პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ექსპერტს ადამიანის უფლებების საკითხებში მეგი ნიკოლსონს შეხვდა, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიის (2014-2020) განხორციელების თაობაზე დამოუკიდებელი ანგარიშის მომზადების მიზნით იმყოფება.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. საქართველო რეგიონში გახლავთ მოწინავე ქვეყანა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით - როგორც კანონმდებლობის, ასევე პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით. მიუხედავად ამისა, არსებობს რიგი გამოწვევები და შესაბამისად, მნიშვნელოვანია მუდმივი მონიტორინგი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს განვსაზღვროთ, თუ რამდენად სარგებლობენ ადამიანები მათთვის კანონით მინიჭებული უფლებებითა და თავისუფლებებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა.
ეროვნული სტრატეგია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 30 აპრილს მიიღო, ადამიანის უფლებების 23 თემატურ სფეროს ეხება, მათ შორის არის ისეთი მიმართულებები, რომელიც იმ დროისთვის ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა: მართლმსაჯულების სისტემა, პენიტენციური სისტემა, წამებისა და არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრა და პრევენცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, უმცირესობათა უფლებები, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა უფლებები, გენდერული თანასწორობისა და შრომითი უფლებები.
სტრატეგიის ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდეგ, პროგრესის შესაფასებლად, მეგი ნიკოლსონი საქართველოში ევროკავშირისა და გაერო-ს მოწვევით იმყოფება, რომლის ფარგლებში სტრატეგიის განმახორციელებელ და დაინტერესებულ მხარეებს შეხვდება.