პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, დეცენტრალიზაციის რეფორმა, მუნიციპალიტეტების გაძლიერება და რეგიონების განვითარება, რჩება პრიორიტეტულ საკითხად.
„საქართველოს ხელისუფლების ორივე, გადაწყვეტილების მიმღები შტო - პარლამენტი და მთავრობა აქტიურად გააგრძელებს მუშაობას დეცენტრალიზაციის რეფორმაზე.
მინდა, სრულიად ნათლად და მკაფიოდ ვთქვა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში, საქართველოს ხელისუფლებისთვის დეცენტრალიზაციის რეფორმა, მუნიციპალიტეტების გაძლიერება და რეგიონების განვითარება რჩება პრიორიტეტულ საკითხად.
პრემიერმა სესიაზე თქვა, რომ მოვა დრო, როცა ფინანსური რესურსის სრული დელეგირებაც მოგვიწევს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის სრულფასოვანი დეცენტრალიზაციისთვის, მაგრამ ეს ვერ მოხდება დღეს, რაც ექსპერტებმაც შესანიშნავად იციან. ამას სჭირდება დრო და დიდი სამუშაო და ამისთვის ვმუშაობთ მთელი ხელისუფლება.
პრემიერმა თქვა, რომ უნდა ვიმუშაოთ ამისთვის. ვფიქრობ ეს არ არის საკამათო ფრაზები და ეს არ უნდა იწვევდეს იმგვარ აღქმას, რომ თითქოს ხელისუფლება დეცენტრალიზაციის რეფორმას აჩერებს. რეფორმაზე მუშაობა გრძელდება და მე მადლობას ვეუბნები ყველას, ვინც ხელისუფლებასთან ერთად ჩართულია ამ პროცესში“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.