logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიშში გათვალისწინებულია ჩვენი კომიტეტის შენიშვნები
- +

12 სექტემბერი. 2019. 15:34

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში განიხილა და პლენარულ სესიაზე გასატანად რეკომენდაცია მისცა.

 

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცლად და დეტალურად არის მოცემული, შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიშში გათვალისწინებულია 2017 წლის ანგარიშზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის  შენიშვნები და რეკომენდაციები.

 

ირაკლი კოვზანაძის თქმით, გასულ წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტი პარლამენტში შექმნილი  დროებითი კომისიის მიერ ხორციელდებოდა. 2018 წლის ანგარიში საპარლამენტო საქმიანობაში პირველი ანგარიშია, რომელსაც  თან ერთვის  მსოფლიო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულის წევრის,   „დელოიტი და ტუშის“  მიერ  გაცემული  დასკვნა  აუდიტის სამსახურის 2018 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე.

 

„ეს დასკვნა  უპირობოა, რაც მიუთითებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების მიმართულებით  განხორციელებული  საქმიანობის მაღალ სტანდარტზე“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

მან დადებითად შეაფასა ასევე ფაქტი, რომ აუდიტორული საქმიანობის შედეგად, ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 2017 წლის შესაბამის  მაჩვენებელთან შედარებით, 4%-ით გაზრდილია და 85%-ს შეადგენს, ჯამში კი,  11 მლრდ ლარს მოიცავს.

 

„მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი გაზრდილია 43%-მდე და წელს ამ მაჩვენებლის 60%-მდე გაზრდა იგეგმება“, -   აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner