logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახეთ-საქართველოს საინვესტიციო ფორუმი გახსნა
- +

6 ივნისი. 2016. 13:39


 

სასტუმრო „რედისონში" ყაზახეთ-საქართველოს ბიზნესფორუმის გახსნას  საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს  მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ფორუმის გახსნის ღონისძიებას ასევე თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები, სს „საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

 

საინვესტიციო ფორუმი „Forbes Georgia"-სა და „Forbes Kazakhstan"-ის ორგანიზებით, ასევე ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიის თანაორგანიზებით ტარდება. ფორუმს მოდერაციას უწევდა „Forbes Georgia"-ს მთავარი რედაქტორი და მმართველი პარტნიორი გიორგი ისაკაძე.


ყაზახეთის 40-კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში არიან  მსხვილი ყაზახური კომპანიების მფლობელები.  ფორუმის ერთ-ერთი მოდერატორია „Forbes Georgia"-ს აქციონერი და „Forbes Kazakhstan"-ის გამომცემელი არმანჟან ბაიტასოვი, რომელიც „ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის" რეიტინგში ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან ყაზახეთის ეროვნული სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე,  „Kusto Group"-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე,  „Altyn Kyran Group"-ის დირექტორი, „Raimbek Group"-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, „RG Brands"-ის თავმჯდომარე და სხვა მსხვილი ყაზახი ბიზნესმენები.

„ყაზახეთი არის, იყო და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ყაზახეთს ჩვენს ქვეყანაში აქვს 300 მილიონ დოლარამდე ინვესტიციები განხორციელებული, მათ შორის არის ბევრი წარმატებული პროექტი. ჩვენ სტუმრებთან ვისაუბრებთ ლოჯისტიკურ პროექტებზე, ტრანსპორტზე, იმ გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოზე, რომელიც დღეს ჩვენთან  არის.  ინვესტორებს შევთავაზებთ იმ პოტენციალს, რომელიც გვაქვს უძრავ ქონებაში, დეველოპმენტში, ტურისტული ბიზნესის განვითარებაში. ასევე დეტალურად გავაცნობთ იმ წამახალისებელ პროგრამებს, რომელიც დღეს სახელმწიფოს გააჩნია. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში იქნება მიღებული კარგი გადაწყვეტილებები, კიდევ ერთხელ მოხდება დამეგობრება ყაზახურ ბიზნესსა და ქართულ ბიზნესს შორის და შესაბამისად ჩვენ მივიღებთ ახალ ინვესტიციებსა და ახალ სამუშაო ადგილებს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკვე აისახება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


ფორუმზე საინვესტიციო პროექტები წარდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, უძრავი ქონების, ლოგისტიკის, რიტეილისა და ეკონომიკის სხვა სფეროებიდან. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფორუმის მთავარი მიზანია საქართველოს პოზიტიური საინვესტიციო იმიჯის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებში ყაზახური ინვესტიციების მოზიდვას


საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების გარდა, ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner