ავტორი ანა ნონიკაშვილი
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა, უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა. ლორთქიფანიძის განცხადებით, მარნეულის ცენტრში 6-სართულიან რაიონთაშორის საავადმყოფოში 200-ზე მეტი პირველი ჯგუფის ინვალიდი, რომლებიც დიალიზის ცენტრში მკურნალობას გადიან, მძიმე პირობებში იმყოფებიან. ლორთქიფანიძის განცხადებით, 2012 წლის მაისში აღნიშნული საავადმყოფო პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით იქნა პრივატიზებული. პრივატიზაციის პროცესში უნდა შექმნილიყო სათანადო პირობები იმისთვის, რომ ინვესტორი ჩათვლილიყო კეთილსინდისიერად. ლორთქიფანიძის განცხადებით, ინვესტორმა არცერთი პირობა არ შეასრულა, გაასხვისა თავისი წილის 60% ისრაელის მოქალაქეზე. ამ საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურმა და სამხარეო სასამართლოს ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარეს კვლევა, დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ არცერთი პოზიტიური პირობა ინვესტორის მხრიდან შესრულებული არ ყოფილა. მარნეულის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ამ საკითხის რეგულაცია ევალება, 2016 წლის 6 ივნისს იწყებს საქმის განხილვას.
„საშუალება გვაქვს, ვნახოთ რა პირობებში არიან 200-ზე მეტი პირველი ჯგუფის ინვალიდი მარნეულის რაიონიდან. ისინი გადიან დიალიზის ცენტრში გადაუდებელ მკურნალობას, თირკმლის უკმარისობის დიაგნოზით მკურნალობენ ადამიანები და გადაუდებელ მანიპულაციას ანხორციელებენ, რომ სასიცოცხლო ფუნქციები შეინარჩუნონ. მარნეულის ცენტრში განლაგებული 6-სართულიანი რაიონთაშორისო საავადმყოფო 2012 წლის 3 მაისს იქნა პრივატიზირებული, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 3 მარტის განკარგულების საფუძველზე. ყველა ის პირობა, რომელიც პოზიტიურ პირობად განიხილებოდა, პრივატიზაციის პროცესში უნდა შესრულებულიყო დროის კონკრეტულ მონაკვეთში, იმისთვის, რომ ინვესტორი ჩათვლილიყო კეთილსინდისიერ შემძენად. ინვესტორმა არამთუ არ შეასრულა ის პირობები, რომელიც მასზე იყო დაკისრებული, არამედ გაასხვისა თავისი წილის 60 % ისრაელის მოქალაქეზე, რომელიც იღებს დივიდენდს მოგების სახით იმ კლინიკიდან. ყველაფერი ეს ხორციელდება კანონის გვერდის ავლით და სრული იგნორირებით იმ მოთხოვნების, რომელიც ინვესტორის წინაშე იქნა წარმოდგენილი. პრივატიზაციის ხელშეკრულება გაფორმდა მუნიციპალიტეტთან, რომელიც თავს იკავებს ჩარევებისგან. აუდიტის სამსახურმა და სამხარეო სასამართლოს ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარეს კვლევა, რომლის დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ არცერთი პოზიტიური პირობა ინვესტორის მხრიდან შესრულებული არ ყოფილა. ახლა არის ჯერი მუნიციპალიტეტზე, რომლიც ამ თემის განხილვას 2016 წლის 6 ივნისს იწყებს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=kIAwz_W9tzE&feature=youtu.be