს ბოროტებას ვებრძოდი და უფრო გამრავლდაო, რადგან დათა ბოროტებას ბოროტებითვე ებრძოდა.
დიდი ხანია ჩვენი საყვარელი უნივერსიტეტი დიდი შფოთისა და დაპირისპირების არენად ქცეულა. არ ვგულისხმობ აუდიტორია #115-ისა და უნივერსიტეტის თვითმმართვლობის დაპირისპირებას, რომელიც გაზაფხულზე დაიწყო. ბევრად დიდი ხნის წინ დაიწყო უნივერსიტეტში ის მოვლენები, რომელსაც ახლა თითქმის ყოველ დღე გვიშუქებენ ტელევიზიები. დიახ, 2006 წლის შემოდგომაზე დაიწყო ყველაფერი, მაშინ როდესაც დღეს ამბოხებული თუ თავდაცვით პოზიციაში მდგომი სტუდენტები ალბათ მესამე მეოთხე კლასელი ბავშვები იყვნენ. თქვენ თუ გგონიათ მაშინ ჩვენი მოთხვნა სხვა რამე იყო? სწორედ მაშინ ეყრებოდა საფუძველი უნივერსიტეტის თვითმმართველობის გადაქცევას ,,ზონდერ ბრიგადად" და ჩვენ ავდექით, ხმა ავიმაღლეთ და ღიად დავუპირისპირდით გიორგი ავალიანს (მაშინდელი თვითმმარველობის პრეზიდენტი) და ამის შემდეგ დავით კირკიტაძეს და ძმათა მათთა. რითი დასრულდა ჩვენი მაშინდელი ამბოხი? სულ მალე მე დამაპატიმრეს აბსურდული ბრალდებით. ავალიანი დარჩა პრეზიდენტად, ვიდრე მაღალ სახელმწიფო სამსახურებს არ შესთავაზებდნენ და სტუდენტებზე ტერორი არნახული ძალით გაგრძელდა. მერე იყო 2012 წელი და დასრულდა თითქოს ყველაფერი, მაგრამ სინამდილეში არაფერიც არ დასრულდებოდა და ვერც აუდიტორია #115 დაასრულებს ვერაფერს, რადგან ესაა ჩაკეტილი ჯადოსნური წრე, რომლიდან გამოსვლის რეალურ გზებს არავინ ეძიებს.
ამ დაპირისპირების გამო ძალიან ვღელავ და განვიცდი. განვიცდი უბრალო მიზეზის გამო. დღეს უნივერსიტეტი სამ ნაწილადაა გაყოფილი (ვგულისხმობ არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ ლექტორებსაც) აუდიტორიის მომხრეებად, თვითმმართველობის მომხრეებად და ნეიტრალურ ხალხად. ყველაზე მეტად რა თქმა უნდა ეს ნეიტრალური ხალხი არის გაღიზიანებული, ამბობენ, რა ნახეს ბოლო ბოლოო, მაგრამ თუ ბრძოლას შედეგი მოაქვს და ეს შედეგი სამართლიანობის აღდგენა და დამკვიდრებაა, შეიძლება არ მიაქციო ყურადღება ნეიტრალურ ნაწილს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბრძოლა სამართლიანობას ვერ მოიტანს რამდენიმე უბრალო მიზეზის გამო და შესაბამისად ნეიტრალური სტუდენტები და ლექტორები თითქმის მართლები არიან.
მივყვეთ მოვლენების ქრონოლოგიას.
უნივერსიტეტის სტუდენტთა გარკვეული ჯგუფი დაუპირისპირდა გაფრინდაშვილს. გაფრინდაშვილმა არ მოხსნა თავისი კანდიდატურა და სტუდენტები გავიდნენ ქუჩაში, მანამდე კი შევიდნენ აუდიტორია #115-ში და გამაგრდნენ. თვითმმართველობამ ჩათვალა ამ ყველაფრის უკან პაპავა იდგა (გაფრინდაშვილს თვითმმართველობაც უჭერდა მხარს) და მოითხოვეს პაპავას გადადგომა. აუდიტორია ამის პარალელურად ალაპარაკდა რეფორმაზე და სტუდენტურ თვითმმართველობის გაუქმებაზე. დაპირისპირება აქციებში გადაიზარდა. ლექტორები ძირითადად გაიყვნენ ორ ბანაკად. მაგრამ მათი უმრავლესობა საერთოდ არ გამოჩენილა, ისხდნენ ჩუმად, წყნარად და ხელის მოთბობას ცდილობდნენ განვითარებული მოვლენებით. (ხომ გითხარით არაფერი შეცვლილა-თქო 2006 წლის მერე, მაშინაც ჩვენი ამბოხით სხვები გავიდნენ ფონს, მაშინაც ლექტორები თუ პოლიტიკური პარტიები ცდილობდნენ ქულების დაწერას, მაგრამ ჩვენ ისინი უბრალოთ ,,გავაპანღურეთ") განათლების მინისტრი წავიდა დათმობებზე, კვირიკაშვილმა განაცხადა, ჩემი შვილის ტოლა ბავშვები არიან დაცვა რათ მინდაო, ღარიბაშვილი დუმდა... დაწყნარდნენ ყველანი თითქოს, მაგრამ ეს დაწყნარება დროებითი აღმოჩნდა. აქაოდა განათლების სამინისტრო დროს გვიწელავს, დაპირებას არ ასრულებსო, აუდიტორია #115 გავიდა კანონიერი ჩარჩოებიდან და ძალადობრივი ქმედებით დაიკავეს უნივერსიტეტის ის აუდიტორიები, რომლებიც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დაუთმო თვითმმართველობას, სადაც განთავსებული იყო კომპიუტერები და სხვა სახის ტექნიკა. აი, დათა თუთაშხიას სიტყვები რატომ ვახსენე თავში. თუმცა ვერაფერს იტყვი იმაზე, რომ თვითმმართველობის წევრებმა გალახეს სტუდენტი. ეს ფაქტი იმ დღესვე ხმამაღლა გავაპროტესტე. 2006-2007 წლებში ფიზიკური თუ მუქარის ძალით ცდილობდნენ ჩვენს გატეხვას და გვემუქრებოდა ავალიანის კლანი ჩვენ კაი ბიჭები ვართ, რა ნაციონალებთან შეკრულნი, ქურდები გვკრიშავენო. (ეს და სხვა მაშინდელი ბატალიები დეტალურად მაქვს ჩემს რომანში ,,გამოცდა ხელბორკილით" განხილული.) დიახ, დღესაც გამოურიეს მოძველბიჭო ელემენტები ზოგიერთებმა და სცემეს აუდიტორიელი. ესეც კანონსმიღმა ქმედებაა. მაგრამ აქ ყველაზე ცუდი იცით რაა? იმ ბიჭების კანონის მიხედვით დასჯას რომ ითხოვენ. კი, ბატონო, კანონის დამრღვევი ყველა უნდა დაისაჯოს, მაგრამ 18-19-20 წლის ბიჭები, რომელთაც სავარაუდოდ ეკუთვნით ჯგუფური ხულიგნობის მუხლი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია (მიშა ამ მუხლზე იჭერდა ხალხს, თუმცა დღეს ძირითადად საპროცესო გარიგებები იდება მხარეებს შორის) და რა მოხდება? დამნაშავეებს მიუსჯიან პირობით სასჯელს, მათი ისტორია სამუდამოდ გაფუჭდება და ეს ახალგაზრდები დიდი შანსია ,,გზას აცდნენ" მიატოვონ სწავლა და ცხოვრების ტრამალ გზებზე უფრო მეტი ცუდი ჩაიდინონ. აი, ამიტომაა ეს წრე ჯადოსნურად ჩაკეტილი. რა მოხდა ჩვენი დაპირისპირების შემდეგ 2006 წელს? როგორც საზოგადოებამ იცის დამიჭირეს 2007 წელს, მას შემდეგ რაც მავანთა მოთხოვნა არ შევასრულე სწავლა მიმეტოვებინა. ბიჭები დაწყნარდნენ. ავალიანი და მისი მოხელეები მოვიდნენ მაღალ თანამდებობებზე, მერე შეიცვალა ხელისუფლება და ჩემი თანამებრძოლები მოვიდნენ ხელისუფლებაში და დაიწყო ისევ დევნა გიორგი ავალიანის კლანის, როგორ პარპაშებდი მაშინო და ასე შემდეგ. ჩემდა საბედნიეროდ მე მათ მივუტევე ის, რომ სწორედ მათი დამსახურებით გადავიმტერე ნაციონალური მოძრაობა, რადგან ციხემ ძალიან ბევრი მომცა, და მომცა იმიტომ რომ ჩვენი ბრძოლა იყო ნათელი, არა მხოლოდ უნივერსიტეტში არამედ თავად ციხეშიც და ვინც ციხეში შემხვედრია, დამეთანხმება იქ უფრო მნიშვნელოვანი იყო ბრძოლა, როცა ყველამ ყველაფერი იცოდა და ლადო ბედუკაძის კადრების გასაჯაროებამდე, ხმას არავინ იღებდა, ხოლო იმ დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილ ჯალათებს ვერავინ უშლიდა ხელს ეხოცათ პატიმრები. (მათი დიდი ნაწილიც ვინც სიკვდილს გადაურჩა სამუდამოდ დააინვალიდეს) ცუდია, როცა უნივერსიტეტის დერეფანში ოცი ან თუნდაც ერთი კაცი გცემს, მაგრამ უფრო ცუდია როცა მოძალადეს, ოცი წლის ბიჭს გაწირავ, სამუდამო დაღს დაასვამ, მტრად იქცევ და გააბოროტებ. აქამდე კი რამ მიიყვანა მოვლენები? იმან რომ არცერთ მხარეს არ სურდა დათმობა.
შალვა საბაური წინდახედულად მოიქცა, როცა თავისი მხარდამჭერები (სიტყვა თავისას იმიტომ ვხმარობ, რომ ეს დაპირისპირება ფაქტიურად საბაური-ლორთქიფანიძის დაპირისპირებად იქცა) გაარიდა პირველ კორპუსს, როცა აუდიტორიელებმა თვითმმართველობისათვის გადაცემული ოთახები შტურმით აიღეს. რომ დაეცვათ ამ ბიჭებს აუდიტორიები, რა მოხდებოდა? ის, რაც აწყობს იმ ხალხს, რომლებიც ამ დაპირისპირებას საკუთარი მიზნების ასასრულებლად იყენებს-დაიღვრებოდა სისხლი.
როცა უნივერსიტეტში მათ შორის პირველი დაპირისპირება მოხდა, აუდიტორია #115 იცავდა პაპავას (ბევრს გაუჩნდა კითხვები ასე თავგანწირვით რატომ იცავდნენ), ხოლო თვითმმართველობა ცდილობდა პაპავას კაბინეტის შტურმით აღებას, ამ მოვლენებს კი პასიური უნივერსიტეტის დაცვა ფაქტიურად ხელს უწყობდა (რაც ნიშნავს იმას, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს აწყობდა იქ მიმდინარე მოვლენები და თუ რატომ, ამ სამინისტროს ამას ქვემოთ მოგახსენებთ). მაშინ ისე მოხდა, რომ წინა რიგში ვიდექი, აღტკინებულ მხარეებს შორის და პატრულის თანამშრომლებთან ერთად ჯაჭვი შევკარით, რომ სტუდენტები ერთმანეთზე არ შემსკდარიყვნენ, ხოლო უნივერსიტეტის დაცვა ხელს კრავდა და ერთმანეთზე აყრიდა მათ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მაშინ აშკარა იყო თვითმმართველობა ამწვავებდა სიტუაციას, მაგრამ არც აუდიტორია მოქცეულა გონივრულად, რადგან მაშინ მაინც მოახერხეს ჩხუბი და დაშავდნენ სტუდენტები, მაგრამ აქ ფიზიკურად დაშავებულ სტუდენტებზე მეტად დაშავდა უნივერსიტეტი. დღეს იმ სასწავლო დაწესებულების ავტორიტეტი, რომელიც მუდამ ჩვენი სამშობლოს სადარაჯოზე იდგა, იმაზე ბევრად დაბალია, ვიდრე მაშინ იყო მე რომ ფეხი შევაბიჯე იქ. ეს ბუნებრივია, არც ერთ მშობელს არ სურს, მისი შვილი სწავლობდეს იქ, სადაც სტუდენტებიდან დაწყებული ლექტორებით დამთავრებული ერთმანეთს ჭამს.
ზემოთ ვახსენე სპორტის სამინისტრო, რატომ? როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა რა თქმა უნდა ახალმა ხელისუფლებამ, ყოველიშ ემთხვევისათვის ყველაზე უკონტროლებელი ხალხის, სტუდენტების მათი გავლენის ქვეშ მოქცევა გადაწყვიტა, მაგრამ შედარებით ლიბერალური მეთოდებით, ვიდრე ამას წინა ხელისუფლება ჩადიოდა. სამინისტროში შეიქმნა ე.წ. საბჭო, რომელშიც სახელმწიფო სასწავლებლების თვითმმართველობები და სტუდენტური გაერთიანებების ხელმძღვანელები შეიყვანეს, დაჰყავდათ ეს ხალხი ტურნეებზე და მოახდინეს მათზე ზემოქმედება, თუმცა ბევრმა დატოვა ის ფორმალური ვითომ რეფორმებისათვის შექმნილი ფარსი. მაშინ ერთ-ერთმა წევრმა შესთავაზა სამინისტროს თვითმმართველობების კლუბური სისტემით ჩამოყალიბება, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ აწყობდა ბატონ ყიფიანს. ბესომ პროტესტის ნიშნად საბჭო დატოვა. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დღესაც ცდილობს სტუდენტთა აღნიშნული დაპირისპირება საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოიყენოს, სტუდენტები კი ძალაუნებურად აკეთებენ იმ საქმეს, რაზეც ისინი ოცნებობდნენ.
