logo_geo
eng_logo
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
- +

13 სექტემბერი. 2019. 19:01

 

 

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის პირველ  სხდომაზე,  პარლამეტის წევრმა სიმონ ნოზაძემ კომისიის წევრებს გააცნო პარლამენტის დადგენილების საფუძველზე წარდგენილი კანდიდატების სია, რომელიც 14 წევრისგან შედგება.

 

კომისიის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კენჭისყრის შედეგად კომისიის თავმჯდომარედ  ირაკლი ბერაია  აირჩიეს. მან კოლეგებს მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ბერაიამ მასზე და კომისიაზე დაკისრებულ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

 

„საპარლამენტო უმრავლესობის სულისკვეთებაა, არსებობდეს პლატფორმა, კონსტრუქციულ რეჟიმში მსჯელობის და დისკუსიისთვის ყველა იმ საკითხზე რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და თითოეული მოქალაქის ინტერესს, განსაკუთრებით იმ ადამიანების ვინც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს და ყოველდღიურად განიცდის ამ უდიდესი პრობლემის სიმძიმეს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

კომისიის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა კომისიის სამომავლო  საქმიანობაზე.

 

„რაც შეეხება კომისიის საქმიანობას, ჩვენ გვექნება ინტენსიური მუშაობა, გვექნება მოსმენები კომისიის ფარგლებში აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან, ვინც საქმიანობს ჩვენი განცხადებული სამშვიდობო პოლიტიკით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა, ისევე როგორც შერიგების  პროცესი და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, ძალიან ბევრი უწყება მუშაობს ამ საკითხებზე და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მათ შორის დახურული ფორმატით, ერთობლივ სხდომებზე მოვისმინოთ მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და შევაფასოთ მათი საქმიანობა, ვიცოდეთ, სად არის დაბრკოლება და სად შეიძლება გადაიდგას უფრო მოქნილი ნაბიჯები ამ პრობლემის მოსაგვარებლად საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.  ასევე გვექნება გასვლითი სხდომებიც, ხშირი ვიზიტები საოკუპაციო ხაზთან, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას საკუთარი თვალით ვნახოთ ადგილზე ვითარება, ჩვენ ვართ სხვადასხვა დელეგაციის წევრები, ვღებულობთ სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეის მუშობაში მონაწილეობას, სადაც ჩვენი კოლეგა დეპუტატები აკეთებენ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს, ისევე როგორც ოკუპაციის დამგმობ განცხადებებს,  ჩვენი პარტნიორი ქვეყნების  კოლეგა დეპუტატებს მივაწოდოთ ინფორმაცია რომ საქართველოს საკითხი იდგეს აქტუალურ საკითხად საერთაშორისო დღის წესრიგში. ამ მიმართულებით ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიურები და ჩვენი საქმიანობა იქნება გამჭირვალე და საზოგადოებას ეცოდინება ამის შესახებ“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი  ბერაიამ.

 

„მინდა აღვნიშნო, რომ არ არის სასურველი, რომ სხდომაში არ მონაწილეობენ ჩვენი კოლეგები, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ პოლიტიკურად გვაქვს დაძაბული ურთიერთობა ეს არ არის ის საკითხი, ის კომისია, რომელზეც შეიძლება ბოიკოტი გამოაცხადო, თუმცა მივესალმები ბატონი გედევან ფოფხაძის მონაწილეობას ამ კომისიაში, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური და პიროვნული დამოკიდებულებისა, ამ საკითხზე უნდა იყოს კონსენსუსი მიღწეული, ჩვენ ამ კომისიაზე შეგვიძლია ვიდავოთ მხოლოდ საქმეზე“, - განაცხადა კომისიის წევრმა, უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ.

 

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარემ კომისიის მდივნად,  არა უმრავლესობის წევრი პარლამენტის წევრი კობა ნარჩემაშვილი წარადგინა. მის კანდიდატურას  კომისიამ მხარი დაუჭირა.

 

„მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის. დაკარგულ ტერიტორიებზე, დეოკუპაციის საკითხზე და რაღაც თვალსაზრისით ჩიხში შესულ პროცესზე უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი თემა, არა მგონია, არსებობდეს. მე ვეთანხმები, რომ არის რაღაც საკითხები სახელმწიფოებრივი თვალსაზრით, რომელიც ეხება ჩვენს მომავალს, ქვეყნის მომავალს და ასეთ საკითხებზე პოზიციას თუ ოპოზიციას უნდა ჰქონდეს დისკუსიების და საუბრის ერთი აზრი, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა  კომისიის მდივანმა კობა ნარჩემაშვილმა.

 

კომისიის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით ეს არის საკითხი, რომელმაც მთლიანად პოლიტიკური სპექტრი უნდა გააერთიანოს, ეს არის თითოეული პოლიტიკური ძალის ვალდებულება და არ შეიძლება ამ კომისიას რაიმე პარტიული ინტერესი ჰქონდეს.

 

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის დებულების პროექტი კომისიამ პირველივე დაამტკიცა.

 

 

 

.

right_banner right_banner
არქივი
right_banner