საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტრასბურგში სამუშაო ვიზიტი დაიწყო.
ევროკავშირის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ოფიციოზთან შეხვედრებზე განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისა და ვარშავის სამიტისთვის მზადების საკითხები.
როგორც ვიზიტის დაწყების წინ, პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლებთან მუშაობას.
„საქართველოს შესრულებული აქვს ყველა ის მოთხოვნა, რაც გათვალისწინებული იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით. განიხილება აღნიშნული საკითხი და ძალიან ახლოს ვართ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან.
გასათვალისწინებელია, რა თქმა უნდა, ის ფონი და გარემო, რომელიც არსებობს ევროკავშირში - საკუთარი შიდაპრობლემებით, მათ შორის, იგივე დევნილებთან და ლტოლვილებთან დაკავშირებით.
უაღრესად მნიშვნელოვანია ასევე, ჩვენი თნამშრომლობის სხვა პერსპექტივები. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების განხილვას და საქართველოში და ჩვენს რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს.
ასევე განხილული იქნება საარჩევნო თემატიკა, არჩევნებისთვის მზადება და ის ნაბიჯები, რამაც საქართველოს ხელი უნდა შეუწყოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციისათვის", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.
დღეს, სტრასბურგში, ქვეყნის პირველი პირი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებს შეხვდება.
გიორგი მარგველაშვილი ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე სიტყვით გამოვა და ევროპარლამენტარების შეკითხვებსაც უპასუხებს.
ხვალ, სტრასბურგში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკთან და სოციალ-დემოკრატების ალიანსის ლიდერებთან.