logo_geo
eng_logo
ფილიპ რიკერი: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროების განლაგება აშშ-ში დიდ შეშფოთებას იწვევს
- +

8 სექტემბერი. 2019. 22:23

 

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე წარმომადგენელთან და უსაფრთხოების ექსპერტებთან ერთად სოფელ ოძისში ჩავიდა.

 

აღნიშნული ტერიტორიიდან რამდენიმე კილომეტრში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზა – ახმაჯის ბაზა მდებარეობს. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდ შეშფოთებას იწვევს.

 

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ერთმანეთთან ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებთ. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროების განლაგება დიდ შეშფოთებას იწვევს, ისევე, როგორც მათ მიერ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ამ პროცესთან დაკავშირებული ქმედებები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები და უკან გაიწვიოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ჩვენ მოვუწოდეთ, შეწყვიტონ საქართველოს ოკუპაცია და დაემორჩილონ 2008 წლის შეთანხმებას“, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.

 

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან, მათ შორის ახალ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან. რიკერმა განმარტა, რომ საქართველოში ჩამოსვლა და ახალ პრემიერთან შეხვედრა მას თავად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ დაავალა.

 

რიკერი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო დელეგაციის ვიზიტი აღნიშნულ ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანია. მან ადგილზე ჩასული დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა.

 

„ევროპის ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენი მიზანია, ოკუპაცია დასრულდეს. მით უმეტეს, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის. აქ მცხოვრებ ხალხს გადაადგილების კუთხით პრობლემები ექმნებათ და საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოსთვის, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები ეს შემაშფოთებელია“, – აღნიშნა ფილიპ რიკერმა.

 

ამერიკელმა დიპლომატმა უკრაინაში მიმდინარე მძიმე პროცესები, როგორიცაა აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაცია და ყირიმის ანექსია საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას დაუკავშირა და განმარტა, რომ ეს არის რუსეთის მცდელობა, გააფართოოს გავლენის სფერო და შეარყიოს ევროპის სტაბილურობა.

 

„რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გავლენის გავრცელების ტაქტიკა დიდი ხნის წინ გამჟღავნებული მოვლენაა. ამავე ტაქტიკის დასტურია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აშენებული სამხედრო ბაზაც, რომელიც რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ამ ადგილიდან. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ აქ რუსეთის დროშა ფრიალებს. 2008 წლიდან დღემდე რუსეთი ოკუპაციის ხარჯზე გავლენის სფეროს გაფართოებას ცდილობს საქართველოში. იმავე პროცესს ვხედავთ უკრაინაშიც და ვხედავთ, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რუსეთი მისი უკანონო ქმედებებით ცდილობს, შეარყიოს ის, რასაც სტაბილური და მშვიდობიანი ევროპა ჰქვია“, – აღნიშნა ფილიპ რიკერმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner