logo_geo
eng_logo
ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი – ელიავას სკვერის პროექტი
- +

15 სექტემბერი. 2019. 00:25

 

ბრიტანული საერთაშორისო ონლაინ გამოცემა www.e-architect.co.uk ელიავას სკვერის პროექტზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა საკმაოდ ვრცლად აღწერს პროექტის დეტალებს და მის მნიშვნელობას.

 

აღნიშნული ონლაინ გამოცემა 2019 წლის 1 მარტს დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო მედია პლატფორმად დიზაინის და არქიტექტურის სფეროში. პირველად სწორედ ამ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მსოფლიოში ცნობილი და განხორციელებული არაერთი პროექტი, მათ შორის მაგალითად პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის-ნოტრდამის აღდგენის პროექტები.

 

როგორც სტატიაშია ვკითხულობთ, განახლებული ელიავას სკვერი გულისხმობს ახალი, საინტერესო და შემეცნებითი არეალის მოწყობას საქართველოს დედაქალაქში. უფრო დეტალურად აღმიშნულ პროექტზე „აიპრესს“ სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის პიარმენეჯერი თეა ჩუბინიძე ესაუბრა.

 

- ბრიტანულ საერთაშორისო ონლაინ გამოცემა www. e-architect.co.uk -მა საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა ელიავას სკვერის პროექტს. გამოცემა ამბობს, რომ ეს არის საკმაოდ ინოვაციურო პროექტი, რომელიც ნებისმიერ ქვეყანას გაალამაზებდა. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, ვინ არის პროექტის ავტორი და რა ეტაპზეა ამჯერად ეს საკითხი?

 

- პროექტის ავტორია კომპანია Artytech-ი, კონკრეტულად მათი მთავარი არქიტექტორი დადუნა შათაშვილი, რომელმაც ზუსტად გაიგო ჩვენი დაკვეთა და შექმნა სრულიად ახლებური, შემეცნებით- გასართობი კომპონენტით გამორჩეული სკვერის კონცეფცია. ეს არ იქნება მხოლოდ მწვანე სივრცე იშვიათი ჯიშის მცენარეებით. განახლებული ელიავას სკვერი გულისხმობს ახალი, საინტერესო და შემეცნებითი არეალის მოწყობას 12 000 კვ.მეტრზე, რაც ამ ტერიტორიას სრულიად ახალ სუნთქვას შესძენს და აქცევს მიზიდულობის ცენტრად როგორც თბილისელებისათვის, ისე ტურისტებისათვის. ძალიან ბევრი საინტერესო და ქალაქისათვის სასარგებლო იდეა თუ არქიტექტურული გადაწყვეტა მუშავდება ჩვენს მიერ. ისეთი, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული ამ ლოკაციაზე ეკოლოგიურ და გარემოს დაცვით პრობლემატიკაზე; ამასთან, შექმნის მომხმარებელზე ორიენტირებულ, მეგობრულ სივრცეებს და თავსებადი იქნება ბიზნეს გარემოსთან.

 

 

სკვერის პროექტი ქალაქ თბილისის მერიაში აგვისტოს დასაწყისში წარვადგინეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისათვის მეტად პრიორიტეტულია სკვერების და მწვანე სივრცეების მოწყობა ქალაქში, ვფიქრობთ, მოგვეცემა ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობა. იმედი გვაქვს, რომ სკვერის კეთილმოწყობა იქნება პირველი ნაბიჯი, რომელსაც მოყვება მთლიანად ელიავას ბაზრობის ტერიტორიის განვითარება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

 

- გაეცნო თუ არა ამ პროექტს თბილისის მთავრობა და როგორია მათი აზრი?

 

- კანონის შესაბამისად, ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი წარდგენილი გვაქვს. სკვერის მოწყობა საჭიროებს პირველი კლასის ნებართვას. არქიტექტურის სამსახურმა პასუხის ვადად განგვისაზღვრა სექტემბრის შუა რიცხვები. ამჟამად მოლოდინის რეჟიმში ვართ.

 

 

- რა დეტალებია პროექტში ჩადებული ისეთი, რაც მას გამოარჩევს სხვა სკვერებისგან და უნიკალურობას სძენს?

 

- განახლებული ელიავას სკვერის კონცეფცია ეფუძნება რეალური და ვირტუალური სივრცეების საინტერესო სინთეზს. სკვერში გაცოცხლდება სხვადასხვა თემატიკა საქართველოს ისტორიიდან. იქნება მცირე არქიტექტურული ფორმები, რომლებიც ხაზს გაუსვამს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ როლს კავკასიის რეგიონში; უძველეს ცივილიზაციებთან, ახლო აღმოსავლეთთან, ევროპის ქვეყნებთან ჩვენი მდიდარი ურთიერთობების სიმბოლოებს გავაცოცხლებთ მსუბუქი კონსტრუქციებისა და ლაზერ შოუების მეშვეობით.

 

 

მაგალითისათვის, სკვერში მოეწყობა ვირტუალური ხიდი-აბრეშუმის გზის ფრაგმენტი. ხიდზე განთავსდება იმ ქვეყნების სიმბოლოები, რომლებზეც გადიოდა აბრეშუმის გზა. თითოეული სიმბოლო დამზადებული იქნება რკინის ბადისგან. ღამით ეს განათებული მოდელები აღიქმება, როგორც აბრეშუმის გზის ქვეყნების სიმბოლოები და ერთგვარი რუკა აბრეშუმის გზის- თურქეთის აია-სოფია, საბერძნეთის პათენონი, არგონავტები და ჯვრის მონასტერი- როგორც საქართველოს სიმბოლო.

 

განახლებული სკვერი საინტერესო სივრცეს შექმნის მცენარეული საფარის კუთხითაც- იქნება იაპონური ბაღი, წიწვოვანი ზონა და კუთხე დეკორატიული ხეებისთვის. გვინდა, მაქსიმალურად ყველა დეტალი იყოს  გარკვეული შინაარსით დატვირთული. მაგალითად,  სკვერი განათებული იქნება ქართული ანბანით, რაც მეტ მიმზიდველობას შესძენს მას.

 

აქ იქნება ღია კაფეები, მოეწყობა კუთხეები ხელნაკეთი, ტრადიციული ქართული ნაწარმისათვის,  სუვენირებისათვის  და რაღა თქმა უნდა, სივრცეები ბავშვებისათვის.

 

- საკმაოდ ამბიციური პროექტია, რომლის განხორციელებაც საკმაო დროს მოითხოვს. დამტკიცების შემთხვევაში, რამდენ ხანში შეძლებენ მოქალაქეები ამ ყველაფრის ხილვას?

 

- სკვერის დენდროლოგიური გაფორმების საკითხებზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს მსოფლიოში ცნობილი ესპანური კომპანიის ქართულ წარმომადგენლობასთან; ასევე ახალგაზრდა ხელოვანთა ძალიან საინტერესო გუნდი მუშაობს კინეტიკურ ენერგიაზე მოძრავი მცირე არქიტექტურული ფორმების შექმნაზე. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სკვერის სრულ რეკონსტრუქციას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.

 

 

- რომ გავცდეთ სკვერის თემას, რა ეტაპზეა ზოგადად ელიავას ბაზრობის განვითარების საკითხი?

 

- ზოგადად ელიავას ბაზრობის გარშემო ძალზედ საინტერესო ვითარებაა შექმნილი. მთელი ქალაქი თანხმდება, რომ ეს ტერიტორია მოწესრიგებას საჭიროებს. ამ პოზიციაზეა ტერიტორიის მესაკუთრეთა დიდი ნაწილი, კონკრეტულად ჩვენი ადმინისტრაციაც, რომელიც ელიავას ბაზრობის ნახევარს- 7,5 ჰა ფლობს. ამის დასტურია არაერთი საინტერესო და ინოვაციური პროექტი, რომელიც მომზადებული და წარდგენილო გვაქვს ქალაქის მერიაში. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობაც. სამუშაო გარემოს გაუმჯობესება შედის აქ დასაქმებული ადამიანების ინტერესებშიც. ერთი შეხედვით, გაუგებარია, რატომ ვერ ხერხდება კონკრეტულ პროექტზე შეჯერება; მით უმეტეს, როდესაც ტერიტორიის მესაკუთრეები მზად არიან საკმაოდ სოლიდური კერძო ინვესტიციისათვის და ასევე სრულ მზაობას აცხადებენ მერიასთან მჭირდო თანამშრომლობით და კომპეტენტური ჟიურის ჩართულობით გამოვლინდეს საუკეთესო პროექტი, რომელშიც დედაქალაქის წინაშე არსებული ყველა გამოწვევა იქნება გათვალისწინებული, იქნება ეს გამწვანება თუ სამუშაო ადგილების შენარჩუნება აქ დასაქმებული ათასობით ადამიანისათვის. იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში გადავლახავთ ყველა ბიუროკრატიულ დაბრკოლებას და მოგვეცემა ქალაქის ინტერესებთან თავსებადი განაშენიანების შესაძლებლობა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner