„საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა - ამას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD-ს წარმომადგენლები აცხადებენ“, - ასე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებას.
„საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა - ამას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD წარმომადგენლები აცხადებენ. მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.
ეს OECD-ს შეფასებებია და ხაზს უსვამს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს, რაც ასახულია რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელში.
აღნიშნული აღიარება მთლიანად აბათილებს ქართული ოპოზიციის და ექსპერტთა ნაწილის მიერ ტირაჟირებულ ნარატივს ეკონომიკის კრახზე და წარუმატებლობაზე.
ამას ადასტურებს ფრეიზერის ინსტიტუტის 2019 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის ინდექსიც, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ერთი საფეხურით გაუმჯობესებული პოზიცია და მეთორმეტე ადგილზე გადასვლა, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს ინდექსი, რომელიც 162 ქვეყანას აფასებს, საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორსაც წარმოადგენს. ამ ინდექსით 5 ძირითადი სფერო და 43 პარამეტრი იზომება.
ნიშანდობლივია, რომ ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოს შედეგები 2018 წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია ყველა ძირითადი პარამეტრის მიხედვით, იქნება ეს მთავრობის ზომა, სამართლებრივი სისტემა/საკუთრების უფლება, მყარი სავალუტო ერთეული, საერთაშორისო ვაჭრობა თუ რეგულაციების ზომა.
„საქსტატის“ მიერ 2007-2018 წლების საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ზრდის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე, საქართველოში უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9-წლიან პერიოდში. 2004-2012 წლებში 9 მლრდ 171 მლნ ინვესტიცია შემოვიდა, 2013-2018 პერიოდში კი - 9 მილიარდ 483 მლნ. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 5 წელიწადში 312.6 მლნ-ით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, ვიდრე წინა ხელისუფლებამ თავისი მმართველობის 9 წლიან პერიოდში.
კიდევ უფრო შორს რომ წავიდეთ და ათვლა 2001 წლიდან დავიწყოთ, ასეთი სურათი იკვეთება: 2001 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოში სულ 9 მილიარდ 508 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით კი საქართველოში 10 მილიარდ 36 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხორული ინვესტიცია შემოვიდა. თითქმის 6 წელიწადში - უფრო მეტი, ვიდრე იქამდე - თითქმის 12 წლის მანძილზე.
ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას ადასტურებს ფრეიზერის ინსტიტუტის 2019 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ბოლო ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში წინა ანგარიშთან შედარებით, ერთი საფეხურით გაუმჯობესებულია ქვეყნის პოზიცია. მეცამეტე ადგილიდან მეთორმეტე ადგილზე გადასვლა, მნიშვნელოვანია, იმ თვალსაზრისით, რომ ეს ინდექსი, რომელიც 162 ქვეყანას აფასებს 5 ძირითადი პარამეტრით, და საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების კუთხითაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს.
ნიშანდობლივია, რომ ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით საქართველოს შედეგები 2018 წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია ყველა ძირითადი პარამეტრის მიხედვით, იქნება ეს მთავრობის ზომა, სამართლებრივი სისტემა/საკუთრების უფლება, მყარი სავალუტო ერთეული, საერთაშორისო ვაჭრობა თუ რეგულაციების ზომა.
OECD-ს შეფასებები და საერთაშორისო ანგარიშები ხაზს უსვამს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს, რაც ასახულია რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელში. აღნიშნული აღიარებები მთლიანად აბათილებს ქართული ოპოზიციის და ექსპერტთა ნაწილის მიერ ტირაჟირებულ ნარატივს ეკონომიკური რეფორმების წარუმატებელ ხასიათზე, ზედმეტ რეგულაციებზე და ნაციონალების მართველობის პერიოდში ქვეყანაში საინვესტიციო „ბუმზე“, - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.