logo_geo
eng_logo
ევროკავშირის ქვეყნებში აღიარებულ „მედიის ეკონომიკის“ კურსს სექტემბრიდან საქართველოს სკოლების მოსწავლეები დაეუფლებიან
- +

13 სექტემბერი. 2019. 14:17

 

 

ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation“-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტად აღიარებულ „მედიის ეკონომიკის“ კურსს სექტემბრიდან საქართველოს სკოლების მოსწავლეები დაეუფლებიან.

 

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში „მედიის ეკონომიკის“ კურსის ავტორი „ზაფირიას მედიაგანათლების ცენტრის“ დირექტორი, ცნობილი იტალიელი ტრენერი ალესანდრა ფალკონი ჩამოიყვანა, რომელიც 13-14 სექტემბერს 50 ქართველ მასწავლებელსა და ტრენერს გადაამზადებს.

 

პროექტი „მედიის ეკონომიკა“ მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარებას ემსახურება და ის ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების სწავლებაზეა ორიენტირებული.

 

„მედია ეკონომიკის“ კურსის სამიზნე აუდიტორიას 10-დან 15 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ, რომელთა სწავლებაც მულტიმედიური პლატფორმებისა და ინტერნეტის გამოყენებით, როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურად, პრაქტიკული და ინტერაქტიული სამუშაოების გზით მოხდება. 

 

„მედიის ეკონომიკის“ პროექტი აღიარებულია, როგორც უნიკალური მიდგომა მედიასაფრთხეების შესახებ ბავშვების ცნობიერების დონის ასამაღლებლად. პროექტი ფოკუსირებულია სოციალურ მედიაზე, რომელიც მოზარდებს ყურადღებას ამახვილებინებს პირადი ინფორმაციის დაცვის ასპექტებზე, კიბერბულინგსა და ინტერნეტში არსებულ სხვა საფრთხეებზე.

 

აღნიშნული პროექტი მოზარდებს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ფინანსდება სოციალური მედია, ამ პროცესში რა როლი აქვს და როგორ შეაქვს თითოეულ მომხმარებელს საკუთარი წვლილი, თუნდაც ერთი მოწონებითა (Like) და აქტივობით.

 

„მედიის ეკონომიკის“ პროექტი ბავშვებს წარმოდგენას უქმის სოციალური მედიის ფუნდამენტურ ეკონომიკურ პრინციპებზე. ამასთან, პროექტის მიზანია მოზარდები სწორად ინფორმირებულნი იყვნენ საკუთარი ონლაინ პიროვნების შესახებ.  

 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები იმსჯელებენ, გაანალიზებენ და შეისწავლიან,  თუ როგორ აგენერირებს შემოსავლებს ისეთი უფასო ვებ-საიტები, როგორიც არის: Facebook, Youtube, Wikipedia... როგორ იზრდება კომპანიების შემოსავალი მომხმარებლისთვის უფასო მომსახურებების გაწევის პროცესში, როგორ ხდება  ვებ-საიტებისთვის მომუშავე პერსონალის სამუშაოს ანაზღაურება, რა არის ციფრული იდენტობა/ვინაობა და ა.შ.

 

პირველ ეტაპზე „მედიის ეკონომიკის“ კურსს 10-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები გაივლიან.

 

კომუნიკაციების კომისია საქართველოს განათლების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, 2019 წელს ამ პროექტის გარდა, კიდევ 4 მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. 

 

 

.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner