„პეტრიაშვილმა არ იცის, ვინ დაესხა თავს, ეს ადამიანები იყვნენ ნიღბებით", - კომენტარს „თავისუფალი დემოკრატების" წევრი ნინო გოგუაძე აკეთებს, რომელმაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ალექსი პეტრიაშვილი მოუნახულა.
„ერთს ნიღაბი ეკეთა, მეორეს ჰქონდა სახეზე აფარებული. ალექსის აღწერა შეუძლია მათი, თუმცა მათი ვინაობა მისთვის უცნობია.
ვიყავით, ვინახულეთ. ამას თუ ჰქვია კარგად ყოფნა, კარგად არის. რაც მთავარია, მხნედ არის და ყველაფერი კარგად იქნება.
ფაქტია, რომ ალექსის თავს დაესხა ორი სრულიად უცნობი და საკმაოდ გაწვრთნილი ადამიანი ამ საქმეში. ფაქტია, რომ ეს იყო შეკვეთილი დანაშაული. ვის მიერ იყო შეკვეთილი, ეს გამოძიების საქმეა და ჩვენ ვთხოვთ გამოძიებას, სწრაფად გახსნან საქმე. შინაგან საქმეთა მინისტრი თვითონ იმყოფებოდა გუშინ ალექსის სანახავად და გამოთქვა მზადყოფნა, რომ ცხელ კვალზე გაიხსნას ეს საქმე", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.