„საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვა გაურკვეველი ვადით კრიტიკულ ჰუმანიტარულ პირობებს ქმნის ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის და აბრკოლებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ვითარების დეესკალაციისაკენ მიმართულ ძალისხმევას საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის საკითხის კომენტირებისას.
„უკიდურესი შეშფოთების საგანია ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა, რაც სრულ იზოლაციაში აქცევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ქმნის ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისის გამოწვევის საფრთხეს.
საოკუპაციო რეჟიმის ეს უკანონო გადაწყვეტილება უხეშად ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და წვდომას საკუთარ კარ-მიდამოზე. საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვა გაურკვეველი ვადით კრიტიკულ ჰუმანიტარულ პირობებს ქმნის ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის და აბრკოლებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ვითარების დეესკალაციისაკენ მიმართულ ძალისხმევას საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
აღნიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილს, სხვადასხვა აგრესიული ქმედებებითა და პროვოკაციებით მოახდინოს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაცია.
მსგავს დესტრუქციულ ამოცანებს ემსახურება აგრეთვე საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მდებარე მაღლობის დაკავება, იქ ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ნიშნის განთავსება და ე.წ. საგუშაგოს განლაგებისთვის სამუშაოების დაწყება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას და მის საოკუპაციო რეჟიმს ცხინვალში, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პროვოკაციული მოქმედებები და უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად.
საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს, ქართულმა მხარემ საკითხი ასევე დასვა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, ეუთო-ს მუდმივ საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა ქმედითი ჩართულობის თხოვნით. საკითხი კიდევ ერთხელ განხილული იქნება მომავალ ორშაბათს თანათავმჯდომარეებთან საგარეო უწყებაში დაგეგმილ შეხვედრაზე. ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან და ვიყენებთ ყველა ხელთ არსებულ ბერკეტს, რათა შესაძლებელი გახდეს უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა“, - აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი.
.