ჩორჩანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერგნეთში დღეს ტექნიკური შეხვედრა გაიმართება.
როგორც ბოლო შეხვედრის შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა, ჩორჩანასა და წნელისის მიმდებარედ, დე ფაქტო „სამხრეთ ოსეთის“ მიერ განთავსებული საგუშაგო ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი საგუშაგოს თემაზეც იყო და ამ საკითხზე მხარეების პოზიცია კვლავ რადიკალურად განსხვავებულია.
„საგუშაგო დგას და აგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულებრივ რეჟიმში. წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებზე კი გამოხატულია პრინციპული პოზიცია, რომ აღნიშნული ქმედებები უკანონოა, ყველა სამუშაო უნდა იქნას შეჩერებული და შექმნილი იყოს ყველა წინაპირობა იმისა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ თავი იგრძნოს მშვიდად“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ასევე შეგახსენებთ, რომ სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ ქართულმა მხარემ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო ააგო, რასაც საოკუპაციო ძალების მიერ რიგი ქმედებები მოჰყვა და ისინი საქართველოს აღნიშნული ბლოკპოსტის დაშლას სთხოვდნენ.
6 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით კი, „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ წნელისიდან დასავლეთით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეზე „სასაზღვრო პოსტის“ მშენებლობა დაიწყეს