logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: „საქსტატის“ ახალი მონაცემები პოზიტიურია, რაც დადებით მოლოდინებს და ინვესტიციების ზრდას გამოიწვევს
- +

6 ივნისი. 2016. 16:28


პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემები შეაჯამა.


პრემიერის განცხადებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემები პოზიტიურია, რაც დადებით მოლოდინებს და შესაბამისად, ინვესტიციების ზრდას გამოიწვევს.



დღეს დილით გამოქვეყნდა სტატისტიკის სამსახურის ახალი მონაცემები ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ. 2016 წლის პირველ კვარტლის მონაცემებით, 5.9%-ით არის გაზრდილი კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, რამაც აბსოლუტურ მაჩვენებელში 577 000 ადამიანი შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ პირველ სამ თვეში ბიზნესსექტორმა დამატებით 32 257 ადამიანი დაასაქმა, რაც ძალიან სასიხარულო მონაცემებია. სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ ზრდაში დაფიქსირებულია სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც ნამდვილად არის ჩვენი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით. რა თქმა უნდა, ეს გაუმჯობესებული ბიზნესკლიმატის შედეგადაც უნდა აღვიქვათ. 2016 წლის 1-ელი კვარტლის მონაცემებით, სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა. 1-ელი კვარტლის მონაცემებით, გამოშვებული პროდუქციის მაჩვენებელი სამშენებლო სექტორში არის გაზრდილი 44%-ით, რაც განპირობებულია დიდი მოცულობების სამუშაოების შესრულებით როგორც სახელმწიფო სექტორში - ავტომაგისტრალები, შიდა გზები, ჰიდროელექტროსადგურები, ასევე, კერძო სექტორში - მრავალფუნქციური დანიშნულების საცხოვრებლების, ოფისების, სასტუმროების, მაგისტრალური კავშირგაბმულობის ხაზების და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეკონსტრუქციით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქდან, რომ დასაქმების კუთხით, მოგეხსენებათ, ამ სექტორში ზრდის თითოეულ პროცენტს საკმაოდ მაღალი ეფექტი აქვს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



პრემიერის თქმით, ასევე, დადებითი ტენდენციები შეინიშნება მთლიანად ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მოცულობის ზრდის მიმართულებით. კერძოდ, 2016 წლის 1-ელ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15%-ით არის გაზრდილი ბიზნესსექტორში გამოშვება და 6.5 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო15.4%-ით არის გაზრდილი ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა.



ეკონომიკურ ზრდას რაც შეეხება, 2016 წლის აპრილში ეკონომიკური ზრდა იყო 4.3%. კვარტლის მონაცემებით - 2.8%, ბოლო თვეებში უკვე აღინიშნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ძალიან მნიშვნელოვანი აქსელერაცია, რაც ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებას და მოლოდინების სტაბილიზაციას უკავშირდება. შედეგად, რა თქმა უნდა, იზრდება ინვესტიციები და ერთობლივი მოთხოვნა. დარგებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ზრდაში შეიტანა მშენებლობის სექტორმა, აქტივობა მაღალი იყო როგორც სახელმწიფო სუვერენული დაფინანსების მქონე პროექტების კუთხით, ისე კერძოს სექტორის აქტივობის მხრივ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ დადებით მონაცემებში არის ის, რომ ეკონომიკური აგენტების გაუმჯობესებული განწყობა აღინიშნება ლარის კურსის დასტაბილურებასთან და გამყარებასთან მიმართებაში. ბანკების მხრიდან უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები არის შემცირებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სპეკულატიური, აჟიოტაჟური მოთხოვნის წილი უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვაში გამოირიცხა. ხუთ თვეში საგადასახადო შემოსავლებმა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.3%-ით გადააჭარბა, ასევე, პოზიტიურია ხარჯვის წილი 2016 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოგეხსენებათ, პრობლემატური გახლდათ და ფისკალური სტიმულირება წლის დასაწყისში ყოველთვის გვჭირდებოდა ხოლმე. ძალიან კარგია, რომ წელს, პირველ 5 თვეში ამ კუთხით ჩავარდნები ნაკლებია და დადებითი მაჩვენებელია, რომ წლიური გეგმის 37.8% დახარჯულია იანვარ-მაისში", - განაცხადა პრემიერმა.



მან იმედი გამოთქვა, რომ ეს ყოველივე საინვესტიციო გარემოზე პოზიტიურად აისახება.



მე ვფიქრობ, რომ როგორც შიდა, ისე გარე ინვესტორები დადებითად აღიქვამენ ამ არაერთ პოზიტიურ მონაცემს; მათი მოლოდინები კიდევ უფრო პოზიტიური იქნება და მოიმატებს ინვესტიციები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მითუმეტეს. რომ ჩვენ განვახორციელეთ და პარლამენტმა მიიღო უკვე საგადასახადო ლიბერალიზაციის პაკეტი, რომელიც მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ეკონომიკურ გარემოს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner