შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში, მიმდინარე წლის 12 სექტემბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან მოპარული იყო „Mitsubishi Pajero“-ს მარკის ავტომობილი.
სამართალდამცველები ოპერატიულად გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.
გამოძიების მსვლელობისას, დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა, საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფ.ს.-მ სადაზღვევო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა, ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოპარეს.
ავტომობილის გადამალვის ფაქტს, ავტოფარეხის მეპატრონე, ფ.ს.-ს მეგობარი ა.ა.-ც ადასტურებს.
ავტომობილის ქურდობაზე გაკეთებული შეტყობინების შემდეგ ფ.ს.-მ საქართველოს საზღვარი მალევე დატოვა.