„გადავწყვიტე, გავაგრძელო ბრძოლა, მეტი არაფერი დამრჩენია", - ამის შესახებ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მიერ დაფუძნებულ პარტიაში გაწევრიანების შემდეგ განაცხადა. მეტრეველი მიიჩნევს, რომ ახალდაფუძნებულ პარტიას არჩევნებზე ძალიან დიდი შანსები აქვს.
„რაც დღეს ბატონმა თამაზმა ისაუბრა და შეხედულებები გააცნო საზოგადოებას, მე ყველაფერს ვეთანხმები. ჩემი ამ პარტიაში შესვლის მთავარი განმაპირობებელი ის იყო, რომ არ მოხდა სამართლიანობის აღდგენა. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ „ქართულმა ოცნებამ" ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ არის საკითხები, რაშიც აღარ ვეთანხმები და პირველ რიგში, ეს არის სამართლიანობის აღდგენა. გადავწყვიტე, გავაგრძელო ბრძოლა, მეტი არაფერი დამრჩენია. რამდენი წელი ცხოვრებაც დამრჩა, მინდა, ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს მოვახმარო, რასაც ისედაც ამდენი წელია, უკვე ვაკეთებ", - განაცხადა ია მეტრეველმა.