ახლა რაც შეეხება პროტესტის იმ ტალღას, რომელიც დაიწყო აუდიტორიამ. საეჭვოა გარემოება, რის გამოც დაიწყეს, რადგან თუ ისინი გაფრინდაშილს ბრალს სდებდნენ ეს მათ ბევრად ადრეც შეეძლოთ გაეკეთებინათ და თუ ასე ფიქრობდნენ, უფრო ადრე უნდა დაეწყოთ და დაეწყოთ არა მხოლოდ გაფრინდაშვილის წინააღმდეგ, არამედ იმ ლექტორების წინააღმდეგ, თავის დროზე მოძალადე თვითმმართველობის წევრებს რომ ,,კრიშავდნენ" -ბურდული, მაჭარაშვილი და ა.შ.
ლევან ლორთქიფანიძე არის ძალიან კარგი და პერსპექტიული ახალგაზრდა, მაგრამ მას კიდევ ბევრი აქვს სასწავლი და ეს ამ მოვლენებმაც გამოაჩინეს. არ შეიძლება, როცა გთავაზობს გამოცდილი ხალხი სიტუაციიდან გამოსავალი თვითმმართველობის წევრებთან მრგვალ მაგიდასთან დაჯდომააო და პასუხობ: მთელი თვითმმართველობა დედას მაგინებს, რაც მათ ამ დღეებში მაგინეს, ამის შემდეგ მათთან რა მაქვს სალაპარაკოო. ლევან ვაჟას სიტყვებით დავიწყე და ვაჟასვე სიტყვებს გავიხსნებ: ,,ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი". ახლა შენი პრინციპების დრო არაა, ახლა უნივერსიტეტის ბედი წყდება და გინებაც უნდა აიტანო და ძალადობაც, რადგან უნივერსიტეტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი რომელიმეს მისწრაფებები. მე ვნახე ის, რომ ეს დაპირისპირება ბევრმა სტუდენტმა საკეკლუცოდ გამოიყენა, კონკრეტულ ფაქტებს არ მოვიყვან, ესეც ცუდია, ძალიან ცუდი, არც საკეკლუცო ადგილია ყველაზე დიდი ქართველის ილიას საოცნებო უნივერსიტეტი.
2014 წელს, პირველად როცა შევხვდი ვლადიმერ პაპავას ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შევთავაზე აუცილებლად გაეწმინდა უნივერსიტეტი მოძალადე ლექტრებისგან, იმ ლექტორებისგან, თავის დროზე ამბოხებული სტუდენტების წინააღმდეგ აბსურდულ ჩვენებებს რომ აძლევდნენ, დავინახე როგორ სცემდა სტუდენტსო. მაგრამ ლადო იყო სუსტი მენეჯერი, როგორც აღმოჩნდა და ვერ გარისკა, მაშინ ვუთხარი: ბატონო ვლადიმერ, ვერ დაასრულებთ ბოლომდე თქვენს ვადას-მეთქი და ალბათ ეგონა, მე ვუპირებდი რამეს და ამის შემდეგ ჩემთან შეხვედრას გაურბოდა თითქოს. სამწუხაროდ, მე მართალი აღმოვჩნდი. სწორედ იმ შეხვედრაზე შემომთავაზა ვლადიმერ პაპავამ კენჭი მეყარა თვითმმართველობისა თუ საბჭოს არჩევნებში. მაგრამ რის წინაღმდეგაც მე 18 წლის ასაკიდან ვიბრძოდი, ის როგორ გამეკეთებინა? ალბათ უმჯობესი იქნებოდა ირაკლი კუპრაძესა და ლევან ლორთქიფანიძესას დაეტოვათ უნივერსიტეტის თვითმმართველობა როცა ასე ვერ ეგუებოდნენ ამ ინსტიტუტის არსებობას.
ნანი მაჭარაშვილი ცნობილი ,,დივერსანტი" რომაა უნივერსიტეტში, კარგადაა ცნობილი, ამის შესახებ თავის დროზე, როცა ლევან ლორთქიფანიძეს ვუთხარი და მიპასუხა, ჩემი ლექტორია, ახლოს ვარ მასთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვსო. კარგი ბატონო, მესმის, როცა ადამიანთან მეგობრობ, ძნელია მის წინააღმდეგ ხმა აიმაღლო, ჩვენ ხომ ქართველები ვართ, მაგარამ ლევან, ალბათ უმჯობესი იქნებოდა, გეკითხა ნანი მაჭარაშვილიც ხომ არ არის რამეში შემჩნეული და ჰაერიდან მოტანილი მიზეზით ვცხებდი ჩირქს? და თუ ასე იყო, დაგეცვა მეგობარი და მოგეთხოვა საჯაროდ ბოდიში მომეხადა, მაგრამ მე ნანის წინააღმდეგ სერიოზული სამხილი მქონდა, ამიტომ ავდექი და მისი საგანი მივატოვე, არცერთ ლექციას დავსწრებივარ, ისევე როგორც თავის დროზე ერთი მაღალ თანამდებობაზე ნამყოფის, უბრალოდ არ შემიძლია მოძალადე, დამნაშავე ადამიანებისაგან რაიმე ვისწავლო. ნანი კი სრულიას უმიზეზოდ ცდილობდა 19 სტუდენტის დაჩაგვრას 2013 წელს, ისევე როგორც ამას სჩადიოდა წლების მანძილზე, მაგრამ ვერ მივართვი! მიტევება შემიძლია, მაგრამ სწავლა არა! რაც მე იმ წლებში გადამატარეს, მთელ ქვეყანაზე უნდა ვიყო გულაყრილი, მაგრამ წარმოიდგინეთ და იმ ადამიანებს, ციხეში, პატიმრების გამო მოშიმშილეს, შიდსიანი ნემსებით რომ უკეთებდნენ ინექციას მსჯავრდებულებს და ვაპროტესტებდი, კარცერში მყოფს ოცდაათი კაცი რომ წიხლით ,,მდგებოდა", დღეს ვინც დაჭერილი არაა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ვხვდები ხოლმე სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლისას და ჩვეულებრივად ვესაუბრები, ვიხსენებთ ზოგიერთ კურიოზს და ერთად ვიცინით ( ციხეში ბევრი კურიოზი ხდება!) იმიტომ რომ ისინიც სისტემის მსხვერპლნი არიან.
უნივერსიტეტის თვითმმართველობის პოზიციითაც ისარგებლეს, სავარაუდოდ, ისინი შეცდნენ, როცა ლადოს მართული ეგონათ სიტუაცია და ამის გამო მისი გათავისუფლება მოითხოვეს, ისინი შეცდნენ მაშინაც, როცა სტუდენტზე იძალადეს, არ აქვს მნიშვნელობა ვისი მხრიდან იყო პროვოკაცია, ან იყო თუ არა საერთოდ. მთავარია სტუდენტი დაიჩაგრა, ხელი მოხვდა, როგორც იტყვიან ხოლმე, და ეს საშინელებაა, მაგრამ მაინც ჩიხში ვართ, მაინც იმ ჯადოსნულ წრეზე ვბრუნავთ, რა უნდა ვქნათ? ამ ახალგაზრდების კანონის სიმკაცრით დასჯა არ იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, მაგრამ კანონი ხომ უნდა ასრულდეს? კონსტიტუციაში არსად წერია ჰუმანური და მიმტევებელი იყავიო. საერთო ჯამში, განვითარებულმა მოვლენებმა დააზარალა ორივე მხარე, მესამე მხარეც და ყველა საქართველოს მოქალაქე, რადგან დაზარალდნენ ჩვენი პატარა მეგობრები და რაც მთავარია, დაზარალდა დედაუნივერსიტეტი. ხელი კი სულ სხვა მხრიდან მოითბეს მავანთ. აუცილებელია ეს დაპირისპირება ლოკალიზებულ იქნეს, ვინმემ არა ხელისუფლების წარმომადგენელმა, არა მათთან დაახლოებულმა კაცმა და არა ვინმემ ხელისუფლების მტერმა, არც თვითმმართველობის მომხრემ და არც აუდიტორიის მხარდამჭერმა იკისროს და ეს ახალგაზრდები დასვას მრგვალ მაგიდასთან და მოარიგოს, ერთად გადაწყვიტონ როგორ იქნება უმჯობესი მოვლენების განვითარება, თორემ უკვე მოხდენილს რომ ვეღარ გავაქრობთ ცხადია. 2006 წლიდან დღემდე თსუ-ელი ალექსანდრე ახალკაცი"- წერია წერილში.