საქართველოს მთავრობამ არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულება მოიწონა. „არჩევნების დანიშვნის შესახებ" პრეზიდენტის განკარგულების მოწონების საკითხი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა.
კანონმდებლობის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტის მიერ მოწონებულ განკარგულებას ახლა ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უნდა მოაწეროს, კონტრასიგნაციის შემდეგ განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში უნდა გამოქვეყნდეს, სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე კი წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება.
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან კი ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. როგორც კი არჩევნების დანიშვნის თაობაზე ბრძანებას მოეწერება ხელი, ამოქმედდება აკრძალვები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.
ამასთან, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა, დაიწყება ის ძირითადი ღონისძიებები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებს და კანდიდატებს უკავშირდება.
ცნობილია, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ქვეყანა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში არჩევნებამდე 4 თვით ადრე - 8 ივნისიდან გადავიდეს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე ახალი განკარგულება 3 ივნისს გამოსცა და კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა.